- ქალბატონო ნატალია, სალომე ანდრონიკაშვილი ავანტიურისტადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ - სადაც უნდა ყოფილიყო, მის სურვილებს წინ ვერაფერი დაუდგებოდა და, ალბათ, არამხოლოდ მისი სილამაზის გამო...
- სალომე ანდრონიკაშვილი მართლაც იშვიათად საინტერესო პიროვნება იყო. მას თაყვანს სცემდა გასული საუკუნის დასაწყისის არაერთი ცნობილი ფიგურა. აღმერთებდნენ ეპოქის ცნობილი მამაკაცები, ლექსებს უძღვნიდნენ და ხატავდნენ გამორჩეული შემოქმედნი, თანაც - არაერთ ქვეყანაში.
თავად სალომეც არაჩვეულებრივად წერდა, თუმცა, სამწუხაროდ, მის შემოქმედებაზე ცოტა რამ არის ცნობილი. სავარაუდოდ, მისი ხასიათის გამო ეს ზღაპრულად მომხიბვლელი ქალბატონი ემიგრაციაშიც მუდამ ცნობილ პირთა შორის ტრიალებდა. მაგალითად, ლონდონში, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, უინსტონ ჩერჩილის მეუღლესთან, კლემენტინა ჰიზერთან, მეგობრობდა, ამერიკაში კი - არისტოტელე ონასისთან.
სალომე ანდრონიკაშვილის მამა, თავადი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი, სოფელ მელაანიდან იყო. განათლება მოსკოვში მიიღო და იქვე შეირთო ცოლად ლიდია პლეშჩეევა. სხვათა შორის, ლიდია, რომელიც რუსეთის ცნობილი ოჯახიდან იყო და ამ დროისთვის გათხოვილი გახლდათ, ამიტომ მეუღლეს სასწრაფოდ დაშორდა, ნიკოლოზს საქართველოში გამოჰყვა და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. თავადი ნიკოლოზი 1916 წლამდე ბათუმის თავად (გამგებელი) მსახურობდა და სალომეც ამ ქალაქში იზრდებოდა უმცროს და-ძმასთან, მარიამსა და იესესთან ერთად.
სალომეს სილამაზემ პირველად ფურორი პეტერბურგში მოახდინა, სადაც სასწავლებლად ჩავიდა და მაშინვე შეუყვარდა ზინოვი პეშკოვს. ეს პეშკოვი მაღალი რანგის ბოლშევიკებთან დაახლოებული მწერლის, მაქსიმ გორკის შვილობილი იყო და მამობილის გავლენით არაერთხელ უშველა სალომეს. ციხიდანაც კი გამოიხსნა.
- ციხეში რა მიზეზით მოხვდა?
- ბოლშევიკური ხელისუფლების მიზეზით, თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრულად: თავად პეშკოვს სიძეობაზე სალომეს მშობლებმა სიღარიბის გამო უთხრეს უარი, რის შემდეგ 18 წლის სალომე 17 წლით უფროს რუს მთავარს გაჰყვა ცოლად...გაგრძელება