მიყვარს ზაფხული... ჩემი ახლანდელი ზაფხულები განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ ცოტა არეული... არეული რატომ?.. და აი, რატომ...
ჩამოდიან ჩემი მონატრებული შვილები და მათი პატარები ევროპა-ამერიკიდან და იწყება სხვადასხვა ენაზე სიყვარულის და ამბების გაზიარება...
ყველაზე მეტად ჟენეველების ფრანგული იჩაგრება... სხვას არა უშავს. ირევა ერთმანეთში ქართული, ინგლისური და რუსულიც. ეს ჟენეველები ორლოვები არიან და ამტვრევენ რაღაც რუსულს...
მე ზაფხულის 4 კვირა მეკუთვნის და ქართულია აქ - მთავარზე უმთავრესი. ვაკვირვებ, როგორც შემიძლია და რითიც... ყველაზე ადვილი აქაური გემოებია!
ამიტომაც ბუნებრივად აღფრთოვანებულები არიან - აქ ყველაფერს სხვა გემო აქვსო. ხილი მესმის, მაგრამ ამბობენ, სტაფილოს და კარტოფილსაცო, არაჟანს და რძესაცო...
რა ვიცი, აბა?... ალბათ, მართლა ასეა...
სახლში, სადაც დიდი ოჯახია და მით უფრო, აგარაკზე, ყველაზე მომაბეზრებელი საჭმელზე ფიქრია... სადილზე რა გავაკეთოთ? ვახშამს რა ვუყოთ? ხვალ რა ვქნათ? ბავშვებს რა უყვართ? დიდებსაც ხომ უნდათ ჭამა... მოკლედ, ირევა ეს გემოები... თან, ყველაფერი აინტერესებს ჟენევიდან ჩამოსულ ანუშკას... უნდა ასწავლო და აუხსნა...
და ერთ საღამოს, აქ, კიკეთში დაჩაგრულ ფრანგულსაც გამოუჩნდა ქომაგი... იქნებ რაიმე ვითომ ფრანგულიო...რამე პიკანტური სალათიო, ცოტა მოტკბო, სხვანაირი გემოთიო, ხორცს რომ მოუხდესო - ისურვეს...
მე და ანუშკა საქმეს შევუდექით... დიდი არჩევანი, კიკეთში, ტყეში რომ ხარ, ნამდვილად არ არის...
გვქონდა კომბოსტო და სტაფილო... ბევრი გემრიელი ვაშლატამა და შავი ქლიავი... როგორც ანუშკამ თქვა, ასეთ სალათებს მაიონეზიც უნდა და ცოტა "სოურ კრიმიო" - მოკლედ, არაჟანი და მაიონეზიო... ეს უნდა გვეშოვნა... არც ეს არის პრობლემა კიკეთში, ვინმეს ექნება... ეს არის აქაური ხიბლი...
გუშინ ამოვიტანე, შემომაშველა ჩემმა დამ და სანამ ბოსტნეული, ხილეული დავჭერით, ისიც გაჩნდა... თან როგორი აღმოჩნდა... უკვე გაერთიანებული... ამან ძალიან გაგვახალისა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ეს პატარა გოგო, რომ აქ ყველაფერი სხვა გემოსია და სულ სხვანაირი...
უფროსები ცოტა ეჭვით კი გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ... ანუშკასაც ასე ვუთხარი, თუ ამდენ ენაზე ვლაპარაკობთ და ყველაფერიც გვესმის, ეს არეულობაც გამოგვივა-მეთქი... და გამოვიდა... ისეთი გემრიელი, როგორიც ჩვენი არეული ახლანდელი ზაფხულებია... ზუსტად ისეთი.
გააკეთეთ, არ ინანებთ, ისეთი სხვანაირი გემოა და ისე უხდება ხორცს...
P.S. ახსნა ხომ უნდოდა მაინც ამ ამბავს... ანუშკა ასე ითხოვს, ისედაც აწუხებს - აქ ფრანგული რა ცოტამ იცისო და ამიტომ მაიონეზის ფრანგულობით ცოტა გავუმაგრე პოზიციაც... მართალია, დასაწყისი მაინც ვერ იყო მისი მოსაწონი, მაგრამ...
მოკლედ, ამბავი ასეთია...ესპანელების, კუნძულ მენორკის დედაქალაქი მაონი, ფრანგ ჰერცოგ რიშელიეს ჰქონდა დაპყრობილი. 1758 წელს მაონს ბრიტანელებმა ალყა შემოარტყეს, მალე ფრანგებს სანოვაგე შემოაკლდათ. მარტო კვერცხის და ზეითუნის ზეთის ამარა დარჩნენ და ამიტომაც მზარეულები ყოველდღე ომლეტს და სხვადასხვანაირ ტაფამწვარს აკეთებდნენ. ძალიან მობეზრდათ მეომრებს. რიშელიემ მზარეულს უბრძანა, რაიმე ახალი მოეფიქრებინა.
დიდი არჩევანი არც იყო... მზარეულმა კვერცხი და ზეთი ათქვიფა, ცოტა მარილიც დაუმატა და გამოვიდა რაღაც საკმაზი. მოეწონა რიშელიეს და ამ სოუსს ქალაქის საპატივცემულოდ "მაიონეზი" დაარქვა - ლეგენდა ასეთია...
მოკლედ, აქაც ბევრნი არიან. მართალს რაღას გაიგებ, მთავარია, მაიონეზი დაგვრჩა... თან ჩვენს კერძსაც მოუხდა ეს ისტორია... არეული და გამართლებული...
ეს შეერთებული ვაშლი და ატამი - ვაშლატამა და კიდევ ეს ნაზავი - მაიონეზი "სლობოდა არაჟნით" აღმოვაჩინეთ.
მარიკა დარჩია
<div class="righttitle">sponsored by ContentRoom</div>