1. ქილაში ფენა-ფენად ჩააწყვეთ ვარდის, შროშანის ან სხვა სურნელოვანი ყვავილის ფურცლები, ზემოდან მოაყარეთ წმინდად დაფქული მარილი, კვლავ ჩააწყვეთ ფურცლების ფენა და ისევ მოაყარეთ მარილი.
ასე გააგრძელეთ, ვიდრე ქილა არ გაივსება. შემდეგ ზემოდან დაასხით 3-4 კოვზი სპირტი ან არაყი. დაახურეთ ხუფი ჰერმეტიულად და შეინახეთ. როცა მოგესურვებათ, სასიამოვნო სუნი დადგეს ოთახში, ქილას რამდენიმე წუთით მოხადეთ სახურავი.
2. სანამ ფანჯრის ჩარჩოებს საღებავს წაუსვამდეთ, მინებს ძმარი ასხურეთ და საღებავი აღარ მიეკარება.
3. თუ აბაზანის ან პირსაბანის ნიჟარის ზედაპირი გაყვითლდა, მარილმჟავას ფხვნილი გააზავეთ სკიპიდარში, მიღებული ხსნარი რამდენჯერმე კარგად წაუსვით გაყვითლებულ ზედაპირს და შემდეგ გახეხეთ სარეცხის ფხვნილით.
4. თერმოსში 2 კოვზი ბრინჯი ჩაყარეთ, თბილი წყალი დაასხით, თავი დაახურეთ და რამდენჯერმე კარგად შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ თერმოსს წყალი გამოავლეთ. ჭურჭელი კრიალს დაიწყებს და უსიამოვნო სუნიც გაქრება.
5. კაკლის გული ნაჭუჭიდან ადვილად გამოვა, თუ კაკალს ერთი ღამით დაშაქრულ წყალში გააჩერებთ.
6. კარადის კარები, უჯრები რომ ადვილად გაიღოს, კიდეებზე გასაპნული ჩვარი გადაუსვით.
7. უსახვევო კანფეტები ერთმანეთს არ შეეწებება, თუ შაქრის ფხვნილს (პუდრს) მოაყრით.
8. დამსკდარი პომიდორი რომ არ დალპეს, ნაპრალში მარილი ჩააყარეთ.
9. ბოსტნეული გაწმინდეთ უჟანგავი ფოლადის დანით, რადგან რკინის შეხებით C ვიტამინი, რასაც ბოსტნეული შეიცავს, იშლება.
10. სველი ჩაი კარგად აცილებს ჭურჭელს თევზისა და ხახვის სუნს.
11. ყვავილოვანი კომბოსტოს ხარშვის დროს ცუდი სუნი რომ არ დადგეს, ქვაბში ჩადეთ რამდენიმე კარგად გარეცხილი კაკალი.
12. თუ პომიდორს მომინანქრებულ ქვაბში ჩააწყობთ და მაცივრის ქვედა თაროზე თავღიად დადგამთ, დიდხანს შეინახება.
13. ცვილი ძაფს ამაგრებს, გაცვილული ძაფით დაკერებული ღილი დიდხანს არ მოწყდება.
14. მცენარეული ზეთი რომ კარგად შეინახოთ, მაცივარი საჭირო არ არის. ზეთს ზემოდან მოასხით არაყი, რომელიც ჰაერს აღარ მიუშვებს ზეთის ზედაპირთან და დაიცავს გაფუჭებისგან.
15. თუ მდოგვი გახმა, რამდენიმე წვეთი ძმარი დაასხით.
16. თუ გაშლილი ცომის სხვა ფურცელზე გადატანა გნებავთ, გაბრტყელებულ ცომს ფქვილი მოაყარეთ და საგორავზე გადაახვიეთ.
17. თუ სიცხეში ფეხით დიდი გზა გაქვთ გასავლელი, რომ არ გაოფლიანდეთ, დალიეთ ოდნავ მარილიანი წყალი.
18. იმისათვის, რომ ოთახში სასიამოვნო სურნელი დატრიალდეს, ნათურას მიაპკურეთ 1-2 წვეთი სუნამო და შემდეგ აანთეთ.
19. ნედლი შეშა ადვილად რომ აინთოს, ქვამარილის ნამტვრევები მოაყარეთ.
20. დაბლაგვებული მაკრატლის პირი ისევ მჭრელი გახდება, თუ ამ მაკრატლით რამდენჯერმე გაჭრით ზუმფარას.