ბავშვობიდან მიტაცებდა სამოსის კერვა. ჯერ თოჯინებზე ვატარებდი ექსპერიმენტებს. მოგვიანებით საკუთარ სტილზე ზრუნვა დავიწყე, ექვსი წლისამ ქვედაბოლო და კაბა შევიკერე. დღესაც მიკვირს, თარგი როგორ გამოვჭერი. პატარა, ნახევრად სათამაშო, ნახევრად პროფესიონალური საკერავი მანქანა მქონდა.
ექიმების ოჯახიდან გახლავართ და ყოველთვის იდგა საკითხი - ან ექიმობა, ან დიზაინერობა უნდა ამერჩია. ბოლოს, დედამ მირჩია, შენთვის შემოქმედებითი საქმიანობა გაცილებით საინტერესო იქნებაო და როგორც კი სკოლა დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში შევიტანე საბუთები.
მაშინ დიზაინის ფაკულტეტი ახალი ჩამოყალიბებული იყო. სტუდენტებს საგამოფენო სივრცე დაგვითმეს, სადაც ყოველკვირა ჩვენებებს ვაწყობდით. მაშინაც, ძირითადად, კლასიკურ სტილს ვამჯობინებდი. სადიპლომო ნამუშევარი, მასალიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამოსი იყო და კოლექცია მაშინვე გაიყიდა. აკადემიაში სწავლის პერიოდი ჩემთვის საინტერესო გახლდათ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა პრაქტიკულმა საქმიანობამ მეტი გამოცდილება მომიტანა.
ყაზახეთი
დავასრულე სწავლა და დადგა დრო, როცა დამოუკიდებლად უნდა შემექმნა კოლექცია, სტილი და, რა თქმა უნდა, მომეპოვებინა სახელი.
ამ პერიოდში ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადავედი საცხოვრებლად. მივხვდი, რომ დიდი ხნით მომიწევდა დარჩენა და საკუთარ კარიერაზე ვიზრუნე. მოდის სფეროში სერიოზულად ჩავერთე. გავხსენი მაღაზია და კოლექციების გატანა ყაზახეთის მოდის კვირეულზე დავიწყე.
ახლაც, წელიწადში ორჯერ, ახალი კოლექციის შექმნა მიწევს.
ყაზახეთმა დიდი სტიმული მომცა, ჩემი კოლექციები კარგად იყიდებოდა. დამეთანხმებით, უცხო გარემოში დამკვიდრება ძალიან ძნელია. ამასთან, ისეთ ქვეყანაში, სადაც მსოფლიო ბრენდებს იცნობენ და ცნობენ...
მიუხედავად თავისებური გემოვნებისა, ყაზახები მსოფლიო მოდის ტენდენციებს ითვალისწინებენ, - გაცილებით გაბედულად იმოსებიან, ვიდრე ქართველები. არ ვიცი, რატომ... შეიძლება იმიტომ, რომ ფინანსურად ძლიერები არიან, ან უბრალოდ, მეტი და მრავალფეროვანი სამოსი სჭირდებათ. ქართველები შედარებით პრაქტიკულად უდგებიან არჩევანს.
ყაზახები სიამოვნებით იძენენ ჩემ მიერ შექმნილ კაბას, ჩექმას თუ ქურთუკს.
რაც შეეხება ყაზახეთის მოდის კვირეულს, ძალიან მაღალ დონეზე ტარდება. რაც მთავარია, საზოგადოების მოლოდინს მთლიანად აკმაყოფილებს.
საინტერესო და არაორდინარული
ახლა ერთ საინტერესო შეკვეთაზე ვმუშაობ. ჩემი კლიენტი ყაზახეთში ცნობილი ქალბატონია, საქმიანი და გემოვნებიანი ქალი. კაბაზე მუშაობისას მთავარი თემა ზღვის ცხენი უნდა ყოფილიყო. ძალიან საინტერესოა, არა?!
ძალიან ლამაზი ქალბატონია და ყოველთვის გამორჩეულად იცვამს. როგორც ჩანს, ბევრი კოლექცია ნახა, მაგრამ ეს თემა ვერსად აღმოაჩინა. ბოლოს მე მომაკითხა. მისი საყვარელი სილუეტი ავარჩიე. შეიკერება გრძელი, გამოყვანილი კაბა, სადაც აქცენტი ხელით მოქარგულ ზღვის ცხენის გამოსახულებაზე გაკეთდება.
იქვე ზღვის ვარსკვლავსაც ამოვქარგავთ და ამ თემაზე სრულყოფილი ნამუშევარი გამოვა. ნახევრად შეკერილ კაბას ყაზახეთში ჩავიტან, სადაც ბოლო დეტალები, ამ ქალბატონთან შეთანხმებით დამუშავდება.
კიდევ ერთ საინტერესო შეკვეთაზე ვმუშაობ, რომელიც ასევე ყაზახი კლიენტისთვისაა განკუთვნილი. მთავარი თემა ”ოქროსფერი ვარსკვლავი” გახლავთ. ყაზახეთში საღამო ტარდება, სადაც ოქროსფერი წამყვანი იქნება.
ასეთ თემებზე თავად არასდროს ვმუშაობ და ამ მხრივ განსხვავებული შეკვეთებია. საერთოდ, კლიენტებთან ურთიერთობა რთული და საპასუხისმგებლოა. როცა შეკერილი კოლექციიდან იძენენ სამოსს, ჩემთვის გაცილებით ხელსაყრელია.
პარიზული შთაბეჭდილებები
მოდის ტენდენციებს ყოველთვის ვითვალისწინებ. როცა ამ სფეროში ხარ ჩართული, ხშირად ინტუიციით გრძნობ ტენდენციებს. ხშირად ვმოგზაურობ, ვეცნობი დიზაინერების ახალ კოლექციებს. მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები, თავისთავად, ილექება გონებაში და ახალი იდეებისთვის განმაწყობს.
ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულები შთამბეჭდავი სანახაობაა. ზაფხულში, ერთი თვე პარიზში გავატარე. მართალია, ენის შესწავლის მიზნით ჩავედი, მაგრამ ჩვენებებზე დასწრება მაინც მოვახერხე.
ისედაც, პარიზში ძალიან საინტერესო დღეები გავატარე. სტუდენტურ ცხოვრებას დავუბრუნდი. ჩემთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები სწავლობდნენ. დადებითი ემოცია მათთან ურთიერთობითაც მივიღე.
შევიძინე ახალი მეგობრები, რომლებიც მოდის სფეროში ჩართულები არიან, მათ შორის ჟურნალისტები. ჩემმა მეგობრებმა ყაზახეთიდანაც მოახერხეს ჩამოსვლა და მათთან ერთად რამდენიმე კოლექციის ჩვენებას დავესწარი. იმ პერიოდს მაღალი მოდის კვირეული დაემთხვა.
ვნახე ”შანელის” სახლის ჩვენება. ასევე გამოფენილი იყო ”შანელის” საიუველირო ნაწარმიც. უდიდესი შთაბეჭდილება ლიბანელი დიზაინერის, ზაჰარ მურადის ჩვენებამ მოახდინა. საოცარი სილამაზე ვიხილე, - ერთმანეთთან გემოვნებით შერწყმული ხელით ნამუშევარი ნაქარგის, მბრწყინავი თვლებისა და ქსოვილის სიჭრელის სახით. არც სიმძიმე იგრძნობოდა და არც გადაჭარბება. თითოეული კაბა, მართლაც, ხელოვნების ნიმუში გახლდათ.
სასიამოვნოდ დამამახსოვრდა ჩვენების შემდეგ მოწყობილი ავთერ-ფართი.
საინტერესო პროცესია, როცა შამპანურის თანხლებით დიზაინერებსა და ბაიერებს შორის კონტაქტი მყარდება. იქ საკუთარი ბუკლეტები დავარიგე. გამიკვირდა, როცა ჩემი და ჩემი ყაზახი მეგობრის ჩაცმულობით დაინტერესდნენ.
განსაკუთრებული არაფერი, - პარიზში შეძენილი საინტერესო დიზაინის კაბა და ფეხსაცმელი მეცვა. სტილი გლამურული იყო და როგორც ჩანს, გემოვნებით შერჩეული. ჩვენთან ერთად სურათებიც გადაიღეს. ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან გამახალისა.
კოლექციები
კოლექციაზე მაშინ ვიწყებ მუშაობას, როცა მოდის კვირეულისთვის ვემზადები. შეიძლება განსაკუთრებული იდეა ან ემოცია არ მქონდეს, მაგრამ... აუცილებელია. ეს სამუშაო, ძირითადად, კონცეფციის ჩამოყალიბებით იწყება. მთავარია, იდეა და ამ იდეის კომერციული მხარე.
შემდეგ, მასალაზე ფიქრი იწყება, ანუ რა მაქვს და რისი შეძენა მჭირდება. მასალა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ჩემი შეხედულებით, ჩვენს პროფესიაში მთავარი მასალის სწორი გამოყენებაა. წელს ვარდებიანი შიფონის ქსოვილი მქონდა და ამ მასალიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა. გამოვიყენე ფერადი ხავერდი. ვიყენებ იტალიურ, თურქულ თუ ჩინურ ქსოვილებს, რომელთაც ყაზახეთშიც ვყიდულობ და საქართველოშიც. მთავარია, ხარისხიანი იყოს.
დასამახსოვრებელი კოლექცია? - მახსოვს, ყაზახეთში ზაფხულის კოლექციაზე ვიმუშავე... შიფონის ქსოვილით სადა კაბები შევკერე. ჩემთვის წარმატებული კოლექცია აღმოჩნდა, - ყველა კაბა გაიყიდა. დაკვეთა იმდენად დიდი იყო, რომ კოლექცია თავიდან შევკერე. კოლექციაზე მუშაობისას კომერციულ მხარეს ვითვალისწინებ. ამასთან, კოლექციას სახელს არასდროს ვარქმევ.
ყოველი მომდევნო კოლექციით ვგრძნობ, რომ გავიზარდე. ბოლო დროს, იდეასა და ფორმას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. მაგალითად, შარშან, საქართველოს მოდის კვირეულზე ხავერდით დამუშავებული კოპლებიანი კოლექცია წარმოვადგინე. თუმცა, ვგრძნობ, რომ სრულყოფილებამდე ბევრი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი.
ჟურნალი”ბომონდი”
ქეთი დარჩია