ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დიასახლისებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ნუგბარის, გოზინაყის მომზადება. გოზინაყს ყველა ოჯახში განსხვავებული მეთოდით აკეთებენ, საკუთარი ოჯახური ტრადიციის შესახებ კი „ფორტუნას“ ექიმი-ბლოგერი ნინო შარაშენიძე ესაუბრა:
„ახლა გაგიზიარებთ იმ გოზინაყის რეცეპტს, რომელიც ჩემს ოჯახში კეთდებოდა. აკეთებდა ბებია, დედა და ახლა ვაკეთებ მე. ამისთვის გვჭირდება:
1 კგ ნიგოზი, ნახევარლიტრიანი ქილით ხარისხიანი თაფლი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამი ჩაის კოვზი შაქარი, რომლისგანაც ვაკეთებთ შაქრის პუდრას.
მომზადების წესი: თაფლი ადუღებამდე უნდა მივიყვანოთ სწრაფი მორევით, სქელძირიან ჭურჭელში. შემდეგ მორევით უნდა გაცივდეს, ამ პროცედურას რამდენჯერმე ვაკეთებ ხოლმე. ამ დროისთვის უკვე მომზადებული მაქვს ნიგოზი, რომელსაც წინასწარ ვჭრი. შემდეგ ვამზადებ ღუმელს, ვაცხელებ 180 გრადუსამდე, ვდებ ნიგოზს. ის არ უნდა დაიწვას, უბრალოდ ვაცხელებ, რომ მარტივად მოშორდეს კანი. კანგაცლილ ნიგოზს ბოლოჯერ ადუღებულ თაფლში ვყრი და ვურევ კარგად. ვამატებ სამ კოვზ შაქრის პუდრას. ამ მასას გადავიტან ხის დაფაზე, რომელსაც ვასველებთ ოდნავ, რათა არ მიიკრას და ვაბრტყელებ ხელით. მქონდა რამდენიმე მცდელობა, ეს მასა გადავიტანე ტყლაპზე, ასევე ვაფლზე და ძალიან გემრიელი გამოვიდა“ - თქვა მან.