თამაშს ბავშვის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ზრდასრულ ადამიანებს სჭირდებათ განათლება, სამსახური, ინტერესის სფეროები, ასევე ბავშვს სჭირდება თამაში.
როგორი წესებითაც თამაშობს ადამიანი ბავშვობაში, იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობს ზრდასრულ ასაკში. ადამიანი, როგორც პიროვნება, თამაშის დროს ყალიბდება.
აუცილებელია ბავშვში თამაშ-თამაშით გავავითაროთ შრომითი უნარები.
თავდაპირველად, თამაშის ფორმების შრომით უნარებში გადაზრდა ბავშვის თვითმომსახურებით გამოიხატება – დამოუკიდებლად კვება, საბნის დახურვა, ჩაცმა და ა.შ.
სრულფასოვან ოჯახში ბავშვის შრომითი ფუნქციები ნელ-ნელა იზრდება და დადებითი შედეგები მოაქვს არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის.
თუ ბავშვი ორგანიზებულად და აზრიანად არ თამაშობს, მშობელი უნდა ჩაერიოს. მის მოქმედებაში უნდა იგრძნობოდეს მიზანი და მონდომება.
თამაშის გადაზრდა შრომით ფუნქციებში ზრდასრული ადამიანის ნათელი მომავლის საწინდარია. ამ ეტაპების გავლის გარეშე ის ჩამოყალიბდება ადამიანად, რომელიც ნებისმიერ ასაკში გამოირჩევა უპასუხისმგებლობით, უწესრიგობით, მიდრეკილია აზარტული თამაშებისკენ და უსაქმურობისკენ. ასეთი ადამიანები ნებისმიერ დროს მზად არიან, მნიშვნელოვანი საქმე გვერდზე გადადონ და უაზროდ გაერთონ.
ბავშვი იმ დონეზე არ უნდა დაიტვირთოს, რომ საქმე შეიძულოს და თამაშს მიანიჭოს უპირატესობა. მიაჩვიეთ ბავშვი მოწესრიგებულ თამაშს. მარტივი თამაშის დროსაც მიეცით საშუალება, მომავალი მოღვაწისა და პიროვნების თვისებები გამოამჟღვნოს. ასწავლეთ, მზრუნველად მოექცეს სათამაშოებს. დაალაგოს ისინი, მიუჩინოს ერთი და იგივე ადგილი.
ყველაზე კარგი პირადი მაგალითია. თქვენს დამოკიდებულებებს და ქცევებს ბავშვი თავის სამყაროში გადაიტანს.
ბავშვს თამაშმა სიამოვნება უნდა მოუტანოს. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად გაამრავალფეროვნებთ მის სამყაროს. თუ თამაშის დროს მას გაუღვივდება შემოქმედებითი ლტოლვა, გამარჯვების წყურვილი, ესთეტიკური განცდები თუ ხარისხის შეგრძნება, ეს ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს მას, როგორც ზრდასრულ ასაკში წარმატებულ მენეჯერს.
მონდომების, სირთულეებისა და აქტიურობის გარეშე თამაშიც უინტერესოა და ბავშვს არ ავითარებს.
შეცდომაა სათამაშოების უსაზღვრო რაოდენობის შეძენაც. მუდმივად ახლის მოლოდინში ბავშვი ვერ ეჩვევა, ვერ უმეგობრდება, ვერ იყვარებს კონკრეტულ სათამაშოს. ყოველ ჯერზე აზიანებს წინამორბედს და უინტერესოს ხდის თამაშის მთელ პროცესს.
თუ პატარას მხოლოდ სანახაობრივ სათამაშოებს შეუძენთ, მასში პასიური პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს. სათამაშოები განვითარების სხვადასხვა ტაპზე სწორად უნდა შეარჩიოთ.
სათამაშოების სამი ძირითადი კატეგორია იკვეთება:
1) მექანიკური, უბრალო სათამაშოები: მანქანები, ნავები, თოჯინები, ეტლები და აშ.
2) დასამუშავებელი სათამაშოები, რომელიც ბავშვის ხელით სრულყოფას საჭიროებს: ფაზლები, კონსტრუქტორები, კუბები, გამოსაჭრელი ნახატები და ა. შ.
3) სათამაშო მასალები: თიხა, პლასტილინი, ქვიშა, მუყაო, ჭიკარტები, მავთულები, ფერადი ქაღალდები და სხვა.
ყველა ამ ტიპის სათამაშოს მოხმარებისას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მთავარია, მშობელმა სწორად გაანაწილოს. პირველით – დააინტერესოს, აჩვენოს ნიმუში; მეორით – დაეხმაროს აზროვნებაში, სრულყოფაში. მესამით – ბავშვის მთელი შემოქმედებითი უნარი და ფანტაზია ჩართოს, რათა მან საკუთარი ხელით შექმნას და დაამზადოს.
და მაინც, რით განსხვავდება ზრდასრული ადამიანის საქმიანობა ბავშვის თამაშისგან?
არსებობს მოსაზრება, რომ საქმიანობის დროს საჭიროა პასუხისმგებლობა – თამაშის დროს კი - არა, რაც მცდარი აზრია.
ზრდასრული ადამიანის საქმიანობა აისახება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, კულტურული თუ მატერიალური ღირებულებების შექმნაში. თამაში კი ამ ყველაფერთან ირიბადაა დაკავშირებული.
სწორად წარმართული თამაში აჩვევს ბავშვს ფიზიკურ და ფსიქიკურ დატვირთვებს, რომელიც აუცილებელია შემდგომში წარმატებული საქმიანობისთვის.
გამოიკვეთა ორი მიზანი: პირველი – ბავშვში საქმისადმი ინტერესის გაღვივება. მეორე - თამაშის სწორად ორგანიზებაში დახმარება.
ასევე მნიშვნელოვანია, დააცადოთ ბავშვს საკუთარი ხელით დაასრულოს სამუშაო. თუ ყველა დავალება მათ მაგივრად და მათზე უკეთ შეასრულეთ, ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდება და ეცოდინება, რომ ვიღაცას მასზე უკეთ გამოსდის ყველაფერი.
5-6 წლამდე ბავშვებში ნორმალურია მარტო თამაშის სურვილი. მოზრდილ ასაკში ის ცდილობს გაზარდოს კომპანია ერთი ან ორი მეგობრით.
სკოლის ასაკიდან ბავშვს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება. ის უკვე აცნობიერებს და ფიქრობს მომავალზე, რომლის წარმოსახვაშიც მას მშობელი ეხმარება. თუ ბავშვს მეცადინეობას თამაში ურჩევნია, მის განვითრებაში შეცდომებია დაშვებული.
11-12 წლის ასაკის ზემოთ მდგომარეობა რთულდება. ბავშვები ცდილობენ, თამაშის დროს უფროსებს განერიდონ. სიტუაცია კარგავს კონტროლს. ამ დროს თამაში მეტწილად სამეცადინო დროის ხარჯზე ხდება. ამ ასაკში ერთვება სპორტული თამაშები და ესტაფეტები, რაც ბავშვს მოგება-წაგების რეალობას განაცდევინებს. ამ დროს აუცილებელია ყურადღება. მოგებამ არ უნდა მოადუნოს, წაგებამ კი მოგების სურვილი არ უნდა დაუკარგოს.
ამ ასაკში, ბავშვს კვალიფიციური პედაგოგები და სკოლის გარემო ეხმარება ორგანიზაციული საკითხების გაცნობიერებაში. ის ეჩვევა გარკვეულ წესრიგს, ითავსებს ასაკისთვის შესაფერის ვალდებულებებს, ინაწილებს პასუხისმგებლობებს, მონაწილეობს გუნდურ მსჯელობებში, შედის დებატებში. სწავლის პროცესში აუცილებელია თამაშის ფორმების ჩართვა.
სკოლაც თამაშის გარკვეული ფორმაა, სადაც ბავშვის მიერ დადებითი როლის მორგების სურვილი მჟღავნდება. ცუდ შემთხვევაში, შეუმზადებელი ბავშვი ვარდება საზოგადოებრივი კალაპოტიდან, ვერ ითავსებს ფუნქციებს, ვერ ეგუება გარკვეული რეჟიმის ფორმებს და პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს. სწორედ ამ დროს ავლენს იგი ისეთ აგრესიულ ფორმებს, როგორსაც სათამაშოების მიმართ გამოხატავდა.
როგორ გამოიცნოთ პირველ ეტაპზე, სრულფასოვნად თამაშობს თუ არა ბავშვი?
• პროცესში უნდა იგრძნობოდეს შემოქმედებითობა და კრეატივი. თამაშის დროს ის უნდა ქმნიდეს, აშენებდეს, თხზავდეს, ახდენდეს საგანთა კომბინირებას.
• აუცილებელია დაწყებული თამაშის ბოლომდე მიყვანა. არ არის სასურველი ერთი მიზნიდან მეორეზე და ასე უსასრულოდ გადასვლა.
• ბავშვმა ყოველ სათამაშოში უნდა დაინახოს შესაფერისი ფუნქცია ან მიანიჭოს კონკრეტული მნიშვნელობა. უნდა დაიცვას, გაუფრთხილდეს და იზრუნოს მასზე. დაზიანების შემთხვევაში გაუჩნდეს სინანული. ამ დროს აუცილებელია მშობლის თანადგომა.
• 11-12 წლის ზემოთ თამაშის დროს მშობელმა მეტი ყურადღება ბავშვის მეგობრებისადმი დამოკიდებულებას უნდა მიაქციოს.
თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ცხოვრებაში, ამიტომ მშობლები მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ ამ პროცესების სრულფასოვნად მიმდინარეობას.
ყველა თამაში ბავშვის ნიჭისა და უნარ-ჩვევების სრულყოფასა და განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.