სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ალბათ, ერთხელ მაინც უნახავთ ჯან ლუკა ვაკის ვიდეო, რომელმაც საკუთარი პლასტიკით არაერთი ადამიანის გაოცება შეძლო და მალევე შეიძინა გულშემატკივართა ურიცხვი არმია. ჯან ლუკა 50 წლის მულტიმილიონერი ენტრეპრენერია. მას „ინსტაგრამზე“ 21 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად და ოჯახურ კადრებს. როგორც ცნობილია, მას და მის შეყვარებულს, შერონ ფონსეკას, პირველი შვილი ერთი წლის წინ შეეძინათ. გოგონა, სახელად ბლუ იერუსალიმი, მგლის ხახით დაიბადა და ამ ერთი წლის მანძილზე მან ორი რთული ოპერაცია გადაიტანა, რათა განკურნებულიყო.
ჯან ლუკა ვაკიმ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი შვილი თავს უკვე კარგად გრძნობს: „ძალიან რთული რამდენიმე დღე გვქონდა. რთულია, უყურო უდანაშაულო არსების ტანჯვას... მან შეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება. ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ და არასდროს გავრეცხავ პერანგს, რომელიც მისი სისხლითაა დასვრილი. მინდა, შევინახო ამ გამოცდილების ყველა მოგონება, ამ პატარა ანგელოზმა მე და შერონს გამბედაობის მაგალითი გვაჩვენა. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა მშობელს, რომელთა შვილებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. შვილის სიყვარული ისეთივე ღრმაა, როგორც ტკივილი, რომელსაც ვგრძნობთ მათი ტანჯვის ყურებისას. ბლუ უკეთესადაა და მე უფრო ბედნიერი ვერასდროს ვიქნები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის“ - წერს ჯან ლუკა ვაკი.