პარიზის მოდის კვირეულში ყველაზე მეტად მისი მრავალფეროვნება გვხიბლავს. ამ კვირეულს აქვს იმის პოტენციალი, რომ ერთდროულად იყოს ელეგანტურიც, მგრძნობიარეც, გლამურულიც და პროვოკაციულიც და ამ პოტენციალს ის ფუჭად არ ფლანგავს. არაერთი შთამბეჭდავი ჩვენების შემდეგ ჩვენი ყურადღება ახალგაზრდა ოლივერ რუსტინგის შემოქმედებამ მიიქცია Balmain-ისთვის, რომელიც დიზაინერის ხელწერისგან სრულიად განსხვავებული და ამაღელვებელი აღმოჩნდა.
რენესანსის ეპოქის შთაგონებით შექმნილი კოლექციით დაწყებული, ჩვენებაზე გამოყვანილი Cher-ით დამთავრებული, გთავაზობთ Balmain-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს მთავარ აქცენტებს.
ოლივიერ რუსტინგის უახლეს ჩვენებაში Balmain-სთვის, მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა, ყველასათვის მოულოდნელად, პოდიუმზე ლეგენდარული მომღერალი Cher-ი გამოიყვანა. ამ სეზონზე ცნობილი ადამიანების ხილვით უკვე განებივრებული ვართ, თუმცა Cher-ის ნახვამ ჩვენების დასკვნით ნაწილში ყველა აღფრთოვანებული დატოვა. როგორც რუსტინგმა კულისებში განაცხადა, ეს იყო ერთი დიდი სასიყვარულო წერილი, მიძღვნილი ჩვენი პლანეტისთვის.
Balmain-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება Stade Jean-Bouin-ის არენაზე გაიმართა და ტრადიციისამებრ, ის ყოველწლიური Balmain Festival-ის ნაწილად იქცა, რომელშიც რუსტინგი 12 ათას ადამიანს იწვევს, რათა მუსიკალურ აქტებთან ერთად ამ ადამიანებმა ერთად მიადევნონ თვალი ოლივერის ახალ ქმნილებებს.
„მე ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება ხვალინდელი დღის ტენდენცია და როგორ შეიძლება დახმარება“ - განაცხადა ოლივერმა ჩვენების შემდეგ მედიასთან საუბრისას და დაასახელა ის ქსოვილები თუ ტექნიკა, რომელთა დამსახურებითაც ახალი კოლექცია შეიქმნა - ბანანის ქერქის, წაქცეული ხის, 100 პროცენტი მდგრადი ბამბის თეთრეულის და სხვა მასალის ჩამოთვლით, რუსტინგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მდგრადი მოდის მნიშვნელობას. „ეს იყო დიდი გამოწვევა, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ამ ახალ სამყაროში შეღწევა, თუმცა მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით ყველაფერი მოვახერხეთ“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოლივერ რუსტინგის ახალი კოლექციის შთაგონებად რენესანსის ეპოქა იქცა, თუმცა მუშაობის პროცესში დიდი როლი ითამაშა დიზაინერის წარმომავლობამაც. ოლივერმა გამოიყენა ეთიოპიის და სომალის სხვადასხვა ტომობრივი ტრადიცია, გაიმეორა ჩაცმის კოდები და ტექნიკა შთამბეჭდავ კონსტრუქციებში, რამაც მისი რენესანსის მოტივები სილუეტებად აქცია.