საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი პირადი ცხოვრება კი მუდმივად იწვევს ინტერესს. როგორც ცნობილია, ანამ მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე 2014 წელს იქორწინა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ ფოტოებს და მეგობრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომენტარს იღებდა. მათ ქალიშვილი, ანასტასია შეეძინათ და ოფიციალურად ხელი სწორედ მისი ნათლობის დროს, 2016 წელს მოაწერეს, თუმცა წყვილის ურთიერთობა მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა.
როგორც „ინსტაგრამიდან“ ჩანს, მიუხედავად დაშორებისა, მშობლები ანასტასიასთან დიდ დროს ატარებენ და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობდა და ინფორმაციას მეორე ორსულობის შესახებ არ ამჟღავნებდა. 2020 წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ გახდა დედა, მას გოგონა, სახელად კირა შეეძინა. ანა კირას ფოტოებს საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს.
კირას დაბადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანა მარგველაშვილის დედა, ტასო ვირსალაძე: „ხელში ჩემი პირველი შვილიშვილი მიჭირავს, ოთხი წლის წინ. დღეს ისევ ბებია გავხდი, მაგრამ ჯერ ხელში არ მიჭირავს. მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას, კირა! გილოცავ დაბადების დღეს!“ - წერდა ის.
კირა ანას მეგობრებისა და გამომწერების მხრიდან დიდ სიყვარულსა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „ვგიჟდები ამ ბავშვზე, საოცარი ვინმეა“, „რა საყვარელია ეს მარწყვი გოგო“, „მეორე ფოტო ბევრჯერ გავადიდე...“ - წერენ კომენტარებში.