იაკო ჭილაია პოპულარული სერიალის, „იდეალური დედა“ მთავარი პერსონაჟია. დიახ, სწორედ იაკოა ის მაკა მიმინოშვილი, რომლის ოჯახურ ცხოვრებას უკვე მეოთხე სეზონია თვალყურს ვადევნებთ და დიდი ინტერესით ველოდებით. ისევე, როგორც სერიალში მაკას, რეალურ ცხოვრებაში იაკოსაც ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ანდრეა და ორწლინახევრის თომა, მისი მეუღლე კი ასევე ცნობილი მსახიობი გაგა შიშინაშვილია. რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და რა შურს მაკასი იაკოს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ იაკო თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში სწავლობდა. თვლის, რომ გაუმართლა, რადგან ასეთ პედაგოგთან მოხვდა, ჯგუფელებიც კარგი ჰყავდა. სწავლა დასრულებული არ ჰქონდათ, რომ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე დადგნენ და დღემდე ამ თეატრის მსახიობები არიან. არ დაშლილან, თითქმის მთელი ჯგუფი ისევ ერთად მუშაობს. ამასთან ერთად, იაკო მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობიცაა. რაც შეეხება სერიალს, ამას უკვე თავად გიამბობთ.
- 2 თვის გაჩენილი მყავდა მეორე შვილი თომა, ამოვარდნილი ვიყავი ფორმიდან ფიზიკურადაც და შემოქმედებითადაც, იმ პერიოდში სპექტაკლებიც კი არ მქონდა. ზუსტად ამ დროს დამირეკეს და მითხრეს, რომ სერიალისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ზოგადად, სულ მგონია, რომ წინასწარ ჰყავთ ხოლმე მთავარი გმირი შერჩეული და განსაზღვრული, ვინ და როგორი უნდა იყოს. ამიტომ ძალიან უიმედოდ ვიყავი განწყობილი, კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს მეუღლეს მაინც ვკითხე აზრი. მითხრა, წადი, სცადეო. ჰოდა, მეც წავედი „მაინც არ ამიყვანენ“ - განწყობით. პირველი ტური ირაკლი კაკაბაძესთან გავიარე და რომ მითხრა, რა ტიპის სერიალზე იყო საუბარი, გამეცინა, მეც ეგრე ვარ ზუსტად, ორი შვილი მყავს, ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან ერთად, სულ გადარბენა მაქვს-მეთქი, იქვე ვუთხარი. არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, მოვეწონე. შემდეგ იყო მეორე ტური და უკვე მესამედ რომ დამეკონტაქტნენ, მაშინ დავრწმუნდი, რომ დადებითად იყვნენ განწყობილნი და იმედიც მომეცა.
- იაკო, მაკაზე ვისაუბროთ, გგავთ თქვენი პერსონაჟი?
- ცხოვრების წესით, ალბათ, კი. ზოგადად, ვისაც ოჯახი, შვილები ჰყავს, მუშაობს, მათი ცხოვრება რაღაცნაირად ჰგავს ერთმანეთს, როგორც იმ ადამიანების, ვისაც არ აქვს ოჯახი და სხვა საზრუნავი და საფიქრალითაა მოცული. პიროვნულად მაკას ჩემს თავს ვერ ვამსგავსებ, რადგან მაკა ძალიან მშვიდია, გაწონასწორებული, შეუძლია ყველაფერი მსუბუქად მიიღოს, პრობლემები აქვს, მაგრამ ამასაც მშვიდად ხვდება, მიჰყვება ცხოვრებას ღიმილით, „რა მოხდა მერე“ მიდგომით. მე ასე არ ვარ, უფრო ემოციური ვარ, ბევრს ვიცინი, ბევრს ვჩხუბობ, ვტირი და ა.შ. ჩემი ქმარი მეუბნება ხოლმე, სერიალში დილას ხალათით რომ გამონარნარდები, საყვარლად საუზმეს რომ ამზადებ და ბავშვებს აღვიძებ, სახლში რა გემართებაო (იცინის)? სახლში დავდივარ დილაობით გადარბენით, ერთს ვაღვიძებ, მეორეს საუზმეს ვუმზადებ, სულ მეჩქარება, სულ ქაოსი მაქვს, ყველაზე მეტს მე ვლაპარაკობ და ზოგადად, აქტიური ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან მაკას სიმშვიდის მშურს.