„ხალხი ამბობს, რომ ყველაზე რთული დედის ან მამის დაკარგვაა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაზე მძიმე შვილის დაკარგვაა..."
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ ტრავოლტა იყო მოსიყვარულე მამა, რომლისთვისაც დედამიწა მისი ოჯახის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ ცხოვრება მყისიერად გაიყო ორად: ცხოვრება შვილთან ერთად და შვილის გარეშე - 2009 წლის 2 იანვარს მისი 16 წლის ვაჟი გარდაიცვალა კავასაკის სინდრომით გამოწვეული ეპილეფსიის შეტევის შედეგად. ეს მოხდა ბაჰამის კუნძულებზე შვებულების დროს.
ჯონ ტრავოლტამ თქვა, რომ შვილის დაკარგვა ყველაზე რთული რამაა, რაც კი ოდესმე შეიძლება მოხდეს. ჯონ ტრავოლტასა და მსახიობ კელი პრესტონის უფროსმა ვაჟმა ჯეტმა, რომელიც აუტიზმით დაიბადა, მათი ცხოვრება დაბადებისთანავე შეცვალა. ეს იყო არაჩვეულებრივი სიყვარული, როგორც მსახიობი იხსენებს: „ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ცხოვრება ჯეტის გარეშე. როცა დაიბადა, დაბანეს და ჩააცვეს, ხელში ავიყვანე და რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამიშვია. კელის მშობიარობის შემდეგ ეძინა, ექიმები ჯეტის შესამოწმებლად მოვიდნენ, მაგრამ მე არ გავატანე, ვუთხარი, რომ ხვალ წაეყვანათ, თითქოს ვერ დავთმე ჩემი შვილი... ”
მსახიობის საყვარელმა ვაჟმა მხოლოდ 16 წელი იცოცხლა... ის ოჯახთან ერთად ისვენებდა კუნძულ გრანდ ბაჰამის აგარაკზე, როცა ტრაგედია მოხდა. „ჩვენ გვეძინა, როცა ხმაური გავიგე და მაშინვე ჩემი შვილის ოთახისკენ წავედი, - იხსენებს ტრავოლტა. - ამ დროს მის გვერდით უკვე ექთნები და ექიმები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ ჯეტის გადარჩენას, რომელიც კრუნჩხვაში იყო. მე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დავუწყე, შემდეგ გულს ხელით ვუმასაჟებდი... ჯეტს რეგულარულად ჰქონდა ასეთი კრუნჩხვები. ასე რომ, ჩვენ ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა, რა გაგვეკეთებინა. და ის ყოველთვის უმკლავდებოდა. ყოველთვის, ამ შემთხვევის გარდა... ეს მისთვის ბოლო აღმოჩნდა."
ჯეტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის გონს არც მოსულა, ისე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პარამედიკოსმა ტარინო ლაითბორნმა გაიხსენა, რომ ჯონ ტრავოლტა გიჟურად გამოიყურებოდა, როცა აგრძელებდა შვილის ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას. ცრემლიანი თვალებით ევედრებოდა გადარჩენას. მოგვიანებით ტარინომ დაწერა: „ტიროდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. მახსოვს, როგორ ახედა ჭერს და გამუდმებით იმეორებდა: „ღმერთო, გთხოვ, დამეხმარე“.
ლაითბორნმა მოზარდი საავადმყოფოში წაიყვანა და მისი გარდაცვალების მომენტსაც შეესწრო: „ჯონი საავადმყოფოს ფარდის უკან იდგა. მის თვალებში ენით აღუწერელი ტკივილი და ენით აღუწერელი სიყვარული იყო შვილის მიმართ. ის შვილს მოეხვია და უთხრა: "ბოდიში, ჯეტ". ვფიქრობ, ის გულისხმობდა: "ბოდიში, ჯეტ, მე ყველაფერი გავაკეთე."
2019 წელს US Weekly-თან ინტერვიუში ჯონ ტრავოლტამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორია შვილის დაკარგვა. აშკარა იყო, რომ ათწლეულის შემდეგაც ეს ჭრილობა არ შეხორცებულა და ის ამ ყველაფერს ისევე განიცდიდა, როგორც იმ ტრაგიკულ დღეს. მსახიობმა თქვა, რომ ამ გამოცდილების შემდეგ ცხოვრება ვეღარასდროს იქნება იგივე. „ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ოდესმე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. სიმართლე რომ ვთქვათ, არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა მისი გადარჩენა... ხალხი ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე რთული დედის ან მამის დაკარგვაა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაზე ცუდი, ყველაზე რთული შვილის დაკარგვაა. ვინც გიყვარდა, ვისზეც ზრუნავდი, ვის ზრდასაც ყოველდღე უყურებდი, ვისაც სიარული ასწავლე, ვინც გასწავლა, როგორ გიყვარდეს ჭეშმარიტად... ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს“ - წერს მსახიობი "ფეისბუქზე" ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ.
„ამ ბიჭმა იმდენი სიხარული შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, იმდენი ბედნიერება... მამობის ამ 16-მა წელმა მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დედამიწაზე - უპირობო სიყვარული“, - დასძინა მსახიობმა.
ჯონ ტრავოლტა მიმართავს ყველა შვილსა და მშობელს სამყაროში: „ამ ქაოსური ცხოვრების დროს მშობლებმა უნდა შეძლონ, იპოვონ რამდენიმე თავისუფალი წამი და თქვან - „გმადლობთ“ - რადგან ჰყავთ შვილები, ხოლო შვილებმაც თქვან - „გმადლობთ“, რადგან ჰყავთ მშობლები. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ თქვენს მშობლებთან, ხოლო მშობლებო, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის და როცა ერთ დღეს აიღებთ ტელეფონს და საყვარელ ადამიანს დაურეკავთ, შეიძლება მან ვეღარ გიპასუხოთ... გიყვარდეთ და იცხოვრეთ ყოველი დღით ისე, თითქოს ეს უკანასკნელია.“