საღამოს შვიდი საათია. ნანიკო და მისი ქმარი, საბა, ეს-ესაა სამსახურებიდან დაბრუნდნენ. საცობებგამოვლილმა ნანიკომ ჭკუა იხმარა და ავტობუსში, ჭყლეტაში მოყოლილმა, ცალ ფეხზე მდგომმა, „2 ნაბიჯის“ აპლიკაციიდან შეარჩია სასურველი პროდუქტები და ვირტუალურ კალათში გადაუძახა. სახლში ასვლისას, დრო რომ არ დაეკარგა, ლიფტში კიდევ ერთხელ გადახედა აქციებს, რამე ხომ არ გამომრჩაო და გამოიძახა.
საბა დერეფანში დახვდა, ქურთუკს იხდიდა. შემდეგ, ალბათ, როგორც ბევრ ოჯახში ხდება, საბა ვახშმის მოლოდინში მოთავსდა დივანზე და ტელევიზორი ჩართო. ნანიკომ კი კურიერის მოსვლამდე სახლის მსუბუქად დალაგებას მიჰყო ხელი (სად აქვს ქალს დასაკარგი დრო?).
მოდით, ჯადოსნური ჯოხი მოვიქნიოთ და სანამ „2 ნაბიჯის“ კურიერი მოიტანს ნობათს, ნანიკოს და საბას თავში ჩავიხედოთ და მათი ფიქრები შევადაროთ.
ნანიკოს ფიქრები 1 წუთის მანძილზე:
- ბარემ სარეცხსაც შევყრი. ნეტავ წყალი რომ დაწყდეს, სარეცხის მანქანა თავისით გაჩერდება? არა, ეს ვაჟბატონი ერთს კი არ მეტყვის, რაში დაგეხმაროო... წამოჯდა დივანზე და საჭმელს ელოდება... მანქანის გასაღები სად დაუგდია. მერე იტყვის, სად წაიღეო... ეს მარჯვენა „ჩუსტი“ რატომ მიჭერს? მგონი, მარჯვენა ფეხი უფრო დიდი მაქვს... უი, პედიკიური მაქვს გასაკეთებელი, მარა დღეს არაფრის თავი არ მაქვს, ისე დავიღალე. კიდევ კარგი, ეს გამოძახების სერვისი არსებობს და წინა საუკუნეში არ დავიბადე... მოტანის ფასი არ დაემატა, აქციებიც ზუსტად იგივეა, რაც მაღაზიაში. რიღასთვის უნდა იბოდიალო, არჩიო, იფიქრო და მერე სალაროს რიგში იყურყუტო? აჰა, ხედავს, რომ ვგვი და ფეხებს კი არ აწევს ზემოთ? ჯობდა მტვერსასრუტი ჩამერთო, ნერვები მოეშლებოდა...
საბას ფიქრები 1 წუთის მანძილზე:
კარგია, რომ მოვუსწარი თამაშს. იმედია, რამე გემრიელს გააკეთებს ნანიკო, მაგრამ პარკები რომ არ ეჭირა? იმედია, მაღაზიაში შევლა არ დაავიწყდა. აუ, მე ხომ არ დამაბარა რამე (ამოწმებს ტელეფონს)? არა, არაფერი მოუწერია...
ნანიკოს ფიქრების გაგრძელება
რა გავაკეთო უცებ? კვერცხს და სოსისს შევწვავ. თუ მაკარონიც მოვხარშო? ღმერთო, როგორ დავიღალე. ეს ელზა ნამდვილი გიჟია. როგორ მითხრა? - დასვენება არ შემიძლიაო? ვითომ ახლა ძალიან არ გიჟდებოდეს მუშაობაზე... მაგას ნაღდად ნოდარი მოსწონს და ვითომ ის არის, რა ჰქვია? რაღაცა ჰოლიკს რომ ეძახიან, მუშაობაზე შეთხლეშილებს... ვორკაჰოლიკი თუ რაღაც... ეს რაღას მიყურებს მშიერი თვალებით? ეტყობა, ლუდი უნდა... როგორ გაუცრუვდება იმედი, რომ გაიგებს, არ გამოვიძახე.
საბას ფიქრების გაგრძელება
მეგონა, საჭმელს ამზადებდა, ეს კიდევ იატაკს გვის. აი, რატომ არ ეზარება ეს ლაგება? მაინც ხომ აირევა ორ წუთში?.. ვაახ, რა პასი გამაზა, ტო... ფუ ამის... ლუდი არ დარჩა ნეტავ მაცივარში? მაგრად მშია. კანჭს შეჭამდა კაცი...
- ნანიკო, ლუდი გვაქვს?
- არა, ლუდი არ გვაქვს (პასუხი).
- ანუ „2 ნაბიჯში“ არ იყავი (გაკვირვებული)?
- ნწწ... არ ვყოფილვარ, გამოვიძახე და თვითონ მოიტანენ.
- თვითონაც მოაქვთ?
- ჰო, ახალი სერვისია. იძახებ „2 ნაბიჯის“ აპლიკაციიდან და მოაქვთ. არც ფასი ემატება პროდუქტებს და აქციებიც ჩვეულებრივად მოქმედებს...
- ეე... მაგარია, გოგო! ანუ ლუდსაც მოიტანენ?
- არ მიყიდია ლუდი. ადექი და გამოიძახე შენ კიდევ... ქულებიც დაგვემატება ბარათზე და მერე ფასდაკლებაში გადავცვლით.
ნანიკოს ფიქრების გაგრძელება
მერე ვიღაცები იტყვიან, ოჯახში კაცია მთავარიო. სანამ კურიერი მოვა, ჭურჭლის ამორეცხვასაც მოვასწრებ... წარმომიდგენია, ბავშვი რომ მყავდეს ახლა. ორნი ვართ და როგორ ირევა სახლი და ნეტავ როგორ ცხოვრობენ ბავშვიანები? სადაც დაჯდები, ყველგან რომ კუბიკი შეგერჭობა. ვაიმე, „შავი პარასკევი“ როდისაა? - არ გამომრჩეს. ის ჩანთა უნდა ვიყიდო უეჭველი, მარა შავი ავიღო თუ იასამნისფერი? იასამნისფერი უფრო ეფექტურია, მაგრამ შავი ყველაფერზე მიდის... ეს რა ამბავი თეფშია? ეს კაცი ღამე ჭამას ვერ გადაეჩვია, ესე იგი... მერე უკვირს, მუცელი რატომ მეზრდებაო. ჩაის დავდგამ... (ელექტროჩაიდანს რთავს). ნიჟარაძეებს რა საყვარელი ფისო ჰყავთ...
საბას ფიქრების გაგრძელება
მიდი, კვარა, მიდი...
ნანიკოს ფიქრების გაგრძელება
მაინტერესებს, გამოიძახებს იმ თავის ლუდს თუ ეგეც დაეზარება? რატომ შემხვდა ასეთი ზარმაცი ქმარი? ღმერთო, რატომ მოახდინე ისე, როგორც მე მინდოდა და რატომ არ მოახდინე ისე, როგორც ჩემთვის უკეთესი იქნებოდა?
- საბა, ჩვენი ახალი მეზობლები რომ არიან, ხომ იცი, წყვილი, ქმარს რომ მოჰყავს მანქანით ცირა, ჯერ თვითონ გადადის მანქანიდან, ცირას უღებს კარს გარედან და მერე გადმოდის ცირა (გასძახებს სამზარეულოდან).
- ეგ იმიტომ, რომ მგზავრის მხარეს საკეტი გაფუჭებულია და შიგნიდან არ იღებაა (გამოსძახებს მისაღებიდან)!
ნანიკოს ფიქრების გაგრძელება
რა მოიგონა ახლა. გაფუჭებულია არა, კვახი.
საბას ფიქრების გაგრძელება
ნეტავ რაზე მიმანიშნა? კარს რომ არ ვუღებ მანქანაში? მანქანის გასაღები სად ჯანდაბაში წავიდა?
ნანიკოს ფიქრების გაგრძელება
აჰა, ჭურჭელიც მოვიშორე. კურიერი წუთი-წუთზე მოვა. კვერცხს და სოსისს შევწვავ უცბად და ეგ იქნება. მაკარონის თავი არ მაქვს. ანუ, სულ ცოტა, ნახევარი საათი დავზოგე ამ ონლაინ გამოძახებით. ძაან მაგარია! ელენიკოს და თეას უნდა ვუთხრა აუცილებლად. იმ გიჟ ელზასაც ვეტყვი...
საბას ფიქრების გაგრძელება
რომელი ლუდი გამოვიძახო? - აჰა, ეს იყოს. ნანიკოსთვის რამე ტკბილს შევარჩევ, თორემ დაიწყებს, ცირას ქმარი ასე და ისე შვრებაო... მართლა რა კარგია ეს ონლაინშოპინგი. ჭირივით მეჯავრება, ამას რომ დავყვები ხოლმე მაღაზიებში. საათ-ნახევარი ჩერდება თითო დახლთან და ფიქრობს, ფიქრობს, ფიქრობს... ნეტავ რას ფიქრობს ამდენს? გრძელი ბრინჯი აიღოს თუ მრგვალი?
კარზე ზარია
საბას ფიქრების გაგრძელება
მგონი, მეშველა.
ნანიკოს ფიქრების გაგრძელება
აბა, თუ ადგეს და გააღოს კარი...