ერთადერთ, რასაც მოდის ტენდენციების ხშირი ცვლის არ ეშინია, ფრჩხილის წითელი ლაქია. ტრენდის ცვლილების მიუხედავად, ის არასდროს კარგავს აქტუალურობას - უნივერსალურია, შესაფერისია ნებისმიერი შემთხვევისთვის და უხდება ყველას, ასაკის მიუხედავად.
ახლახან მისი პოპულარობის ახალი თეორია წარმოიშვა, მას შემდეგ, რაც ეს ფერი აქტუალური გახდა TikTok-ზე.
ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა რობინ დელმონტემ ჩაწერა ვიდეო, სადაც ამტკიცებდა, რომ წითელი მანიკიური ქალს უფრო მიმზიდველს ხდის მამაკაცებისთვის. ბლოგერი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფრჩხილებს წითლად იღებავს, მამაკაცებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს.
რობინის თქმით, ის ფაქტი, რომ ლაქების ასეთი პალიტრა აქამდე არ არსებობდა და ქალების უმეტესობა ფრჩხილებს წითლად იღებავდა, წითელი ლაქი მამაკაცებში ბავშვობისა და საკუთარი დედების შესახებ მოგონებებს აღძრავს.
TikTok-ის ზოგიერთ მომხმარებელს ეს თეორია ძალიან ლოგიკურად მიაჩნია. ზოგი მას ოიდიპოსის კომპლექსსა და ფროიდის ფსიქოანალიზს უკავშირებს.
და სანამ სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბჭობა, მოდით, წითელი ლაქის შექმნის ისტორია გავიხსენოთ.
თუ დღეს მანიკიურს უმეტესად ქალების ფრჩილებზე ვხედავთ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფრჩხილების წითლად შეღებვა თავდაპირველად მამაკაცებმა დაიწყეს. ეს კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნის წინ მოხდა. ბუნებრივი საღებავებით (ლაქი, რა თქმა უნდა, მაშინ არ არსებობდა) მამაკაცები თავიანთი სოციალური სტატუსის დემონსტრირებას ცდილობდნენ. ყველაზე მდიდრები ფრჩხილებს წითლად იღებავდნენ, ნაკლებად მდიდრები კი - მწვანედ.
წითელ მანიკიურს მსგავსი მნიშვნელობა ჰქონდა ძველ ეგვიპტეშიც: მას მხოლოდ ფარაონები და დედოფლები ატარებდნენ.
ძველი ეგვიპტიდან ეს "ტენდენცია" ჩინეთში გადავიდა, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. ფრჩხილების წითლად შეღებვის ნაცვლად, მინგის იმპერატორები და მათი კარისკაცები „ცრუ ფრჩხილებს“ ატარებდნენ. ისინი აუცილებლად ძალიან გრძელი უნდა ყოფილიყო და ნათელი ალისფერი ტონი ჰქონოდა. ასეთი მანიკიური არა სილამაზისთვის, არამედ არისტოკრატიული წარმომავლობის სიმბოლოდ ითვლებოდა.
ეს ტენდენცია მოდის სფეროდან 300 წლის განმავლობაში გამქრალი იყო და მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაბრუნდა. 20-იანი წლების შუა ხანებში Revlon-მა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და პირველი ფრჩხილის ლაქი წარადგინა: ის ფრჩხილს ლამაზ შესახედაობას აძლევდა, სწრაფად შრებოდა და ასევე, ერთდროულად რამდენიმე მოდური წითელი ელფერით იყო წარმოდგენილი.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე Revlon-ის ლაქები ძალიან ძვირი იყო და მხოლოდ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლოთ მისი შეძენა. მაგალითად, ლეგენდარული მოდის რედაქტორი დიანა ვრელანდი უბრალოდ აღმერთებდა მას და თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც კი აღწერა ამ კოსმეტიკური პროდუქტის სიყვარული.
50-იან წლებში კი პირველი აკრილის ლაქები გამოჩნდა - ახლა ეს საოცარი ნივთი ყველა დიასახლისისთვის ხელმისაწვდომი იყო.
90-იან წლებში წითელი ლაქის პოპულარობა პრინცესა დიანას წყალობით კიდევ უფრო გაიზარდა. ჭორების თანახმად, დედოფალ ელისაბედს მკვეთრი ფერის მანიკიური საშინლად არ მოსწონდა. მიუხედავად ამისა, იგი დიანას ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად იქცა.
დღეს კი ფაქტი ერთია - წითელი მანიკიური იყო და რჩება ყველაზე პოპულარულ ფერად მსოფლიოში. ახლაც, როდესაც ლაქის ტენდენციები მრავალფეროვანია, სტატისტიკის მიხედვით, ქალების უმეტესობა მაინც წითელ ფერს ანიჭებს უპირატესობას.