ბოლო კორეელი პრინცესას ისტორია სულაც არ ჰგავს ზღაპარს. პოლიტიკური თამაშები, ღალატი და მარტოობა თან ახლდა ტოკ ჰიეს მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ვერაფერმა გაანელა მისი სულისკვეთება და სამშობლოს სიყვარული.
კორეის პრინცესას, ტოკ ჰიეს, ცხოვრება თავიდანვე რთული იყო. იმპერატორ გოჯონგის უკანონო ქალიშვილს ძალიან ადრე შეექმნა პრობლემები, რამაც მის ცხოვრებაში ტრაგიკული კვალი დატოვა.
ბავშვობა
1912 წლის მაისში იმპერატორ გოჯონგისა და მისი ხარჭის, იან გუიინის ოჯახში ქალიშვილი დაიბადა. გოგონას დაარქვეს ტოკ ჰე, ხოლო დედამ მიიღო ბოკნიენის ოფიციალური წოდება. ტოკ ჰიეს დედის ტიტულის მინიჭების ფაქტმა არანაირად არ იმოქმედა კორეელი ხალხის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა პრინცესას მიმართ. ჩანდა, რომ მისი არსებობა უბრალოდ იგნორირებული იყო - ხუთი წლის განმავლობაში გოგონას სახელი არ იყო დაფიქსირებული ოჯახის სიაში.
ბოკნიენ-ტანი ან ონჟუ, როგორც სხვაგვარად ეძახდნენ იმპერატორის ქალიშვილს, ბავშვობიდან მარტო აღმოჩნდა სამყაროს წინაშე. პატივისცემის ნაცვლად, პრინცესამ მიიღო თანატოლებისგან დაცინვა და უფროსებისგან დამუნათება, რაც მის წარმოშობას უკავშირდებოდა - კორეელ ხალხს ძალიან უყვარდა გარდაცვლილი დედოფალი მინგი და მზად არ იყო, მიეღო სხვა ქალის მიერ გაჩენილი პრინცესა.
მხოლოდ 1917 წელს იმპერატორმა გოჯონგმა მიაღწია საწადელს, როცა მისი ქალიშვილი პრინცესად ოფიციალურად აღიარეს და, ასევე, შეძლო, დაერწმუნებინა იმპერიის გენერალური გუბერნატორი, შეეტანა უმცროსი ქალიშვილის სახელი ოფიციალურ რეესტრში, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრინცესა მისი კანონიერი შვილი იყო, თუმცა ოფიციალური ტიტული და აღიარება არ ნიშნავდა იმას, რომ პრინცესა საბოლოოდ შეუყვარდებოდათ.
პრინცესა ყველასგან მოშორებით იზრდებოდა. მას არავისთან ჰქონდა შეხება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ჩანგდეოკგუნგის სასახლეში მისი თანატოლები არ იყვნენ. შემდეგ პრინცესას მოსიყვარულე მამამ გადაწყვიტა შეემსუბუქებინა თავისი ქალიშვილის მარტოობა და დააარსა საბავშვო ბაღი სასახლეში მისი ასაკის გოგონებისთვის, რომლებთანაც პრინცესას შეეძლო ურთიერთობა და დროის გატარება. იმპერატორის იდეა წარმატებული გამოდგა და ტოკ ჰემ დაიწყო მეგობრების შეძენა, რამაც სასიკეთო გავლენა მოახდინა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, თუმცა იმპერიის მემკვიდრის ცხოვრებაში ბედნიერი და მშვიდი დრო დიდხანს არ გაგრძელებულა.
შვიდი წლის ასაკში დასრულდა პრინცესას ბავშვობა - კორეასა და იაპონიას შორის ურთიერთობა კვლავ გაუარესდა და იმპერატორმა, იაპონიის ჩარევის შიშით, გადაწყვიტა დაეცვა თავისი პატარა ქალიშვილი. მამამ იპოვა საქმრო ტოკ ჰიესთვის. ეს ქორწინება იაპონიისგან ზეწოლას აარიდებდა მას, თუმცა იმპერატორ გოჯონგის გეგმამ არ გაამართლა - ნიშნობა, რომელიც ორგანიზებული იყო ტოკ ჰეის მამის მიერ, მოულოდნელად ჩაიშალა იაპონელი ჩინოვნიკების ძალისხმევის წყალობით. მოგვიანებით იმპერატორი გოჯონგი მძიმედ დაავადდა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, გადაერჩინათ ტოკ ჰეის მამის სიცოცხლე, 1919 წლის 21 იანვარს ის გარდაიცვალა თავისი სასახლის კედლებში. გავრცელდა ჭორები, რომ იმპერატორი მოწამლეს შეთქმულებმა, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურებულა. ეს მოვლენა გახდა პირადი დრამა არა მხოლოდ პრინცესასთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის - კორეაში დაიწყო ქაოსი, სამოქალაქო დაპირისპირება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
ხუთი წლის შემდეგ ტოკ ჰეს ძვირფასი დედაც გარდაეცვალა. ტრაგიკულმა მოვლენებმა ღრმა კვალი დატოვა ტოკ ჰეის სულში და გავლენა მოახდინა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. უკვე 1930 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ პრინცესა სომნამბულიზმით იტანჯებოდა - ის შუაღამისას დგებოდა და სასახლის ირგვლივ დადიოდა, იქ მდგარ ნივთებს ეჯახებოდა, უჭირდა გამორკვევა... ექიმებმა, რომლებმაც გოგონა გამოიკვლიეს, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს მას - ადრეული დემენცია (შიზოფრენია). დაავადება გამოიხატებოდა იმაში, რომ ტოკ ჰეს ავიწყდებოდა ისეთი დეტალები, როგორებიცაა: ჭამა, დალევა, ტუალეტში წასვლა. სამკურნალოდ ექიმებმა სუფთა ჰაერზე ხშირი გასეირნება შესთავაზეს. ის ძმასთან გადაიყვანეს საცხოვრებლად და ამან მასზე დადებითი გავლენა იქონია. შესაძლოა ეს იმით არის განპირობებული, რომ ტოკ ჰი ახლობლების გვერდით იყო და ჩვეულებრივ გარემოში ნორმალურად ახერხებდა კომუნიკაციას. ასეა თუ ისე, ტოკიოს სასახლეში დაახლოებით ერთი წლის ცხოვრების შემდეგ პრინცესამ შეძლო შედარებით ნორმალურ ცხოვრების წესს დაბრუნებოდა.
პოლიტიკური ქორწინება
კორეელი პრინცესას და იაპონელი არისტოკრატის ქორწილი 1931 წლის მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ტოკ ჰიეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ქორწილი რამდენიმე თვით გადაიდო. მიუხედავად დაგვიანებისა, ცერემონია შედგა და წყვილი დაქორწინდა, ცოტა მოგვიანებით კი ტოკ ჰიეს და ტაკეიუკი სოს შეეძინათ ერთადერთი შვილი - ქალიშვილი მასაე. გარედან ჩანდა, რომ პრინცესას ცხოვრება გაუმჯობესდა - დაქორწინდა და ქალიშვილი გააჩინა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ტოკ ჰიესა და მის ქმარს შორის განსაკუთრებული სიყვარული არ არსებობდა, რაც იმ დროს ნორმაც კი იყო, თუმცა ქმრის გამუდმებული ღალატი პრინცესასთვის პრობლემად იქცა. მიუხედავად ამისა, ტოკ ჰიეს ქმარი ყველაფერს აკეთებდა, რომ მის ცოლს ბედნიერად ეცხოვრა, ჰქონოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა... ტაკეიუკი სო ცდილობდა მეუღლეში ჩაენერგა იაპონური კულტურის ღირებულებები - მან შესთავაზა კიმონოს ტარება, იაპონური ენის სწავლა, ამომავალი მზის ქვეყნის ხალხის ტრადიციების დაცვა, რათა პრინცესას ცხოვრება იმ გარემოში უფრო ადვილი გამხდარიყო, თუმცა ტოკ ჰეისთვის ეს მიუღებელი იყო. იგი ჯიუტად უარს ამბობდა ცხოვრების ახალ სტილზე, გაუთავებლად იმეორებდა, რომ კორეელი იყო და არა იაპონელი. ქალმა უარი თქვა ეროვნულ სამოსსა და ტრადიციების დაცვაზე, ქალიშვილს კორეული სახელიც კი დაარქვა - ჩინ ჰაი.
ქორწილიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ტოკ ჰიეს კვლავ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ამჯერად უფრო სერიოზული, ვიდრე ადრე. პრინცესამ კვლავ დაიწყო ძილში სიარული და ძირითადი მოთხოვნილებების დავიწყება. მისი ფსიქიკური აშლილობა დამძიმდა. ის ვეღარც საკუთარ თავზე და ვერც შვილზე ზრუნვას ახერხებდა. ტოკ ჰიეს ერთადერთი ახლო ადამიანი სასახლეში იყო მისი მოახლე (ნაინი), რომელსაც ესმოდა მისი ტანჯვა და ცდილობდა დახმარებას, თუმცა მალევე გადაწყდა პრინცესას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ექიმები სათანადო და საჭირო ზრუნვას უწევდნენ, ნაინი კი სასახლიდან გააძევეს.
ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
საერთო ჯამში, ტოკ ჰეიმ დაახლოებით თხუთმეტი წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მოკლებული იყო ქმართან და ქალიშვილთან ურთიერთობას. სანამ ის მკურნალობდა, მისი ქალიშვილი მამამ იაპონური ტრადიციებით გაზარდა. დედისგან განსხვავებით, მასაეს არასოდეს სურდა კორეული კულტურის შესწავლა. იგი შეჩვეული იყო ცხოვრებას ისე, როგორც მამამ ასწავლა.
მომწიფების შემდეგ მასაემ დაიწყო ფიქრი, სად იყო დედამისი, თუმცა ტაკეიუკი სეო არ აძლევდა უფლებას მის ქალიშვილს, სიმართლე გაეგო. ტოკ ჰემ შეძლო ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლა მხოლოდ მისი ერთგული ნაინის დახმარების წყალობით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა საყვარელი ბედიის გასათავისუფლებლად.
გათავისუფლების შემდეგ ტოკ ჰი საბოლოოდ შეხვდა თავის ქმარს და ქალიშვილს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მასაემ მთლიანად დაიჭირა მამის მხარე, დედისთვის ძალიან საწყენი აღმოჩნდა.
ახალი დარტყმა და სახლში დაბრუნება
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იაპონიამ დაკარგა კონტროლი კორეაზე და ამით ტოკ ჰიესა და ტაკეიუკი სოს ქორწინება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გაფორმდა, დასრულდა. მეუღლეებმა ოფიციალურად განქორწინება მხოლოდ 1953 წელს გადაწყვიტეს. პრინცესას ყოფილი ქმარი მალევე დაქორწინდა და ტოკ ჰი, რომელიც რამდენიმე წელი კლინიკაში იმყოფებოდა, სრულიად მარტო დარჩა უცხო და საძულველ ქვეყანაში. ბედის კიდევ ერთი ირონია ელოდა უბედურ პრინცესას - ტოკ ჰეისა და ტაკეიუკი სეოს დაშორებიდან სამი წლის შემდეგ მათმა ერთადერთმა ქალიშვილმა თავი მოიკლა, რადგან ვერ გაუძლო მშობლების დაშორებას, ორ მხარეს შორის გახლეჩას და ცხოვრების დამთავრება ასე გადაწყვიტა.
პრინცესასთვის ეს უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა. ის უკვე ადამიანებსაც ვეღარ ცნობდა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა კი სულ უფრო უარესდებოდა. 1962 წელს პრინცესა დაბრუნდა სამშობლოში, კორეაში, სამხრეთკორეელი რეპორტიორის დახმარებით, რომელმაც ახალ მთავრობას სთხოვა ბოლო კორეელი პრინცესა სახლში წაეყვანა. სახლში დაბრუნების შემდეგ ავადმყოფი ქალი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ ამჟღავნებდა ემოციებს, ატირდა... პრინცესას ყველაზე სანუკვარი სურვილი მრავალწლიანი კოშმარის შემდეგ ასრულდა - ის საბოლოოდ სახლში იყო.
პრინცესა კიდევ რამდენიმე წელი ცხოვრობდა სეულის სასახლეში და ეს დრო მის ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი პერიოდი იყო. ტოკ ჰი 1989 წელს ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სეულის მახლობლად, ქალაქ ნამიანდუს სასაფლაოზე. 2016 წელს სამხრეთკორეელმა რეჟისორმა ჰეო ჯინ ჰომ გადაიღო ფილმი მის ცხოვრებაზე, სახელწოდებით "პრინცესა ტოკ ჰი" (უკანასკნელი პრინცესა). ფილმში მოთხრობილმა ამბავმა საბოლოოდ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მათ პრინცესას უზომოდ უყვარდა საკუთარი ხალხი და სამშობლო.