"ლელუკა ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არ არსებობს, უყურადღებოდ წამით მაინც დამტოვოს. წლებია ასე გრძელდება", - ამბობს კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე. ის გულახდილად გვესაუბრება მეუღლეზე, შვილებზე, საყვარელზე, რომანტიკაზე, მუსიკაზე, პროექტზე "მიმღერე" და მონიკა ბელუჩისთან შეხვედრის ამბავსაც იხსენებს.
- პროექტში "მიმღერე" ჩართვას სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც ამიხსნეს, ეს არ იქნებოდა კონკურსი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. დღემდე არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია და ალბათ არც მივიღებ. მაგას მუსიკალურ მონაცემებსა და პროფესიონალიზმს მიღმა კიდევ სხვა რამ სჭირდება. ჩვენს პროექტში კი ოჯახური, მეგობრული გარემოა და ეს მსიამოვნებს. ტელევიზიასთან მოლაპარაკებების დროს ბოლომდე არ ვიცოდი, მონაწილეები ვინ იქნებოდნენ, მაგრამ ნაწილის შესახებ ინფორმაცია მქონდა.
- მაყურებელთა მიერ გამოხატული ემოციებიდან რა დაგამახსოვრდათ?
- სოციალურ ქსელში ამ პროექტის მიმართ ძალიან დიდი პოზიტივია. ხალხს მონატრებია მსგავსი საღამოები. ქუჩაში მაჩერებენ, მელაპარაკებიან (არა მხოლოდ მე, სხვა მონაწილეებსაც). თუ არ ვცდები, სამი ეპიზოდი დარჩა. სხვათა შორის, მეუბნებიან, თუ გაგრძელდება, კარგი იქნებაო.
- თქვენი ოჯახის შესახებ მიამბეთ, ლელუკა როდის და სად გაიცანით?
- ლელუკა 19 წლის წინ, "თეატრალურის კვარტეტის" ერთ-ერთ რეპეტიციაზე გავიცანი. ჯგუფი ახალი შეკრებილი ვიყავით, მეორე თუ მესამე რეპეტიცია გვქონდა. მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი დათო არჩვაძე იყო. დათო და ლელუკა ბავშვობის მეგობრები არიან. ერთ დღეს დათოს უთქვამს, ძალიან კარგი კვარტეტი შეიკრიბა, წამოდი, რეპეტიცია აქვთ და მოგასმენინებო. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღის შემდეგ გულში ჩამივარდა.
- მისი გულის მოგება გაგიჭირდათ?
- დიახ, 8 წელი მოვანდომე.
- რთულად მოსახიბლი აღმოჩნდა?
- ასე გამოდის.
- რა პიროვნული თვისებები აღმოაჩინეთ ამ ადამიანში, რამაც მასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩინათ?
- ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც ადამიანში მხიბლავდა.
- უფრო კონკრეტულად?
- ლელუკა ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არ არსებობს, უყურადღებოდ ერთი წამით მაინც დამტოვოს. წლებია ასე გრძელდება. სიტყვებითაც მიჭირს გადმოცემა. ლელუკა არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს ჩემზე. მეც მზრუნველი ვარ.
- 8-წლიანი მცდელობის შემდეგ თავად რით მოხიბლეთ?
- (იცინის) ეგ უკვე არ ვიცი, ამაზე არასდროს გვილაპარაკია.
- სიყვარულში როგორ გამოუტყდით, იმ დღეს როგორ გაიხსენებთ?
- ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ქცევაზე მეტყობოდა, რომ მიყვარდა. მისი გაცნობის შემდეგ მეტყველების უნარი ნელ-ნელა წამერთვა (იცინის).
- რომანტიკა, სიურპრიზები რა დოზით არის თქვენს ურთიერთობაში?
- ადრე მეტად რომანტიკული ვიყავი, თუმცა ახლაც ვარ. ლელა ჩემზე მეტად რომანტიკულია. გამოგიტყდებით, ეს ამბავი ლელას უკეთესად გამოსდის, ის ჩემ გაოცებას ხშირად ახერხებს.
- გარდა იმისა, რომ ერთმანეთს პიროვნული თვისებებით ხიბლავთ, მუსიკაც გაერთიანებთ. ჰარმონიული ურთიერთობისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუსიკა არის ფერები, სურნელება, შეგრძნება... ყველაფერი მუსიკასთან ასოცირდება. ლელუკაც ასეა, ჩვენ ერთი სამყარო გვაქვს. რა თქმა უნდა, ხშირად ვკამათობთ მუსიკაზე, ფილმებზე, მაგრამ ჩვენ მაინც ერთი სამყარო გვაქვს. მუსიკა ჩვენს ურთიერთობას დამატებით სხვა ფერებსა და ხიბლს სძენს.
- ლელუკა რომ მუსიკალური არ ყოფილიყო, თქვენს ურთიერთობას ეს თავისებური ხიბლი მოაკლდებოდა?
- ალბათ, მოაკლდებოდა. ჩემი დილა, საღამო არის მუსიკა. ამის გარეშე წარმოუდგენელია. სულ მიკვირს, როგორ სამყაროში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მუსიკასთან არანაირი შეხება არა აქვთ. სხვათა შორის, ასეთებთან აქამდე ურთიერთობა არ მქონია.
- წლების წინ როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე?
- რომ შევიკრიბეთ, რეპეტიციები დავიწყეთ და ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი, პირველი ეტაპი კომპოზიტორების გაცნობა იყო. კარგად მიგვიღეს მაცაცო სებისკვერაძემ, ნუნუ დუღაშვილმა, ნუნუ გაბუნიამ, მარიკა კვალიაშვილმა, ვაჟა აზარაშვილმა, შემდეგ - ჩვენმა თანამედროვე კომპოზიტორებმა, ქეთი გაბისიანმა და ლილიკო ნემსაძემ. ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს წარმატებაში. პირველი კომპოზიტორი, რომელიც გვენდო და სცენაზე დაგვაყენა, ნატო გელაშვილი იყო. გვერგო პატივი, მისი კონცერტი მისივე არაჩვეულებრივი სიმღერით გაგვეხსნა. ნატო გელაშვილს ჩვენი სცენის ნათლია შევარქვით.
- ბავშვობაში არ მღეროდით?
- ბავშვობაში არც ერთ საბავშვო სტუდიაში არ დავდიოდი, სპორტით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სულ მინდოდა მემღერა, ბავშვთა ანსამბლებში მევლო. მუსიკალური საქმიანობა გვიან დავიწყე, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი რომ გავხდი. ჩვენი კვარტეტის წევრმა ლაშა კირვალიძემ ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი "თეატრალები", რომელსაც გოგიტა ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ 4 კაცი გამოვეყავით და შეიქმნა "თეატრალურის კვარტეტი", რომელსაც სათავეში დათო არჩვაძე ჩაუდგა. ჩემი მუსიკისადმი სიყვარული ოჯახიდან მოდის. ჩემთან სულ ისმოდა ქართული სიმღერა, მას ვერ გავექცეოდი, არც მქონდა შანსი, არ შემყვარებოდა, ან მასზე კარგი რა უნდა შემყვარებოდა?! ბებიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში...გაგრძელება