თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა, რომლის შესახებ მთელი ევროპული პრესა წერდა - 1901 წლის 23 მაისს, მადათოვის ქუჩაზე, სასტუმრო "გრანდ-ოტელში", მოკლეს დაგნი იუელი - ნორვეგიელი მწერალი, სკანდინავიური მოდერნის ფუძემდებელი, ევროპული ბოჰემის შთაგონება და მუზა. მკვლელი, რომელმაც მკვლელობის მერე თავიც მოიკლა, გახლდათ ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილი, მისი საყვარელი (ასე ამბობდნენ), 25 წლის ვლადისლავ ემერიკი.
სასტუმრო " გრანდ-ოტელი" , რომელიც 1881 წელს გაიხსნა, ამ დრომდე მშვიდად განაგრძობდა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას. იმ პერიოდის სასტუმროებში ერთი წესი არსებობდა: სასტუმროს მეპატრონეს არ ჰქონდა უფლება, ერთ ნომერში შეეშვა წყვილი ქორწინების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. სასტუმრო "გრანდ ოტელის" რეგისტრატორმა ერთადერთხელ დაარღვია წესი და ახალგაზრდა წყვილი საბუთების ნახვის გარეშე გააფორმა. რამდენიმე საათის შემდეგ სასტუმროში იარაღის გასროლის ხმა გაისმა.
მოკლული დაგნი იუელი-პშიბიშევსკა 34 წლის იყო. ის ულამაზესი ნორვეგიელი ქალი გახლდათ, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დიდ ხელოვანთა შთაგონების წყარო - ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის მუზა. დაგნი უკრავდა ფორტეპიანოზე, წერდა ლექსებსა და პიესებს. ის ევროპული ბოჰემის სული და გული იყო. ექსტრავაგანტური დაგნი მომაჯადოებელი ღიმილით მომენტალურად ატყვევებდა ირგვლივ მყოფებს. ედვარდ მუნკი უგონოდ იყო შეყვარებული დაგნიზე. მხატვარზე ეჭვიანობდა მისი ქმარი, რომელმაც მუნკი დუელში დაჭრა იმ ილუზიით, რომ ხატვას ვეღარ გააგრძელებდა, მუნკი კი განაგრძობდა ხატვას და მისი ყველა დახატული ქალის პროტოტიპი დაგნი გახლდათ.
ემერიკმა, რომელიც დაგნის ქმრის მეგობარი იყო და რომლის სიყვარულიც საბედისწერო აღმოჩნდა, დაგნი შვილთან ერთად თბილისში დაპატიჟა. სასტუმროში დაბინავებიდან მალევე ემერიკმა თავის მეგობარს დაგნის პატარა ბიჭის გასეირნება სთხოვა, რამდენიმე საათში კი ორმა გასროლამ იქაურობა შეაზანზარა. ემერიკმა მოკლა დაგნი და თავიც მოიკლა. პერსონალს მისი დატოვებული ორი წერილი დახვდა, ერთი დაგნის მეუღლის, მეორე მისი ხუთი წლის ვაჟის სახელზე. არც ერთ წერილში მკვლელობის მიზეზი არ ჩანს...განაგრძეთ კითხვა