ლამაზი, მიმზიდველი, ძაღლისგამოსახულებიანი სალათა საახალწლო სუფრასაც გაგილამაზებთ, ბავშვებსაც მოეწონებათ და სტუმრების აღფრთოვანებასაც დაიმსახურებს. ინგრედიენტები ხელმისაწვდომია და ადვილი გასაკეთებელი.
სალათა, ძირითადად, ცნობილი "ოლივიესგან" კეთდება. ინსტრუმენტებიდან დაგჭირდებათ: დანა, საჭრელი დაფა, კოვზი, ფიალა და სახეხი.
ინგრედიენტები:
მოხარშული კარტოფილი - 2 ცალი;
მოხარშული სტაფილო - 1 ცალი;
მოხარშული კვერცხი - 3 ცალი;
მოხარშული ქათმის ფილე - 300 გრამი;
ცოცხალი კიტრი - 1-2 ცალი;
მაიონეზი - 3 სადილის კოვზი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მოსართავად: უკურკო ზეთისხილი 3-4 ცალი;
ცოცხალი პომიდვრის ნაჭერი;
რამდენიმე ცალი სანელებელი მიხაკი.
მომზადება
1. ინგრედიენტები მოამზადეთ: გარეცხეთ, მოხარშეთ, გააგრილეთ, გაფცქვენით.
2. კარტოფილი და სტაფილო კუბებად დაჭერით. მოათავსეთ თასში.
3. ქათმის ფილე წვრილად დაანაწევრეთ; შეგიძლიათ დაძენძოთ. შეურიეთ კარტოფილიან და სტაფილოიან მასას.
4. ცოცხალი კიტრი შეგიძლიათ მჟავეთი ჩაანაცვლოთ. მისთვის კანის მოჭრაც გემოვნების ამბავია. დააჭერით ერთი ცალი მოხარშული კვერცხიც. 2 გასაფორმებლად შეინახეთ.
5. ინგრედიენტები მაიონეზით და მარილ-პილპილით შეაზავეთ.
მორთვა
1. კარგად ამოურიეთ და მოემზადეთ!
2. მზა სალათა ბრტყელ თეფშზე გადაიტანეთ. მიეცით ოვალის ფორმა და გამოკვეთეთ ყურები.
3. მორჩენილი კვერცხის გული პატარა ფიალაზე გახეხეთ და ძაღლუკას სახეს დააყარეთ.
4. გახეხილი ცილით კი ცხვირი და ყურები დაუფარეთ.
5. ძაღლუკას თვალები და ცხვირი ზეთისხილისგან გაუკეთეთ. ენა - პომიდვრისგან. მოსართავად გამოიყენეთ მიხაკი.
ლამაზი და ორიგინალური სალათა მზადაა. გემრიელად მიირთვით!
5 შესანიშნავი დესერტი ახალი წლის ღამისთვის
"მანდარინები" ცხარე შიგთავსით - ორიგინალური კერძი საახალწლო სუფრისთვის სტუმრების განსაცვიფრებლად