ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე რამდენიმე თვის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის რჩეულს, აჩიკო ჯაფარიძეს, ბიჭი, სახელად სანდრო შეეძინათ. როგორც ნანი ბრეგვაძე აღნიშნავს, პატარა სანდრო მამას ჰგავს: „ბავშვობის ფოტოების მიხედვით, მამას ჰგავს, ნატალიკოსი ჯერერობით არაფერი აქვს, მაგრამ ბავშვები ძალიან ხშირად იცვლებიან... ნატალიკო არაჩვეულებრივი დედაა, სასწაული! არავის არაფერს არ აკეთებინებს, თვითონ არის მთავარ როლში! ძიძა არ გვყავს, ან რაღა საჭიროა?! ეკა სულ გადაგებულია, ნატალიკოს მამიდა მარიკა, მართლაც გადარეული მამიდაა და ჯერჯერობით ძიძის გარეშე მშვენივრად გავდივართ. როდესაც ნატალიკოს გადაღება ან სცენაზე გასვლა აქვს, ეკა და ნატალიკოს მამიდა, მარიკა მიდიან და ბავშვის მოვლაში ძალიან ჩართულები არიან“ - ამბობდა ნანი ბრეგვაძე. შვილთან ურთიერთობის შესახებ „მთავარ არხთან“ თავად ნატალიამაც ისაუბრა:
„ისედაც ვიცოდი, რომ ვიქნებოდი მშვიდი დედა. საკმაოდ წყნარად მივიღე ეს ამბავი. ერთადერთი, მქონდა შიში, რომ მექნებოდა მშობიარობის შემდეგი დეპრესია. ჰორმონალური ცვლილებები, რასაკვირველია, ყველა ქალის ორგანიზმშია, ბევრად უფრო ბედნიერი ვიყავი და ამის გამო სულ მეტირებოდა. არაფერი უარყოფითი არ ყოფილა. ეს, ალბათ, სანდროზეა დამოკიდებული. გვძინავს კარგად და ყველაფერი მიდის მშვიდად, იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება…“ - თქვა მან.