ზაფხულობით ხშირი მოვლენებია: ჭრილობა, ნაკაწრი, ნაკბენი, დამწვრობა... პატარ-პატარა ჭრილობებისა და ნაკაწრების უებარი წამალია სუფთა წყალი და საპონი, რომელიც ჭრილობას ბამბის ტამპონით ან სუფთა ქსოვილით უნდა წავუსვათ და კარგად ჩამოვბანოთ.
გარდა ამისა, ჭრილობის გასასუფთავებლად შინ ყოველთვის იქონიეთ წყალბადის ზეჟანგი.
თუ იარა ღრმაა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
არანაკლებ საყურადღებოა ჟანგიანი საგნით მიყენებული ნაჩხვლეტი ჭრილობა.
იარა სახეზე შესამჩნევ კვალს ტოვებს. ამიტომაც, თუ ბავშვმა სახე დაიზიანა, ის აუცილებლად სპეციალისტს უნდა უჩვენოთ.
თუ ბავშვს ხელი, მით უფრო - მაჯა აქვს გაჭრილი, მოსალოდნელია, ნერვი ან მყესი იყოს დაზიანებული.
თუ ჭრილობაში მტვერი ან მიწის ნაწილაკები მოხვდა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რათა
ტეტანუსისგან დავიზღვიოთ თავი. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატს ან დამატებით აცრას უნიშნავენ.
ცხოველის ნაკბენი
თუ თქვენი პატარა ძაღლმა დაკბინა, უმალვე შეატყობინეთ ექიმ-რაბიოლოგს ან პედიატრს. განსაკუთრებით სასწრაფოა ექიმთან ვიზიტი იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი უპატრონოა, ბავშვს აქვს ნაკბენი თითზე, თავის ან საზარდულის მიდამოში.
ექიმის მოსვლამდე ჭრილობა ზემოთ აღწერილი წესით დაამუშავეთ. ამავე დროს, ყურადღებით ადევნეთ თვალი ძაღლს, რათა ცოფის ნიშნები არ გამოგეპაროთ.
სისხლდენა
ჭრილობების უმრავლესობა რამდენიმე წუთის განმავლობაში სისხლმდინარია. ეს ერთი მხრივ, კარგია, რადგან სისხლს ჭრილობაში მოხვედრილი ბაქტერიების ნაწილი მოჰყვება, მაგრამ როცა სისხლდენა ძლიერი და უწყვეტია, ის აუცილებლად უნდა შევაჩეროთ.
ხელის ან ფეხის სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერება ადვილია - ამისთვის კიდურის მაღლა აწევაც კმარა. დააწვინეთ ბავშვი და იმ კიდურის ქვეშ, საიდანაც სისხლი სდის, ერთი ან ორი ბალიში ამოუდეთ.
თუ ბავშვი სუფთა საგნით (მაგალითად, დანით) დაიჭრა, იარას შიგნიდან ნუ გამოასუფთავებთ, მხოლოდ კიდეები შემობანეთ საპნით, სუფთა წყლითა და წყალბადის ზეჟანგით, მაგრამ თუჭრილობაში ჭუჭყს შეამჩნევთ, წყალბადის ზეჟანგი შიგნითაც ჩაასხით.
სისხლმდინარ ჭრილობაზე დამწოლი ნახვევის გაკეთებისას დოლბანდი რამდენიმე ფენად უნდა გადავახვიოთ. თუ სისხლდენა მეტისმეტად ძლიერია, შეეცადეთ, სისხლის ჭავლი თითის დაჭერით შეაჩეროთ და ჭრილობის ზემოთ დოლბანდი, ღვედი ან სუფთა ქსოვილი გადაუჭირეთ.
ამას ლახტის დადებას უწოდებენ. მაგრად მოჭერილი ლახტი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ორიოდე წუთით მოუშვით, მერე კი ისევ მოუჭირეთ.
ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს. ხშირად საკმარისია, ბავშვი რამდენიმე წუთით სკამზე დავსვათ. სისხლი რომ არ გადაეყლაპოს, თუ ზის, თავი ოდნავ დაახრევინეთ, თუ წევს - გვერდზე მიაბრუნებინეთ. ნება არ მისცეთ, ცხვირი მოიწმინდოს ან ნესტოებზე ცხვირსახოცი მოიჭიროს.
კარგია თავზე ცივი ნივთის დადებაც, რაც სისხლძარღვთა შეკუმშვასა და სისხლდენის შეჩერებას უწყობს ხელს. ცივის დადება სასურველია კისრის უკანა მხარეს, შუბლზე ან ზედა ტუჩზე. ამისთვის გამოდგება ცივ წყალში დასველებული ქსოვილი, ყინული, მაცივრიდან გამოღებული წყლის ბოთლიც კი.
გარდა ამისა, მოამზადეთ მარილის კონცენტრირებული წყალხსნარი, დაასველეთ შიგ ბამბის ორი ტამპონი და პატარა ონავარს ორივე ნესტოში ჩაუდეთ, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ფრთხილად გამოაცალეთ.
სისხლდენის შეჩერების შემდეგ ბავშვს ეზოში ნუ გაუშვებთ, მით უმეტეს, თუ გარეთ ცხელა - შესაძლოა, ცხვირიდან სისხლი ისევ წასკდეს. თუ პატარას ასეთი რამ ხშირად ემართება, კონსულტაციისთვის პედიატრს მიმართეთ.
დამწვრობა
თუ დამწვრობა ძლიერია, გირჩევთ, პატარა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანოთ, მაგრამ თუ უმნიშვნელოა, აფთიაქში შეიძინეთ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო (მაგალითად, თურმანიძის დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო) და ბავშვს დამწვარ არეში წაუსვით.
ძლიერი დამწვრობისას კანზე სითხით სავსე ბუშტუკები ჩნდება. მათთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან ზოგიერთი მათგანი შეხებისას სკდება და წარმოქმნის კერას, საიდანაც ადვილად იჭრება ინფექცია.
დამწვრობის დროს არამც და არამც არ იხმაროთ ანტისეპტიკური საშუალება - ის მდგომარეობას გააუარესებს.
მზით დამწვრობა
მზეს შეუჩვეველი ადამიანისთვის, მით უმეტეს - ბავშვისთვის დამწვრობის მისაღებად პლაჟზე გატარებული ნახევარი საათიც კი კმარა, ამიტომ კარგი იქნება, თუ პირველ დღეებში პატარა მზეს მოერიდება და მხოლოდ საჩრდილობელი ქოლგის ქვეშ ითამაშებს.
პატარას დაზიანებულ უბნებზე მაწონი წაუსვით და ვიდრე სიწითლე არ ჩაცხრება, მზის სხივებს მოარიდეთ.
იოგების დაჭიმვა
ასეთი რამ მოუსვენარ პატარებს ხშირად ემართებათ. თუ ბავშვს მუხლის სახსრის მყესები დაეჭიმა, მოსახერხებელ პოზაში დააწვინეთ და მოძრაობა შეუზღუდეთ.
თუ მუხლი შეუსივდა, შესაძლოა, მოტეხილობასთან გვქონდეს საქმე, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მუხლის დაზიანებისას არცთუ იშვიათად ხრტილიც ზიანდება და თუ სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა, ტკივილები შეიძლება წლობით გაგრძელდეს.
გაბზარული და დაჭიმული ადგილი თავდაპირველად უმტკივნეულოა, მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილი მძაფრდება.
თუ ბავშვი მაჯაზე დაეცა და მოსვენებისას ან მოძრაობისას ტკივილს უჩივის, მოტეხილობა უნდა ვივარაუდოთ (თუნდაც, ხელს შესივება და გამრუდება არ ეტყობოდეს).
ზოგადად, ნებისმიერი დაჭიმულობა, თუ მას ტკივილი და შესივება მოჰყვა, ექიმის ჩარევას მოითხოვს არა მარტო იმისთვის, რომ მოტეხილობა არ გამოგვეპაროს, არამედ იმიტომაც, რომ სწორად დადებული არტაშანი და სახვევი დაჭიმული კიდურის სწრაფ განკურნებას უწყობს ხელს. მოტეხილობა
მოზრდილთა მყიფე ძვლები იმტვრევა, ბავშვის შედარებით რბილი ძვლები კი ახალგაზრდა ტოტებივით იდრიკება და იხლიჩება. არსებობს მოტეხილობის მეორე ტიპიც - მზარდი ძვლის ბოლო ფრაგმენტის მორყევა ან მოტეხა ხდება.
გვხვდება ისეთი მოტეხილობებიც, რომლებიც გარედან თითქმის შეუმჩნეველია - დაზიანებული კიდური სივდება და მტკივნეული ხდება, რამდენიმე საათის შემდეგ კი მასზე მოლურჯო-მოშავო ლაქები ჩნდება.
მაგალითად, მოტეხილობისას ლავიწის ძვალი ისე ძლიერ არ დეფორმირდება, რომ შეუიარაღებელი თვალით შევამჩნიოთ. მხოლოდ ექიმს ძალუძს განასხვაოს ძლიერი დაჭიმულობა მოტეხილობისგან და ისიც, მხოლოდ რენტგენოსკოპიის საშუალებით.
ბურთით თამაშისას ხშირად იხლიჩება თითის ძვლები - თითი ჯერსივდება, მერე კი ლურჯდება. თუ ბავშვი საჯდომით დაეცა, შეიძლება, რომელიმე ნეკნი გაებზაროს. მართალია, დაზიანება გარედან არ ჩანს, მაგრამ წინ დახრის, სირბილისა და ხტუნაობისას ბავშვი ზურგის ტკივილს უჩივის.
ამგვარად, თუ დაშავებული კიდურის ტკივილი არა და არ ცხრება, შეშუპება მატულობს ან ნატკენ ადგილას მოშავო-მოლურჯო ლაქები წარმოიქმნება, მოტეხილობა უნდა ვივარაუდოთ.
ასეთ შემთხვევაში ბავშვი აიძულეთ, დაზიანებული კიდური აღარ ამოძრაოს, დაადეთ არტაშანი და ექიმთან წაიყვანეთ.
არტაშანის დადების წესი
არტაშანი საკმაოდ გრძელი უნდა იყოს: კოჭის მოტეხილობისას კოჭიდან მუხლამდე უნდა სწვდებოდეს, მუხლის მოტეხილობისას - კოჭიდან თეძომდე, თეძოს მოტეხილობისას - იღლიიდან ქუსლამდე, მაჯის მოტეხილობისას - თითებიდან იდაყვამდე. გრძელი არტაშანისთვის ფიცარი დაგჭირდებათ, მოკლეს კი რამდენიმე ფენად გაკეცილი მუყაოსგანაც გააკეთებთ.
არტაშანი 4-6 ადგილას ნებისმიერი საშუალებით - დოლბანდით, ცხვირსახოცით ან რაიმე ქსოვილით უნდა დაამაგროთ, მაგრამ მეტისმეტად მჭიდროდაც არ გადაახვიოთ, სისხლმა თავისუფლად უნდა იმოძრაოს. ზურგის დაზიანებისას ბავშვის გადასაყვანად საკაცე დაგჭირდებათ- დაშავებულ პატარას ზურგი გამართული უნდა ჰქონდეს.
თავის ტრავმები
მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა გვერდზე გადაბრუნებას და ლოგინიდან ჩამოცოცებას ისწავლის, ხშირად დაეცემა, დაცემის დროს კი ბუნებრივია, თავსაც დაარტყამს და წაიტირებს კიდეც.
თუ ბავშვმა ტირილი 10-15 წუთის შემდეგ შეწყვიტა, სახის ფერიც ჩვეულებრივი აქვს და არც აღებინებს, უნდა ვიფიქროთ, რომ დაცემისას ტვინი არ დაზიანებია და საშიშიც არაფერია, მაგრამ თუ პირღებინება დაეწყო, მადა და ფერი დაეკარგა, მოითენთა და ადვილად იძინებს, ოღონდ მალევე იღვიძებს, აუცილებლად უჩვენეთ ექიმს, მანამდე კი შეეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდი გარემო შეუქმნათ, დააწვინეთ და სითხის მიღება შეუზღუდეთ.
თუ ბავშვმა დაცემისას გონება დაკარგა, ის დაუყოვნებლივ უნდა გაასინჯოთ ნევროპათოლოგს; მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი და მხედველობის გაუარესება. თუ დაშავებული ადგილი შესივდა, მაგრამ ტრავმის არავითარი სხვა ნიშანი არ ჩანს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საფრთხე არც ისე დიდია.
შესაძლოა, კანქვეშზედაპირული სისხლძარღვი (კაპილარი) გასკდეს და კოპი ამოიზარდოს, რომელსაც ყინულიანი საფენები თვალის დახამხამებაში დააცხრობს.
უცხო სხეულები
ბავშვთა ასაკში სასუნთქ გზებში სხვადასხვა უცხო სხეული ხვდება: მზესუმზირა, საზამთროს ან გოგრის თესლი, ლობიოს, კაკლის, სიმინდის მარცვალი, საკვების ნაწილაკები, ლითონის ნივთები და ა.შ.
ცხადია, ეს სხეულები ქიმიური შემადგენლობითაც განსხვავებულია - ორგანული, არაორგანული, მეტალისა, - ამას კი მნიშვნელობააქვს დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის მეთოდის შერჩევისას.
ორგანული წარმოშობის უცხო სხეული იწვევს ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებით, ჩირქოვან, ალერგიულ ცვლილებებს, მეტალისა - ლორწოვანის გრანულაციებსა და ნაწოლებს.
ლორწოვანის დაზიანების ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია უცხო სხეულის ზომაზეც. სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას ერთადერთი სწორი ტაქტიკა დროული სამედიცინო ჩარევაა, რათა შესაძლო გართულებები ავიცილოთ თავიდან.
ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელს უცხო სხეულის ამოღების მცდელობისას ისუფრო ღრმად ჩაუტენია, ასეთ დროს კი ცხადია, ლორწოვანის დაზიანების ალბათობაც მეტია.
პირველი დახმარება
თუ დაზარალებული წლამდე ასაკის ბავშვია: - დაიწვინეთ მარცხენა ხელზე მუცლით, დააფიქსირეთ მისი ნიკაპი და გულმკერდი. გააკეთეთ 5 დარტყმა ბეჭთაშუა არეში;
- გადმოიწვინეთ ბავშვი მარჯვენა ხელზე და დაუთვალიერეთ პირის ღრუ. თუ უცხო სხეულს დაინახავთ, ამოიღეთ ერთი თითით: თითი ჩაუყავით პირის ღრუში პირის კუთხიდან. გააცურეთ თითი ლოყის შიგნითა ზედაპირზე, ენის ფუძემდე მისვლისას მოხარეთ თითი კაუჭივით, გადმოიტანეთ მეორე ლოყის შიგნითა ზედაპირზე და კაუჭივით მოხრილი თითი პირიდან გამოიღეთ;
- თუ ზურგზე 5 დარტყმის შემდეგ პირის ღრუში უცხო სხეულს ვერ შენიშნავთ, ორი თითით გააკეთეთ 5 ზეწოლა მკერდის ძვალზე, დვრილების შემაერთებელი ხაზის ქვემოთ;
- დაათვალიერეთ პირის ღრუ. თუ უცხო სხეული არ ჩანს და ბავშვი უგონოდ არის, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირში და ცხვირში;
- თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არ ფიქსირდება, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. თუ უცხო სხეულისგან სასუნთქი გზების გათავისუფლება ვერ ხერხდება, ექიმების მოსვლამდე კვლავ გაიმეორეთ 1-ელი და მე-4 პუნქტები.
თუ დაზარალებული 1-დან 8 წლამდე ასაკისაა
თუ ბავშვი გონზეა:
- ჰკითხეთ, უჭირს თუ არა სუნთქვა და სთხოვეთ დაახველოს;
- თუ ხველა უშედეგოა, შემოხვიეთ ხელები მუცელზე - ნეკნების შეერთების ადგილის ქვემოთ - და გააკეთეთ ზემოთ და შიგნით მიმართული 5 ზეწოლა მუცელზე;
- დაათვალიერეთ პირის ღრუ. თუ უცხო სხეულს დაინახავთ, ამოიღეთ ერთი თითით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება". ექიმების მოსვლამდე გაიმეორეთ მე-2 და მე-3 პუნქტები.
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია:
- თუ გყავთ დამხმარე, სთხოვეთ, დაუყოვნებლივ გამოიძახოს "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა;
- ბავშვი დააწვინეთ ზურგზე, გადაუწიეთ თავი უკან, წამოუწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ, მოუსმინეთ სუნთქვას. თუ პატარა ვერ სუნთქავს, გააკეთეთ 2 საკონტროლო ჩაბერვა. თუ პირველი ჩაბერვის შემდეგ გულმკერდის კედლის მოძრაობა არ დაფიქსირდება, შეუცვალეთ თავის მდებარეობა და სცადეთ, მეორედ ჩაბეროთ;
- თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა კვლავ არ ფიქსირდება, ერთი ხელით ჩაატარეთ 5 ზეწოლა (შიგნით და ზევით) მუცელზე - ჭიპის ზევით, ნეკნების შეერთების ადგილამდე;
- დაათვალიერეთ პირის ღრუ და თუ უცხო სხეულს შენიშნავთ, ამოიღეთ. თუ დაზარალებული დაიწყებს სუნთქვას, გადაიყვანეთ უსაფრთხო პოზიციაში და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. ყოველ 10 წუთში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე;
- თუ დაზარალებული არ სუნთქავს, გააკეთეთ 2 საკონტროლო ჩაბერვა; ექიმების მოსვლამდე გაიმეორეთ მე-2 და მე-3 პუნქტები.
რუბრიკას უძღვება ექიმი ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)