38 წლის ქალმა გატეხილი ტელეფონის გამო ქალიშვილს ქუჩაში სასტიკად სცემა. ეს შემზარავი ამბავი რუსეთში, კერძოდ კი, როსტოვში მოხდა, სადაც მთვრალი დედა ოთხი წლის ბავშვს გამვლელების თვალწინ სასტიკად გაუსწორდა. როგორც ცნობილია, ქალის გაბრაზების მიზეზი ტელეფონის გატეხვა გახდა, რის შემდეგაც, გამვლელების თქმით, დედამ გოგონა ასფალტზე დაანარცხა, შემდეგ კი ხელი მოჰკიდა და გაათრია.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქალის მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. მოსახლეობის თქმით, მოძალადე დედა ხშირად სვამდა, რის შემდეგაც 4 წლის გოგონას მუდმივად უყვიროდა და ამცირებდა ყველას წინაშე.
28 მაისს გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მას სხეულზე მრავლობითი დაზიანება და სისხლჩაქცევები ამოაჩნდა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამჟამად საუბარია ქალისთვის დედობის ჩამორთმევასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს ქალმა აღიარა, რომ მან გოგონა დასაჯა გატეხილი მობილური ტელეფონის გამო. მისივე თქმით, წინა დღეს დედა გარდაეცვალა და ამიტომაც იყო ნასვამ მდგომარეობაში.
"ამჟამად პოლიცია დაკავებულია 4 წლის გოგონას მეურვეობის საკითხის გადაწყვეტით", - წერენ რუსულ მედიაში.