დიზაინერებმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იზრუნეს, რომ შემოდგომას ზაფხულის განწყობა გაეხანგრძლივებინა და ცივი სეზონის მოახლოება ნათელი ფერებით გაეხალისებინა. მაშ ასე, რა ფერები იქნება აქტუალური ამ შემოდგომაზე?
წითელი. სეზონის ფავორიტია წითელი კაბა ან პალტო. მათ ფასონსა და ჩაცმის საბაბს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთია - გამომწვევად მკვეთრი წითელი ფერი! წითელის შეხამება შეიძლება შავთან ან რუხთან - ეს კლასიკური სქემით, ნარინჯისფერთან ან იისფერთან - აქტუალობის პრინციპით, "საკუთარ თავთან" - ყველაზე თამამებისთვის.
ფუქსია (მელნისფერი). ამ ნეონურ ფერს დიზაინერები ვერ შეელივნენ და აქტუალობა მიმდინარე სეზონზეც შეუნარჩუნეს. თუმცა ის ამჯერად უფრო სტილურად გამოიყურება, რადგან პერანგებს, პიჯაკებსა და ბოლოკაბა-ფანქრებს ამშვენებს. კარგად ეხამება ნეიტრალურ ფერებს.
ზურმუხტისფერი. მუქი მწვანე ფერი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია. ის ზედგამოჭრილია შემოდგომისთვის - ძალიან მკვეთრიც არ არის, ამასთან, რაღაც მაგიურად მიმზიდველი ძალა აქვს. იდეალურია ზედა სამოსისა და კაბებისთვის. ეხამება იისფერს, შინდისფერს, ყავისფერსა და მუქ ლურჯს.
იისფერი. მშვიდი ფერია. ცივი ამინდებისთვის ზედგამოჭრილია, თან არც ნაცრისფერსა და შავივით პირქუშია. შეგიძლიათ, იისფერი ბლუზა ან შარვალი შეარჩიოთ. მისი შეხამება შეიძლება როგორც მუქ ფერებთან, ისე ნათელ, მაგალითად, ყვითელ ფერთან.
მდოგვისფერი. ფაქტობრივად, სეზონის აღმოჩენაა. საოცრად სტილური ფერია. ბრწყინვალედ ეხამება ნაცრისფრის, ლურჯისა და ყავისფრის ყველა ტონს და ძალიან უხდება შემოდგომის რომანტიკას.
იხილეთ ფოტოგალერეა