მარტოხელა თინეიჯერი დედის შვილი იყო და სიღარიბეში იზრდებოდა. მუშაობდა სხვადასხვა მძიმე სამუშაოზე, სანამ ადგილობრივ რადიოში ახალ ამბების წამყვანი გახდებოდა. შემდეგ ცხოვრება ტელევიზიას დაუკავშირა და საკუთარი თოქშოუ წამოიწყო. მისმა ემოციური გადმოცემის უნარმა კი ოპრას შოუ მასების ფავორიტად აქცია.
სიღარიბეში გაზრდილი, ყოველთვის ცდილობდა სამყარო უკეთეს ადგილად ექცია. დღეს კი ის მსოფლიოში დიდი ქველმოქმედისა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის სახელითაა ცნობილი.
ოპრა უინფრი 1954 წლის 29 იანვარს მისისიპიში, ახალგაზრდა მშობლების ოჯახში დაიბადა. მამამ ბავშვი მალევე მიატოვა, დედას კი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, სამუშაოს საძებნელად სხვა ქალაქში წასვლა და პატარა ოპრას ბებიისთვის დატოვება მოუწია.
ასე რომ, ოპრა მომდევნო ექვსი წელი ბებიასთან, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.
ბებიამ ორი წლის ოპრას კითხვა ასწავლა. ოპრაც საკმაოდ მონდომებით კითხულობდა და მალევე, მისი შესანიშნავი გადმოცემის უნარიც გამოამჟღავნა. ხუთი წლის ასაკისთვის ბოლომდე ჰქონდა წაკითხული ბიბლია. ეკლესიაში მას მოფერებით „ქადაგს“ ეძახდნენ.
მალე ოპრა დედასთან საცხოვრებლად გადავიდა. ამ დროისთვის მას უკვე ნახევარ-დაც ჰყავდა. დედას შვილებზე ზრუნვისთვის საკმარისი დრო არ რჩებოდა, ამიტომ ოპრას ბიძაშვილს სთხოვა დროებით ბავშვებისთვის ძიძობა გაეწია.
სწორედ მაშინ, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა. ოპრა, რომელიც სულ რაღაც 9 წლის იყო, 19 წლის ბიძაშვილმა გააუპატიურა.
სექსუალური ძალადობა ამით არ დასრულებულა: მომდევნო წლებში მასზე ბიძა ძალადობდა. დედასთან ოპრას ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია, ამიტომ ეს ფაქტებიც არ გაუმხელია. 13 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და საცხოვრებლად მამასთან გადავიდა.
ოპრას მამა საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ შვილს სწავლაში ეხმარებოდა და მის ოცნებებს მხარს უჭერდა. ბრწყინვალე ორატორული უნარების წყალობით, ოპრა თავის სკოლაში საუკეთესო მოსწავლე გახდა.
16 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ სილამაზის კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც. ხოლო როცა რადიოსადგურში პრიზის მისაღებად მივიდა, იქ მომუშავეებმა შესთავაზეს, ხომ არ სურდა რადიოში საკუთარი ხმის მოსმენა.
მისმა საუბრის მანერამ რადიოში დიდი მოწონება დაიმსახურა და 16 წლის ოპრა ახალი ამბების წამყვანი გახდა. სწორედ აქედან იწყება მისი წარმატების გზა.
რამდენიმე წლის შემდეგ, იგი ბალტიმორში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ტელევიზიაში დილის ახალი ამბების რეპორტიორი გამხდარიყო. ამ დროისთვის, ყოველთვიურად 22 000 დოლარს იღებდა.
7 წლის შემდეგ ოპრამ ახალ სატელევიზიო სამაუწყებლო ტელევიზიაში გააგრძელა მუშაობა. სანამ კომპანიას შეუერთდებოდა, თოქ-შოუ რეიტინგებში მუდმივად ბოლო ადგილზე იყო. ის ეთერში ნახევარი საათის განმავლობაში გადიოდა და ძირითადად ქალთა ტრადიციულ საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ოპრამ თოქშოუს აქცენტი მალევე შეცვალა და მის მთავარ განხილვის საგნად მიმდინარე საკამათო საკითხები აქცია.
რამდენიმე თვეში ეს გადაცემა აშშ-ში ყველაზე რეიტინგული თოქშოუ გახდა. შედეგად, გადაცემას სახელი შეუცვალეს და მას ოპრა უინფრის შოუ ეწოდა.
„ოპრა უინფრის შოუ“ ეთერში 25 წლის განმავლობაში, 1986-იდან 2011 წლამდე გადიოდა და ამ დროის მანძილზე 47 ემის ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა.
დღეს კი ოპრა უინფრი თვითშემდგარი ქალია, რომელმაც დიდი შრომითა და ძალისხმევით, უკიდურესი გაჭირვებიდან თავის დაღწევა და მწვერვალების დაპყრობა შეძლო. ცნობილია, რომ მისი ქონება 2014 წლის მონაცემებით 2,9 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.