რა სჭირდება ბავშვს ჯანმრთელობისა და სწორი განვითარებისთვის?
მოზარდებს ესაჭიროებათ სრულიად სხვა მენიუ, რომელიც გაჯერებული იქნება სასარგებლო ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვების სწორი კვება, რომლებიც სკოლაში დადიან და აუცილებელია, მათმა ტვინმა, გონებამ რაც შეიძლება კარგად იმუშაოს.
ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერება, რომელიც ამ დროს ბავშვს ესაჭიროება, ომეგა 3-ია. საჭიროა, რომ იგი ბავშვს რეგულარულად მივაწოდოთ სხვადასხვა პროდუქტის სახით, რომლებიც შეიცავს მას.
კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 ბავშვის გონებრივ განვითარებას 30%-ით აუმჯობესებს. ომეგა 3-ისა და რძის პროდუქტების რეგულარული გამოყენება სამი თვის განმავლობაში ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს 15-დან 30%-მდე ზრდის. ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, გადახედონ ბავშვების კვების რაციონს, ის აუცილებლად სხვადასხვა ვიტამინით უნდა იყოს გამდიდრებული, განსაკუთრებული ყურადღება კი ომეგა 3-ს მიაქციონ.
ექსპერტები სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ 69 მეორეკლასელ ბავშვს. ეს ბავშვები ყოველდღიურად მოიხმარდნენ ომეგა 3-ით გაჯერებულ რძის პროდუქტებს, 34 მოსწავლე კი ყოველდღიურად სტანდარტული რაციონით იკვებებოდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის დასაწყისში ბავშვების 40%-ს აღენიშნებოდა ფიზიკური განვითარების შეფერხება. მათი სტანდარტული რაციონი არ შეიცავდა საკმარისი რაოდენობის რძის პროდუქტებს, კვერცხსა და ყველს, ძეხვეული კი ნორმას აჭარბებდა, რაც ომეგა 3-ის ნაკლებობას იწვევდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ რძის პროდუქტებს ომეგა 3-ით, ასევე, თევზს, ხორცს და თხილეულს, ბევრად სწრაფად ვითარდებოდნენ როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, ხოლო დანარჩენი ბავშვები განვითარების თავდაპირველად აღნიშნულ დონეზე დარჩნენ.
ბავშვის განვითარებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის კვების რაციონს, რომელიც აბსოლუტურად მშობელზეა დამოკიდებული. ეცადეთ, რომ თქვენმა შვილმა სვას რაც შეიძლება მეტი სუფთა წყალი და იკვებოს ჯანსაღად, მოარიდეთ ზედმეტ საკონდიტრო ნაწარმსა და ძეხვეულს, აქცენტი გააკეთეთ ხილ-ბოსტნეულზე, მარცვლეულზე, პარკოსნებზე, ჯანსაღ ხორცეულზე, თევზეულზე, რძის პროდუქტებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ბევრი სიარული ჰაერზე, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
დაბოლოს, მოგეხსენებათ, რომ ბავშვები იმეორებენ ზუსტად იმას, რასაც მათი მშობლები. ამიტომ, პირველ რიგში, თავად უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი, დაკავდეთ სპორტით, მეტი იმოძრაოთ და იკვებოთ ჯანსაღად.