ეს ჰოლივუდური მელოდრამები ჭკუიდან გადამიყვანს. აღარ შემიძლია ამდენი რომანტიკული და მინორული განწყობის ატანა. თუმცა ერთ კარგ საქმეს მაინც აკეთებენ, მაფიქრებენ ხოლმე ძალიან ადამიანურ შეგრძნებებზე.
ახლავე აგიხსნით რა ხდება.
აი ჩვენ, გასათხოვრებს ამა ქვეყნისა, გვინდა, რომ ვიპოვოთ იდეალური კაცი. ანუ მამრი, რომელსაც აქვს დიდი ხელფასი, გემოვნებით იცვამს, კარგად ხუმრობს და განათლებულია. დახვეწილი მანერები და მომავლის აშკარა და რეალური განსაზღვრებები აქვს.
დიახ, ჩვენ ყველას გვინდა ასეთი მამაკაცი გვერდით და ვფიქრობთ, რომ მასთან ბედნიერი ვიქნებით, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ გამოდის, რომ რაღაც შტამპს, დოგმას ვეძებთ, რომელსაც უნდა შევეწყოთ.
არ გვინდა ასაწყობი მამაკაცი (ეს გადატანითი მნიშვნელობით), ყველაფერი მზამზარეული და მორთმეული გვინდა, ასე კი მხოლოდ ფილმებში ხდება ხოლმე. მამაკაცი კი არ უნდა მიიღო, ის უნდა შექმნა, უფრო სწორედ საკუთარი თავი უნდა შექმნა მის გვერდით ისევე, როგორც ის აკეთებს ამას.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერ ამაზე ფიქრში, ჩვენ გვავიწყდება მთავარი, ანუ ის რაც ბედნიერების სათავეა, გრძნობები, რომლებიც რეალურს გვხდის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ თავი არამიწიერად კარგად ვიგრძნოთ.
დიახ, მე დღეს დავფიქრდი იმ შეგრძნებებზე, იმ პატარა მოვლენაზე, რომლებიც საბოლოო ჯამში კომპლექსურსა და ჰარმონიულს ხდის ადამიანის, ამ შემთხვევაში კიდევ ქალისა და მამაკაცის (თანა)ცხოვრებას.
მოდით არ მივყვები მნიშვნელობის მიხედვით, რადგან თითოეული მათგანი იმდენად დიდ რამეს მოიცავს საკუთარ თავში, რომ ძნელი იქნებოდა მათი ამ ქრონოლოგიით დალაგება, ამიტომ დავწერ იმას, რაც ჩემს უბადლო გონებაში გამოიბრწყინებს ( ნაწყვეტი მემუარებიდან "მე და პატივმოყვარეობა)
1. ურთიერთგაგება.
ის, რაც აუცილებელია ყველა წყვილს შორის იყოს. მე პირადად ვფიქრობ, რომ არც პარტნიორის განათლებულება განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენი ესმოდეს, და არც მისი მაღალანაზღაურებადი სამსახური. თუმცა რა განსაზღვრავს ნამდვილად არ ვიცი.
ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მართლა უსიტყვოდ ესმით? მე მქონია ასეთი ურთიერთობა, მართალია მხოლოდ მეგობართან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არსებობს. აი რაც შეეხება მამაკაცს და ქალს შორის გაგების არსებობას, ეს ცოტა რთული ამბავია.
მკითხავთ ალბათ, რატომო.
რატომ და იმიტომ, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებული გზებით გვინდა მივაღწიოთ ერთიან შედეგს. აი ამიტომაა რთული და ვფიქრობ, ბევრი ოჯახის დანგრევის მიზეზი ურთიერთგაგების არარსებობაა.
ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენას გადავეჩვიეთ, უფრო სწორად კი მოსმენილის გააზრებას.
უბრალო მაგალითი მოვიყვანოთ : ჩვენს მეორე ნახევარს ფეხბურთის ყურება უნდა, ჩვენ კიდევ მისთვის რომანტიული ვახშამი მოვამზადეთ, წითელი ღვინითა და სპაგეტით. მას კი მაინც უნდა ფეხბურთის ყურება.
რას ვაკეთებთ და რას ვგრძნობთ ამ დროს ჩვენ? საკუთარ თავს გაუფასურებულად (ანუ არ დაფასებულად), გვგონია, რომ მისთვის ეს არაფერს ნიშნავს, არადა, ხომ შეგვიძლია, რომ მივიღოთ მისი სიყვარული ფეხბურთისადმი, ისე, როგორც მივიღეთ მისი სიყვარული ჩვენდამი და ეს რომანტიკული ვახშამი, ტელევიზორის წინ დივანთან გავშალოთ, შევაერთოთ, დავაბალანსოთ ჩვენი სურვილები.
ხომ შეგვიძლია? ამაში ხომ ძნელი არაფერია და მასაც ხომ ძალიან ესიამოვნება? რა გვიშლის ხელს? აჰ პრინციპულობა... ოხ, ეს დამღუპველი პრინციპულობა.
ზუსტად იგივე რომ გააკეთონ მამაკაცებმა, ზუსტად ასე, თქვენი სიყვარულის გამო რომ აიტანონ თქვენი პრანჭია და ხმაურიანი დაქალები ყველაფერი მოგვარდება.
ისაუბრეთ, უსმინეთ, გაიგეთ რა სურს, გაუზიარეთ თქვენი აზრები. ბოლოს და ბოლოს, მიდით კონსენსუსამდე და უბრალოდ, თუ გაინტერესებთ, რა უნდა მას, ადექით და ჰკითხეთ. ესაა და ეს.
თავი ჰოლივუდური მელოდრამის სცენარის ავტორი მგონია. მომიტევეთ, ძალიან აყოლილი ვარ ემოციებს.
2. დათმობა.
ის, რაც ასე ძალიან გვიჭირს ხოლმე დღევანდელ ქალებს. ეს ალბათ დრომ მოიტანა, იმ პროტესტის გრძნობამ, რომელიც ალბათ ჩვენმა საუკუნოვანმა მორჩილებამ გამოიწვია. და აი ახლა აღვსდექით მამაკაცების წინააღმდეგ ძლიერი ქალები, რომლებიც არაფერს თმობენ, ოღონდ თავისას მიაღწიონ.
ქალბატონებო, მხოლოდ ეს ხომ არაა ჩვენი სიძლიერე? ის იმაშიც გამოხატება, რომ ზოგჯერ მაინც დავთმოთ რაღაცები იმისთვის, რომ, მაგალითად, ვასიამოვნოთ საყვარელ მამაკაცს, ან სულაც შევინარჩუნოთ ის.
ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები და უნიკალურები ვართ. შეუძლებელია, არ მოგვიწიოს რაღაცებზე უარის თქმა, მეორე ნახევრის სურვილების გამო. აი ახლა დავფიქრდი, სწორედ იმიტომ ვჩხუბობთ მე და ჩემი ამჟამინდელი მეგობარი მამაკაცი, რომ მე მას არაფერს ვუთმობ, ყველა წვრილმანზე ვეკამათები. ეს რაღაც თავის დაცვის ინსტინქტს ჰგავს, გვეშინია, რომ თუ ერთხელ დავხრით თავს, ის სულ ასე დარჩება, მაგრამ ეს არასწორი გაგებაა.
თუ ურთიერთობაში პირველი დათმობის შიშმა შეგიპყროთ, გთხოვთ გაიხსენეთ, რომ ყველაზე მთავარზე უკვე თქვით უარი, როდესაც თქვენს გვერდით მამაკაცი დააყენეთ. რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა: მაინც რა არის ასეთი? რა და თავისუფლება.
თუ დაუკავშირეთ ადამიანს თქვენი ცხოვრება, თუნდაც ის არ გაგრძელდეს ბოლომდე, იქ უნდა დამთავრდეს შეგრძნება, რომ ჩვენი ცხოვრება მარტო ჩვენ გვეკუთვნის. ჰოდა, რატომ უნდა გვეშინოდეს ძალიან პატარა რაღაცის დათმობის (როგორიცაა, მაგალითად რაღაც უმნიშვნელოსთან დაკავშირებული ჩვენი აზრი), როდესაც უკვე დავთმეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა მიგვეღო ყველაზე სასიამოვნო?
3. მოლოდინი და გაცრუებული იმედი.
ის, რაშიც მე შემიძლია ექსპერტად მოგევლინოთ. დიახ. მე სულ რაღაცას ველოდები საყვარელი მამაკაცისგან, ხან მინდა, რომ ყვავილები მაჩუქოს (რომელსაც ვერ ვიტან), ხან მინდა, რომ დაძრული მანქანა გააჩეროს და მაკოცოს, ხან კიდევ მინდა საერთოდ არ გამოჩნდეს (ეს ძირითადად თვეში ერთხელ ხდება... ალბათ მიმიხვდებით) და რატომღაც მგონია, რომ მამაკაცს ლოგიკის გარდა ქალური ინტუიციაც უნდა გააჩნდეს, რატომღაც მგონია, რომ ის ისე უნდა ფიქრობდეს, როგორც მე და ამ დროს რატომღაც ვერ ვხვდები, რომ ვწყდები რეალურ შეგრძნებებს, რომ მითებში ვცხოვრობ.
მამაკაცმა იცის, რა უნდა მამაკაცს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიახვედრიოთ, რა გინდათ თქვენ. თუ არ იმოქმედეთ და უბრალოდ რაღაცას დაელოდეთ, ის არ ახდება. ასეა მოწყობილი, იმისთვის, რომ რაღაც მიიღო, აუცილებლად უნდა იმოქმედო. ურთიერთობაც ამ მარტივ ლოგიკას ემორჩილება.
შეხვედრა გინდათ დღეს საღამოს? მისწერეთ მას, რომ მისი ნახვა გსურთ და მოლოდინი გამართლდება.
ყვავილი გინდათ? შეჩერდით მეყვავილესთან და ნეტარი სახით შეათვალიერეთ თაიგულები, რომ მან შენიშნოს და იმ დღეს თუ არა მეორე დღეს მაინც გამართლდება მოლოდინი.
მიეცით რაღაც ნიშანი, მათ არ აქვთ ზებუნებრივი ძალა, რომ თავად მიხვდნენ, რა სურთ ქალებს და ამის გამო ნუ "დაძრახავთ" (ამ სიტყვას როდესაც ვხმარობ თავი რატომღაც მე-18ე საუკუნის ქართველი მწერალი მგონია).
აბა, ჩვენ საიდან ვიცით, რა სურთ მამაკაცებს? ჰმ, კარგი მახსოვრობა და პრაქტიკა. პირველი განგებისგან გვაქვს მონიჭებული, ხოლო მეორე დროს მოაქვს. ნუ გვიწყენთ მამაკაცები, ჩვენი ბრალია არ არის.
4. და საბოლოოდ
რა თქმა უნდა, სიყვარული (დავიჯერო, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს გრძნობა ბოლოს გამახსენდა?) ის, რაც ჯერ ვერავინ ახსნა, მაგრამ ის, რასაც ერთხელ მაინც გრძნობს ადამიანი. (ვაიმე, რა სენტიმენტალური ვარ )
ის რაც ვერტიკალური და ბრუნვადი კი არა, ოქროსფერია და მრგვალი და მარჯვენა ხელის არათითს გვიმშვენებს ხოლმე (ეს უკანასკნელი ჩემი განსაზღვრებაა, დიახ მე ვფიქრობ, რომ ბეჭედია სიყვარულის სიმბოლო).
გრძნობა, რომელიც მეც კი, ყველაზე უემოციო და პრაქტიკულ ქალს, ზოგჯერ საოცარი სისულელეების ჩადენისკენ მიბიძგებს. გრძნობა, რომელიც თუ მართალია, იქ ყველაფერს თმობ, ყველაფერი გესმის და ყველა მოლოდინი გიმართლდება.
ზოგს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდის ბრალია, რომ ამ მელოდრამებმა ჩაგვინერგეს არარსებული გრძნობის იდეალი, რომელსაც პირობითად უწოდეს სიყვარული და რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, მაგრამ მე მათ ვეწინააღმდეგები. მე მათ ყველას ვეწინააღმდეგები!! (თავი, სულ ცოტა როგორც მინიმუმ ჟანა მგონია, დარკი).
სიყვარული არსებობს, რეალურად არსებობს და თუ ის თქვენ გვერდით არ არის ამ წუთებში, დაელოდეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ მოლოდინი გამართლდება.
ჰო, სენტიმენტებმა გამიარა (აი, რას შვრება ბოლო ღერი სიგარეტი, მოწევა კლავს მუზას) და ჩვენი დამშვიდობების დრც მოვიდა.
და იცოდეთ ძვირფასებო, ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენი დასასრული "ჰეფი ენდი" იყოს, რომ ყველამ თქვას:
"ესენი სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"
მე კი გემშვიდობებით მომავალ ნაკლებ სენტიმენტალურ პოსტამდე.
დროებით!
ქეთო პატარქალიშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)