როცა ამ რუბრიკის შექმნის იდეა გაჩნდა, გადავწყვიტეთ, სადებიუტოდ რომელიმე ქართველი დიზაინერის ასტროპორტრეტი შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის, რესპონდენტობის კანდიდატებს შორის, არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერ დათუნა სულიკაშვილზე შევაჩერეთ.
მონაცემების დასაზუსტებლად რომ შევეხმიანე, მისი თავაზიანობით და გულწრფელობით მოვიხიბლე, ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი ყოფილა. უკვე მოგვიანებით, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით, მსოფლიო მოდის ქურუმების პირად რუკებსაც გადავავალე თვალი და აღმოვაჩინე, რომ ბევრი მათგანი კიბოს ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული.
პრინციპში, არც გამკვირვებია, გამომდინარე იქიდან, რომ კიბოს მთვარე მართავს, მთვარე კი ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა, ამიტომ, გასაკვირი არაა, რატომ იციან მამაკაცმა კირჩხიბებმა ქალის ფსიქოლოგია ასე ზედმიწევნით და როგორ ახერხებენ ისინი, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მათ გარემოცვაში თავი კომფორტულად იგრძნონ.
თუკი ზოდიაქოს ამ ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებზე ვისაუბრებთ, კიბო, ბუნებით მორცხვი ნატურაა, თუმცა არა უამბიციო. ამ ადამიანებს კულისებს მიღმა ყოფნა ურჩევნიათ სცენაზე პროჟექტორების შუქის ქვეშ დგომას. ამიტომ პირველი აზრი, რაც დათუნას ჩვენებების ნახვისას გამიჩნდა, იყო ის, რომ ეს ორიგინალური შოუების მოწყობისკენ მიდრეკილება და საკუთარი ხელოვნების ასე პომპეზურად და "კრეატიულად" წარდგენა-შეფუთვის უნარი ძალზედ "არაკირჩხიბულია" და მის ჰოროსკოპში ლომის ზოდიაქოს გავლენას უნდა უკავშირდებოდეს.
რუკა შევადგინე და "მთავარ დამნაშავეს" მალე მივაგენი - მერკური ლომში, აზროვნების ფორმა, რომელიც მიმართულია საკუთარი პერსონის "ლომურად", ანუ მეფური სიდიადით წარდგენისკენ საზოგადოების წინაშე. ამას დავუმატოთ მერკურის მეცხრე სახლში განლაგება - რაც ადამიანს ანიჭებს უნარს, რომ საკუთარი ნიჭით მასები დააინტერესოს და აიყოლიოს...
თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით და მე შევეცდები თქვენ წინაშე დათუნა სულიკაშვილის სრული ასტროპორტრეტი დავხატო.
დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ დათუნა მზის ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია - ემოციურად ფრთხილი, ძლიერი ინტუიციის მქონე და სტრატეგიული თვისებებით გამორჩეული ნიშანი. კიბო შორსმჭვრეტელი და ფრთხილი ნატურაა, ძალიან გულმოწყალე მაგრამ დისტანციური. სანამ კარგად არ გაგიცნობს, ახლოს მოსვლის საშუალებას არ მოგცემს, თუ ჩათვალა, რომ სანდო არ ხარ, ყრუ კედელს აღმართავს თქვენ წინაშე და ამ კედელს გინდა გადაახტი, გინდა შემოურბინე. აზრი არ აქვს, ადრესატამდე ვერ მიაღწევ.
დათუნას ხასიათში კიბოს ამგვარ თვისებებს ამძაფრებს მის პირად კოსმოგრამაში გამოკვეთილი მორიელის ზოდიაქოს დიდი გავლენა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი გარეგნული თავაზიანი ღიმილის მიღმა, საკმაოდ ძლიერ ნებისყოფას მალავს, რაც ასცედენტის, მარსის და მზის ნიშნის მორიელის ზოდიაქოსა და მერვე სახლში განლაგების შედეგია. ამას ემატება მთვარის არანაკლებ მომგებიანი პოზიცია ამბიციური და კარიერისტი თხის რქის ზოდიაქოში, რომელიც დათუნას კირჩხიბულ ბუნებაზე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
ერთი მხრივ იგი გაწონასწორებული, რეალისტი ადამიანია, მეორე მხრივ კი, რადგან კიბო და თხის რქა მოპირისპირე ნიშნებია, მისთვის უცხო არ იქნება გაორება ხასიათში, სირბილე- მონაცვლეობით სიმკაცრე. შესაძლოა იგი ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფდეს: "თავისიანები" (ვისთანაც რბილი, მოსიყვარულე და გახსნილია) და "სხვები" (ვისთანაც თხის რქის იმიჯი ექნება, თავაზიანი, მაგრამ მკაცრი).
როცა დათუნას პირად კოსმოგრამას გადავხედე, პირველი, ვისთანაც ასოციაცია გამიჩნდა, ეს მსოფლიო მაღალი მოდის ცნობილი მეტრი, ჩემი (და არა მარტო ჩემი) უსაყვარლესი დიზაინერი ელი სააბი იყო.. მოგვიანებით, რუკები შევადარე და აღმოვაჩინე, რომ მათ შორის არა მარტო მზის ზოდიაქოს ნიშანი - კიბოა საერთო, არამედ ისიც, რომ დათუნაც ისეთივე კომბინაციის მფლობელია ცნობიერი-ქვეცნობიერის მხრივ, როგორსაც ცნობილი ლიბანელი ფლობს.
ეს არის კომბინაცია წყალი-მიწა. ელი სააბის შემთხვევაში კიბოს პლუს კუროს თვისებები (მთვარე კუროს ზოდიაქოში) გვაძლევს ფინანსურ ალღოს, ლამაზი ნივთების, ფაქტურისა და ფერების მიმართ გამორჩეულ მიდგომას, უზომო შრომისმოყვარეობას. დათუნას შემთხვევაში კი კიბო-თხის რქის კომბინაცია გვხვდება, რაც ფაქიზ ინტუიციას და შემოქმედებითობას დამატებულ, ასევე მიწის ნიშნის-თხის რქისთვის დამახასიათებელ მიზანმიმართულობაზე, კარიერიზმზე, სიფრთხილესა და პრინციპულობაზე მიანიშნებს.
თუმცა, რაკიღა დათუნას მზე მერვე სახლშია, აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება უკიდურესობებზე, რომელიც ამ სახლის გავლენით იჩენს თავს მის ხასიათში. მერვე სახლი ადამიანს ანიჭებს მაგნეტიზმს, სხვების საკუთარ სურვილზე ადვილად ტარების ნიჭს. სასიცოცხლო ძალების სწრაფად აღდგენისა და რეგენერაციის უნარს.
მაგრამ რაკი მერვე სახლი მორიელის სახლია, იარსებებს პრობლემა, რომ ეს ადამიანი რისკის მოყვარული იქნება და მან აუცილებლად უნდა გააკონტროლოს საკუთარ თავში გადამეტებული მოთხოვნილება, მიიღოს ადრენალინი ყველაფრისგან, იქნება ეს ცხოვრების წესი თუ სხვა საქმიანობა. რადგან იგი ყველგან ეძებს ექსტრიმს, კარგი იქნება დააბალანსოს რისკის დონე.
პრაქტიკული აზროვნების უნარსა და ჯანსაღ რეალიზმზე მიუთითებს დათუნას ჰოროსკოპში მთვარის განლაგება თხის რქის ზოდიაქოსა და მეორე, ანუ კუროს სახლში. პრაქტიკულობას და კარიერისტულ ბუნებას ემატება მეორე სახლისთვის დამახასიათებელი ფულის კეთების და დაგროვების უნარი. კუროს სახლი ადამიანს ნივთების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ანიჭებს.
ამიტომ ნივთებს, მათ ფერს, სუნს და განსაკუთრებით ფაქტურას ამ ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. თავშიც აღვნიშნე, შოუების და პომპეზურობისადმი სიყვარული, საზოგადოების წინაშე საკუთარი ნიჭის კარგად "შეფუთვა-წარდგენის" ხელოვნება დათუნას ჰოროსკოპში მერკურის დამსახურებაა-მეთქი. მერკური ლომში პომპეზურობისკენ მიდრეკილებას, ყურადღების ცენტრში ყოფნის ამბიციას ანიჭებს მსგავსი ასპექტის მფლობელს.
მეცხრე სახლების აქტიურობა დათუნას ჰოროსკოპში კი საშუალებას მაძლევს, ვივარაუდო, რომ მას საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობა, უცხოელების მხრიდან აღიარება ან უცხოელ პარტნიორზე ქორწინება ელოდება. ამ მოსაზრებას ამყარებს პლანეტა ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში და ასევე მეცხრე სახლში, რაც ასევე უცხოელების მხრიდან "მშობლიურ" დამოკიდებულებას ნიშნავს.
ამას გარდა მეცხრე სახლში ვენერას განლაგება მიუთითებს იმაზეც, რომ ადამიანი წარმატებას, როგორც წესი, რომელიმე სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობის მეშვეობით აღწევს და ეს უმეტესად ვიზუალურ, გამომსახველობითი ხელოვნების დარგებს ეხება.
თუმცა მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, დათუნასთვის ხასიათში არც პერიოდული რადიკალიზმის გამოვლინება იქნება უცხო ხილი. ეს მძლავრი მდგომარეობაა, რისი მეშვეობითაც ადამიანი არაჩვეულებრივად სიცოცხლისუნარიანია, შეუძლია გამოიმუშაოს რკინის ნებისყოფა და განსაკუთრებული სტრატეგიული აზროვნების უნარი. დათუნასთვის ეს ორმაგად მომგებიანი პოზიციაა გამომდინარე იქიდან, რომ მასზე მორიელის გავლენას ასცედენტის ნიშანიც ამყარებს. მორიელის გავლენის ნათელი გამოვლინება კი ვიზუალური მხარეა, რომელიც დათუნას შემთხვევაში აშკარაა.
გარეგნული შარმი და მაგნეტიზმი, რომელიც ზოგადად მორიელს ახასიათებს ამ ასცედენტის მქონე ადამიანზეც ვრცელდება. ამასთან ერთად ასცედენტით მორიელს აქვს უჩვეულო ინტუიცია, რის გამოც იშვიათად ცდება ადამიანის გამოცნობაში, დათუნას შემთხვევაში ამ ინტუიციას აათმაგებს მზის ზოდიაქო კიბო, რომელიც ინტუიციის ბუდეა!
თუმცა ამგვარ შორსმჭვრეტელობასთან ერთად, დათუნას ვურჩევდი მორიელის დადებითი მონაცემები გააძლიეროს საკუთარ თავში, კერძოდ ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა და ა.შ ნაკლებად აჰყვეს მორიელის ე. წ "ბნელ მხარეს", რომელიც გამორიცხული არაა, რომ თავს იჩენს პერიოდულად და ეს ეხება ეჭვიანობას (ზოგადად ადამიანების მიმართ ეჭვიანობას), რისკის სიყვარულს, რადიკალიზმს და ა.შ
მაშ ასე, საბოლოო შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, ამ ასტროპორტრეტის მიხედვით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დათუნას აქვს ძალზე დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, პლუს ამას მიზანმიმართულობა, ჯანსაღი ამბიციურობა და საკმარისი დიპლომატია საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს კიბოსავით შემოვლითი გზებით და მორიელის პრინციპულობით მიუახლოვდეს.
იმ შემთხვევაში თუ იგი მორიელის "ჩრდილოვან" მხარეებს და კიბოს უარყოფით აქცენტებს გაანეიტრალებს, სათავისოდ შემოატრიალებს მერვე სახლისთვის დამახასიათებელ რადიკალიზმს, მისთვის ფაქტობრივად ყველა კარი ერთიმეორეს მიყოლებით გაიღება ცხოვრებაში. წარმატება და სტაბილურობა კი, რომელსაც იგი მიაღწევს, ხანგრძლივი და სტაბილური იქნება. კიბო ხომ კარდინალური ნიშანია!
სოფო ბზეკალავა
ჟურნალი "ბომონდი"
(ნოემბრის ნომერი)