მინდა გამოგეხმაუროთ თქვენს წერილებზე, სადაც ხშირად წერთ, რომ ბებიები და პაპები ნაკლებად უნდა ჩაერიონ შვილიშვილების აღზრდაში თუ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ადრე მეც ასე ვფიქრობდი და ისე ვიცხოვრე, სულ ვცდილობდი, მე და ჩემი ქმარი მარტო ვყოფილიყავით და არავინ ჩარეულიყო ჩვენს საქმეებში. თუმცა მას მერე, რაც ოჯახში რძალი შემომივიდა, სულ თავდაყირა დადგა ყველაფერი.
ორი ბიჭი მყავს. ერთი ჯერჯერობით უცოლოა და რასაც ეგ თავისი ძმის ამბებს უყურებს, შეიძლება, კარგა ხანს არც შეირთოს ცოლი. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ბრალიცაა, მეტისმეტად ვზრუნავდი ჩემს შვილებზე, ნაკლებ დამოუკიდებლები გავზარდე, ყველაფერს მათ ნაცვლად ვაკეთებდით მე და ჩემი ქმარი, ვცდილობდით, ყველა პრობლემა აგვერიდებინა. წელებზე ფეხს ვიდგამდით, ვასწავლეთ, ჩავაბარებინეთ, სამსახურიც დავაწყებინეთ. თავად არაფერზე შეუწუხებიათ თავი და როგორც ახლა ვხვდები, ნამდვილი ცხოვრება, კარგისა და ცუდის გარჩევა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ ვასწავლეთ. ამას ახლა ვხვდები, მაგრამ გვიანია...
ხუთი წლის წინ შეირთო ცოლი. ლაშა საჯარო სამსახურში მუშაობდა და ნათია იქ სტაჟიორად მივიდა. მხიარულმა, აქტიურმა, მეტისმეტად დამოუკიდებელმა გოგონამ ადვილად მოხიბლა ჩემი ბიჭი. სულ რამდენიმე თვეში გამოგვიცხადა, რომ ცოლად მოჰყავდა. დასაოჯახებელი უკვე იყო – 26 წლის გახლდათ მაშინ, ამიტომ ძალიან არ გაგვიპროტესტებია. გასაცნობად რომ მოიყვანა, მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მე კი ცოტა ქარაფშუტა მომეჩვენა, მაგრამ ჩემმა ქმარმა მითხრა, ახლა ძირითადად ასეთი აქტიური და ცანცარა გოგოები არიან და მაგას ვერსად გავექცევით, თანდათან დაღვინდება და დასერიოზულდებაო. ოჯახიც თითქოს ნორმალური ჰქონდა და ერთი სიტყვით, ლაშას არჩევანი მოვუწონეთ და ქორწილიც გადავუხადეთ. ახლა ვფიქრობ, ალბათ ჯობდა, ცოტა მეტი გამოგვერკვია მათ ოჯახურ ტრადიციებზე, ცხოვრების წესზე. და იმასაც ხშირად ვფიქრობ, მართლა კარგია ეს გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტი. ცოტა ხანს რომ ერთად ეცხოვრათ, ისე, ქორწინების გარეშე, ლაშა მალე მიხვდებოდა, რომ ეს ის არ იყო, რაც მას უნდოდა...
ნათიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთან არ ეცხოვრა. ჩემმა ქმარმა საკმაოდ დიდი კრედიტი აიღო, ჩვენი დანაზოგიც მთლიანად გამოიტანა ბანკიდან და პატარა ბინა უყიდა ჩვენს სიახლოვეს. ნათიას ესეც არ უნდოდა, ჩვენგან შორს სურდა ცხოვრება, მაგრამ ამაზე ჩვენ, უფროსები არ დავთანხმდით. მე ვუყიდო ბინა, მე ვიზრუნო მის მომავალზე საკმაოდ დიდწილად, და თან კიდევ შორს მყავდეს შვილი? სწორი იქნება ეს?
სანამ შვილი ეყოლებოდათ, მათ სახლში თითქმის არ მივდიოდი, თვითონ გვსტუმრობდნენ. მე არ ვაწუხებდი – ახალგაზრდები არიან, მარტოები იყვნენ-მეთქი. ნათია გაცილებით იშვიათად მოდიოდა, ლაშა კი ცოლის მოყვანიდან ორ კვირაში თითქმის ყველა საღამოს ჯერ ჩვენთან შემოივლიდა, მერე მიდიოდა სახლში. ჯერ ვერ ვხვდებოდი მიზეზს – ვფიქრობდი, ალბათ ოჯახური გარემო ენატრება, ჩვენ ვენატრებით და ყოველდღე იმიტომ მოდის-მეთქი. მერე კი მისი საუბრიდან მივხვდი, შემთხვევით წამოსცდა, რომ ნათია სადილებს არ აკეთებდა. პრაქტიკულად, არც საუზმეს. ჩვენს ოჯახში საუზმე, სადილი, ვახშამი ჩვეულებრივი ტრადიციაა, ნათიასთვის ეს არც ტრადიცია ყოფილა – თურმე მათ ოჯახშიც არ ჰქონიათ ასეთი ჩვევები, არც საუზმეზე იკრიბებიან ერთად, არც სადილზე. ყველა სხვადასხვა დროს მიდის სახლში და ყველა თავად უვლის თავს. ზოგი გარეთ ჭამს, ზოგი კი უცებ შემწვარ კვერცხს თუ კარტოფილს სჯერდება. ნათიას არც სურვილი ჰქონია ოდესმე, რომ გაეკეთებინა საჭმელი, არ ვიციო, გამოუცხადა ჩემს შვილს და ამაზე დასრულდა ყველაფერი. მაცივარი კი გამოტენილი ჰქონდათ მაღაზიაში ნაყიდი ნახევარფაბრიკატებით და მშრალი კერძებით...გაგრძელება