ძნელია ემოციების გარეშე დაათვალიერო ნელი ბერაიას ტილოები და კიდევ უფრო ძნელია, ემოციების გარეშე მოისმინო მისი ამბავი.
ქალბატონი ნელი დაიბადა მოსკოვში, 1931 წლის 8 მარტს და გაიზარდა თბილისში. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ნიჭიერთა ათწლედის ვოკალური განყოფილების შემდეგ სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა. საბოლოოდ, ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, ჰქონდა რამდენიმე ტელეგადაცემა მედიცინაზე. სწორედ კინოსტუდიაში გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი, რომელთან ერთადაც 11 წელი იცხოვრა და როგორც იხსენებს, ის იყო შესანიშნავი მეუღლე და ადამიანი, იუმორით სავსე, სხვა ბევრი კარგი თვისებით შემკული. 2 შვილი ჰყავდა და ორივე ტრაგიკულად დაეღუპა, სხვა აღარავინ ჰყავს… და ახლა სამების საპატრიარქო ტაძრის ლავრაში ცხოვრობს, იქ ინახავს ტილოებსაც.
ულამაზესი ყოფილა ახალგაზრდობისას. მშვენიერების კვალი დღემდე ეტყობა. მოსკოვსა და თბილისში „ქართველ ოდრის“ ეძახდნენ თურმე, საქართველოში „თბილისის სამკაულსაც" უწოდებდნენ. მსგავსება მართლაც ისეთი თვალსაჩინოა, გაგიჭირდებათ ფოტოებიდან ამოიცნოთ, რომელია ნამდვილი ოდრი და რომელი - ნელი ბერაია. არაერთი ლექსი მიუძღვნეს მის მშვენიერებასაც და შემოქმედებასაც, მათ შორის, ერეკლე საღლიანმაც: „გიწერ ამ ლექსს და სიტყვა თავს მესხმის,/ ვწერ ვიოლინოს ხმათა გამაზე,/ იყავ თბილისის ქუჩების ეშხი,/ ქუჩების ეშხი და სილამაზე“.
60 წლის ასაკში გაიღვიძა მასში შემოქმედის ნიჭმა და ბისერის მძივებით დაიწყო ფერწერული ტილოების, შედევრების შექმნა. ხელოვნების ამ ჟანრს ანალოგი არ ჰქონდა. არჩეულია ფაზისის საერო აკადემიის საპატიო წევრად და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრად. პირველი ტილო, თამარის პორტრეტი, როგორც იხსენებს, ზაზა ოქრუაშვილმა შეიძინა. მისი ნამუშევრები 20-მდე საგამოფენო სივრცეშია გამოფენილი. ცნობილი ადამიანებისა და წმინდანების პორტრეტებთან ერთად, ულამაზეს პეიზაჟებსაც ნახავთ...გაგრძელება