უკვე დიდი ხანია, მსოფლიოს მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებსა და მეთოდებს ეძებენ. დღეს მათ მტკიცედ სჯერათ, რომ ამ ვერაგი სენისაგან დაცვა ყოველ ჩვენგანს შეუძლია. მაინც რისი გაკეთებაა ამისთვის აუცილებელი და საჭირო?
სწორედ ამ კითხვას მიეძღვნა კიბოს პროფილაქტიკური და მკურნალობის საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც მსოფლიოს წამყვანმა ონკოლოგებმა ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ პათოლოგიაზე -სწორი ნაწლავის კიბოზე -იმსჯელეს. სიმსივნური პათოლოგიების 4-6% სწორედ ამ დაავადების წილად მოდის.
კონგრესის მონაწილეთა აზრით, ამ საშიში დაავადების პროფილაქტიკის ძირითად საშუალებად დიეტა უნდა იქცეს. შიმშილისკენ არავინ მოგიწოდებთ, უბრალოდ, გადახედეთ თქვენს მენიუს.
მიირთვით და ნუ იავადმყოფებთ
დაკვირვებებით დადგინდა, რომ დიდი ქალაქის მცხოვრებთა პირადი კვების რაციონი ძირითადად ცხიმიანი და რაფინირებული საკვებისგან შედგება. ამიტომ ექიმთა რეკომენდაცია საკმაოდ მარტივია.
მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. ის, ვინც დღეში დაახლოებით 5-ჯერ მწვანე სალათის ფურცლებს მიირთმევს და გემრიელად ახრამუნებს ვაშლს, კიბოს განვითარების ალბათობას დაახლოებით 30%-ით ამცირებს.
ცოცხალ ბოსტნეულსა და ხილში შემავალ ვიტამინებს, განსაკუთრებით კი -Aდა C-ს, მეცნიერები კიბოს უჯრედების მკვლელებად -აღიარებენ.
როცა პურს არჩევთ, უპირატესობა ისეთ სახეობებს მიანიჭეთ, რომელთა შემადგენლობაშიც ქატო და მზესუმზირის თესლები შედის.
რაც უფრო დიდი რაოდენობით მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელთა შემადგენლობაშიც ჭარბადაა უჯრედისი, მით უფრო მატულობს კიბოს უჯრედების დამარცხების ალბათობა.
უჯრედისს (საკვები ბოჭკოები) მხოლოდმცენარეული პროდუქტები შეიცავს -ხილი, ბოტსნეული, მარცვლეული. ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებებისა და რადიონუკლეიდების გამოდევნას, რადგან აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და შთანთქავს ტოქსინებს.
რა არის სასარგებლო?
ყურადღება მიაქციეთ ცხიმებს. მათი რაოდენობა აუცილებლად შეზღუდეთ. იდეალურ ვარიანტში თქვენს რაციონში მხოლოდ მცენარეული ცხიმები უნდა "ბატონობდეს". ხორციც სწორად უნდა შეარჩიოთ.
ღორისა და საქონლის ხორცი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ისეთი ნაწლავური ბაქტერიების ზრდას, რომლებიც, თავის მხრივ, კანცეროგენებს წარმოშობს. ჩაანაცვლეთ ღორის ხორცი ქათმის თეთრი ხორცით, ოკეანის თევზითა და ზღვის პროდუქტებით.
ჟურნალი "რეიტინგი"