50-იან წლებში საბჭოთა კავშირში ომის თემაზე გადაღებულ თითქმის ყველა ფილმს მხოლოდ ერთი მთავარი გმირი ჰყავდა - სტალინი.
1957 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ახალმა ფილმმა „მიფრინავენ წეროები“. მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ამ ფილის გმირი არა სტალინი ან გმირი ჯარისკაცი, არამედ ახალგაზრდა ქალი იყო. მისი დამსახურებით, ფილმებში ადამიანური ისტორიების გადმოცემამ საგრძნობლად იმატა და 1965 წელს კინოეკრანებზე რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა" გამოვიდა.
ამავე წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. მსახიობებს შორის, რა თქმა უნდა, სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენიც იყვნენ. ორივე მათგანი სხვადასხვა ნომინაციაში იყო წარდგენილი და ორივე პრიზიორი გახდა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მიღება უზარმაზარ რესტორანში გაიმართა. სერგოსგან მოშორებით მჯდარი ლორენი უცებ წამოდგა, მიუახლოვდა და კალთაში ჩაუჯდა მას. შემდგომში სერგო ზაქარიაძე იხსენებდა: „ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერე... ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ.“