აღმოჩნდა, რომ ესოდენ ამოუცნობი და იდუმალი არსების - ქალის უკეთ შეცნობა და მისი ხასიათის დაფარული მხარეების გაგება იმის მიხედვითაც შეიძლება, თუ რა ფერის თეთრეულს ამჯობინებს იგი
ყვითელ თეთრეულს კეთილგანწყობილი და ოპტიმისტი ქალები ეტანებიან, ისინი არ ცნობენ არსებულ ტრადიციებს და საზოგადოებაში ქცევის მიღებულ ნორმებს. ასეთი ქალები სიცოცხლით სავსენი და გულახდილები არიან. ერთი შეხედვით, თითქოს გულუბრყვილოებიც ჩანან, მაგრამ სინამდვილეში კარგად იციან ურთიერთობაში საჭირო ზღვარის დაცვა.
თეთრი - ე.წ. ცივსისხლიან და ჭკვიან ქალებს მოსწონთ. ამ ტიპის ქალებისათვის მთავარი შედეგია, ხოლო ის, რა გზით შეძლებენ სასურველი მიზნის მიღწევას, სრულებით არ აღელვებთ. მათთვის "მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას".
სტაფილოსფერს ახალი იდეებით სავსე, გმირული საქციელისთვის მუდამ მზად მყოფი ქალები ამჯობინებენ. ასეთი ქალები მძაფრი განცდებისკენ ისწრაფვიან. რეალობა მათთვის ზედმეტად პირქუში და ნაცრისფერია, ამიტომ მუდამ ცდილობენ ცხოვრების გადახალისებას; ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
წითელი - ენერგიული, აქტიური ქალებისთვისაა განკუთვნილი. მათ არ ერიდებათ თავიანთი სურვილებისა და გრძნობების დემონსტრირების, საოცარი ფანტაზიის უნარი აქვთ და ტემპერამენტიანებიც არიან. წითელი თეთრეულის მოყვარული ქალბატონები ბავშვობიდანვე ლიდერობისკენ ისწრაფვიან და ახალ საქმეებს ენთუზიაზმით ჰკიდებენ ხელს. მათ გარშემო მყოფებს კი სიფრთხილე მართებთ - არავინ უნდა შეეხოს მათ თავმოყვარეობას.
ვარდისფერი - ნაზი და დელიკატური ქალების არჩევანია. სენტიმენტალობა და მოჭარბებული რომანტიკულობა სწორედ რომ მათი საქმეა. ასეთი ტიპის ქალებს ყველაფერი ადვილად სწყინთ, ეშინიათ კონფლიქტების და ამიტომ მზად არიან, იოლად დათმონ პოზიციები, ოღონდაც კი ირგვლივ სიმშვიდე და ურთიერთთანხმობა სუფევდეს.
იასამნისფერს საკუთარ თავში ჩაკეტილი და გარეგნულად ცივი ქალები ანიჭებენ უპირატესობას. ისინი უმეტესწილად, გულგრილი ადამიანის როლს თამაშობენ, სინამდვილეში კი მთელი არსებით სურთ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ.
ლურჯი - პუნქტუალური, მოწესრიგებული ქალების საყვარელი ფერია. ამ ტიპის ქალებს სიამოვნებას ანიჭებს სხვებისთვის დახმარების გაწევა, დაინტერესებულნი არიან გარშემო მყოფთა პირადი ცხოვრებით; ახლობლებს კი ჭკუის დარიგებითა და მორალის კითხვით ხშირად თავს აბეზრებენ - შეიძლება ითქვას, ეს მათი ჰობია.
ცისფერი - მეოცნებე ქალებს უყვართ. ისინი ვერასოდეს სჯერდებიან მიღწეულს, დაუღალავად იქექებიან წარსულში და ოხვრით იხსენებენ გარდასულ ტკბილ დღეებს. ამასთანავე, გამუდმებით რაღაცით უკმაყოფილონი არიან, რაღაც არ მოსწონთ პარტნიორ მამაკაცში და ხელახლა, კვლავ უშედეგოდ იწყებენ იდეალის ძებნას.
მწვანე თეთრეულის მოყვარულ ქალებს საოცრად გამახვილებული ინტუიცია აქვთ; ძალიან უყვართ მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ არანაკლებ - ოჯახური გარემო და მოვლილი სახლი. დაუღალავად ზრუნავენ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებზე. ემოციის სახალხოდ გამოხატვა მათი სტილი არ არის.
რუხი თეთრეული თითქმის არაფრით გამორჩეულ ქალებს მოსწონთ. სამაგიეროდ, ისინი უზომოდ ერთგულნი არიან და კარგად იციან მეგობრობის ფასი.
რაც შეეხება შავ თეთრეულს, ის იმდენად მასობრივ მოხმარებაშია, რომ თითქმის ყველა ტიპის ქალი იყენებს, ამიტომ ამ ფერის თეთრეულის მიხედვით მისი ხასიათის გამოცნობა ნაკლებად შესაძლებელია.
ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)