ბავშვისთვის დანიშნული პროცედურის ჩატარება იოლი არ გეგონოთ. უპირველეს ყოვლისა, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. მოიკრიბეთ ძალა და გამბედაობა - თქვენ ხომ გამოცდილი ექთანის როლი უნდა შეასრულოთ, შემდეგ კი ხელები დაიბანეთ და საქმეს შეუდექით...
1. ციცქნას ყური სტკივა
მოამზადეთ თქვენი ნამცეცა: თავი გვერდზე მიუბრუნეთ და ყურის ნიჟარა გაუწმინდეთ ბამბით ან ბამბადახვეული ჩხირებით, რომლებიც საგანგებოდ ჩვილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. შეეცადეთ, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ.
2. არ დაგავიწყდეთ, შეათბოთ!
ყურში ჩაწვეთების წინ წამალი აუცილებლად, ხელისგულში შეათბეთ, შემდეგ კი საწვეთებლის წვერი ფრთხილად შეუყვანეთ ყურში (ძალიან ღრმად არ მოგივიდეთ) და ჩააწვეთეთ. პროცედურის შემდეგ ბავშვს თავი ცოტა ხნით, გვერდზე დაუჭირეთ - ეს აუცილებელია, პრეპარატმა საჭირო ადგილამდე რომ მიაღწიოს.
3. გზა მიეცით წამალს!
თუ პაწიას ცხვირი გაჭედილი აქვს, ზღვის მარილის ხსნარი ან გაზგასული ბორჯომი ჩააწვეთეთ. ცხვირის ასე გამორეცხვა აუცილებელია საიმისოდ, რომ ექიმის მიერ დანიშნულ წამალს გზა გაუთავისუფლოთ.
4. ლაღად ისუნთქე, პაწიავ!
ბავშვს ცხვირი ბამბის ტამპონით გამოუწმინდეთ: დაგრიხეთ ბამბის ფთილა, შემდეგ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან ანადუღარ წყალში დაასველეთ და სწრაფად დაუტრიალეთ ჯერ ერთ, მერე მეორე ნესტოში.
5. ლორწოვანი გამონადენის გამოღება
ეს შეიძლება საგანგებო ხელსაწყოთი - ასპირატორით. როდესაც ბავშვს ცხვირი გაუთავისუფლდება, წამალი მერეღა ჩააწვეთეთ.
დაიხსომეთ: ცხვირიდან წამლის ნახევარიც რომ გადმოიღვაროს, ახალი ულუფა არ ჩააწვეთოთ.
6. თუ ცეროდენას თვალი აწუხებს
დოლბანდისგან დამზადებული ტამპონი დაასველეთ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გადადუღებულ წყალში და გაუწმინდეთ ბავშვს თვალები გარეთა კუთხეებიდან შიგნითასკენ ანუ საფეთქლიდან ცხვირისკენ.
გაითვალისწინეთ: ინფექცია ერთი თვალიდან მეორეში რომ არ გადაიტანოთ, ორივე თვალის გასაწმენდად ერთსა და იმავე ტამპონს ნუ გამოიყენებთ.
7. როგორ ჩავაწვეთოთ წამალი
ფაქიზად ჩამოუწიეთ ქვედა ქუთუთო და წამალი შიგნითა ზედაპირზე დააწვეთეთ - ასე პატარას ნაკლებად შეაწუხებს ის უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც თვალში სითხის მოხვედრა იწვევს. თუ ჩაწვეთებისას პატარა თვალს დახუჭავს, არ ინერვიულოთ - წამალი მაინც ჩავა შიგნით.
8. ფრთხილად, სანთელი...
თუ ექიმმა თქვენს პაწიას სანთლები გამოუწერა, უთუოდ გაეცანით მათი მოხმარების წესს. აი, ორი მთავარი წესი: პირველი - დროულად გამოიღეთ მაცივრიდან, წაუსვით ვაზელინი და წყალი გადაავლეთ; მეორე - სანთელს რომ შეუყვანთ, რამდენიმე წამით ხელი დუნდულებზე მოუჭირეთ, თორემ შეიძლება, უკანვე გამოვიდეს.
9. ერთი კოვზი - მამიკოს ხათრით...
მიქსტურას თუ ასმევთ, წამოაყენეთ. არასდროს მისცეთ წამალი დაწოლილს, თორემ სიროფი შეიძლება, სასულეში გადასცდეს. პირი რომ გააღოს, მსუბუქად დააწექით ნიკაპზე, კოვზი ქვედა ტუჩზე დაადეთ და წამალი ნელ-ნელა ჩაასხით პირში.
10. მთავარია, მოხერხება
უფრო მშვიდად რომ იყოთ, შე გიძლიათ, შპრიცი გამოიყენოთ (რასაკვირველია, უნემსოდ). მისი მეშვეობით წამლის რაოდენობასაც ზუსტად განსაზღვრავთ და პირშიც იოლად ჩაასხამთ. მთავარია, შპრიცი მოხერხებულად ჩაუდოთ და დგუშს ხელი ნელა დააჭიროთ, პატარამ წამლის გადაყლაპვა რომ მოასწროს.
არის მეორე ვარიანტიც: გამოიყენეთ მატყუარა, რომელსაც საგანგებო რეზერვუარი აქვს. ის მარტო მიქსტურისთვის კი არა, წყალში გასახსნელი ფხვნილებისთვისაც გამოგადგებათ.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)