იყო დრო, მომღერლობა უნდოდა. გამოსდიოდა კიდევაც რაღაცები, მაგრამ ისე არა, როგორც მამას. ჰოდა, ხელი ჩაიქნია ამ საქმეზე. ეგღა აკლდა, ხალხს ელაპარაკა, პოლის შვილზე ბუნებამ დაისვენაო.
ინტერნეტსივრცეში ხეტიალისას სრულიად შემთხვევით სტელა მაკარტნის ვებგვერდს წავაწყდი.
თამამად შევაღე ვებკარი და ზამთრის სუსხიანი უსასრულობით გათანგული, ყვავილების სურნელით გაჟღენთილ სამყაროში აღმოვჩნდი - ვარდი, ია, ორქიდეა, ყვავილოვანი ორნამენტები კაბებზე... ერთი შეხედვით - შეუხამებლის შეხამება. ეს სტელა მაკარტნისეულია.
იყო დრო, მომღერლობა უნდოდა. გამოსდიოდა კიდევაც რაღაცები, მაგრამ ისე არა, როგორც მამას. ჰოდა, ხელი ჩაიქნია ამ საქმეზე. ეგღა აკლდა, ხალხს ელაპარაკა, პოლის შვილზე ბუნებამ დაისვენაო.
სტელა მამის ჩრდილიდან გამოსვლაზე ოცნებობდა და ისეთი საქმით უნდოდა დაკავებულიყო, რასაც კავშირი არ ექნებოდა Beatles-თან, პოლსა და მუსიკასთან.
- მოგწონს ჩემი კაბა? - ჰკითხა ერთ დღეს თანაკლასელმა.
- ისე რა, - უპასუხა სტელამ. - თუ გინდა, მე შეგიკერავ უფრო ლამაზ კაბას. - მოულოდნელად შესთავაზა მეგობარს სახეგაბადრულმა მის მაკარტნიმ.
- შენ?
- ჰო, მე. იცი, რა ლამაზ კაბებს ვკერავ? - არადა, არასდროს არაფერი შეუკერავს.
- შემიკერე. - დათანხმდა მეგობარი.
სტელა მაშინ 13 წლის იყო. მსგავსად უამრავი ბრიტანელი საშუალოსტატისტიკური ოჯახიდან გამოსული ბავშვისა, ისიც ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში დადიოდა, უფროს და-ძმასთან ერთად - ოღონდ შეცვლილი სახელითა და გვარით. პოლსა და ლინდას სურდათ, რომ მათი შვილები ჩვეულებრივი, ლონდონელი ბავშვების გვერდით გაზრდილიყვნენ.
კაბა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ლინდასაც მოეწონა და პოლსაც. საქმის უკეთ დასაუფლებლად მათ სტელა ოჯახის მეგობარ დიზაინერს, კრისტიან ლაკრუას მიაბარეს. რამდენიმე წლის შემდეგ სტელამ წმინდა მარტინის სახელობის კოლეჯში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და თანაკურსელების გულის გასახეთქად, სადიპლომო კოლექციის ჩვენებაზე მოდელებად ნაომი კემპბელი და ჟასმინ ლე ბონი მიიწვია.
- იმედი ვიქონიოთ, რომ ის ისეთივე ნიჭიერია მოდაში, როგორიც მისი მამილო პოლი მუსიკაში - მწარედ იხუმრა კარლ ლაგერფელდმა, როდესაც წლების შემდეგ, კოლეჯის დამთავრებისთანავე, სტელამ ის Chloe-ს მოდის სახლში, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეცვალა.
სტელას ლაგერფელდის ნათქვამი გაახსენდა და გაორმაგებული ენერგიით შეუდგა მოდის სახლის აღორძინებას. მას ეს გამოუვიდა, თანაც ძალიან კარგად. Chloe სტელას დაეხმარა, ხალხს გაეცნო, როგორც ნიჭიერი დიზაინერი და არა ყოფილი ბითლის, პოლ მაკარტნის ქალიშვილი.
როგორც იქნა, მან მამის ჩრდილს დააღწია თავი და დამოუკიდებელ ინდივიდად გარდასახვა მოახერხა.
ერთ დღეს კი მოხდა ისეთი რამ, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: ერთ-ერთ წვეულებაზე სტელას მზერა გუჩის კოსტიუმში გამოწყობილ, ელეგანტურ მამაკაცზე შეჩერდა.
- ტომ, ვინ არის ეს? - ყურში ჩასჩურჩულა სტელამ მეგობარს.
- ვინ? მისტერ გუჩი?
- რა სასაცილო ფსევდონიმია. - სტელამ სიცილი ვერ შეიკავა.
- ალასჰეირ, მოდი ჩვენთან. გაიცანი, სტელა.
- ალასჰეირ უილლისი.
ასე სწრაფად მოხდა ყველაფერი.
2011 წელს ალასჰეირით გვერდდამშვენებულმა სტელამ Chloe-ს მოდის სახლი საუკეთესო მეგობარს, ფიბი ფილოს გადაულოცა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის შექმნას შეუდგა. ამ ნაბიჯისკენ მას ალასჰეირმა უბიძგა. ახალი ბრენდი მალევე გახდა პოპულარული.
სტელა ბედნიერი იყო წარმატებითა და ალასჰეირით. ის-ის იყო, წყვილი ნიშნობისთვის ემზადებოდა, რომ სტელას სახელოსნოში ტელეფონის ზარი გაისმა:
- გამარჯობა. სტელასთან მინდა საუბარი, სასწრაფო საქმე მაქვს მის საქმროსთან დაკავშირებით.
- სტელა ვარ, გისმენთ.
ვინმე ლაიზა იყო. ალასჰეირის ყოფილ საცოლედ ასაღებდა თავს და მწარედ მოთქვამდა:
- ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ ალასჰეირს Wallpaper-ის რედაქტორად დანიშნავდნენ. მერე მან უამრავი გუჩის კოსტიუმი და ახალი მეგობარი შეიძინა. მე კი თავისი ახალი სოციალური სტატუსისთვის შეუფერებლად ჩამთვალა და სახლიდან გამომაგდო.
ლაიზას ნაამბობმა სტელა საგონებელში ჩააგდო. ნუთუ, ალასჰეირი მასთან მხოლოდ მისი მაკარტნობის გამო იყო?
- უამრავ ადამიანს შურს შენი, ყურს ნუ უგდებ. - ურჩიეს მეგობრებმა.
ცოტათი დამშვიდდა, თუმცა აუცილებელი იყო საყვარელ ადამიანს სერიოზულად დალაპარაკებოდა. სტელამ სასწრაფოდ დატოვა სახელოსნო და სახლისკენ გაეშურა. სახლში მისულს უსიამოვნო ამბავი აცნობეს: მამილო პოლი ცოლად ჰიტერ მილზის შერთვას აპირებსო. ამ ამბავმა სტელა ძალიან დაამწუხრა.
მან დიდი ხანია იცოდა მამისა და ჰიტერის ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ქორწილი? ეს უკვე მეტისმეტი იყო. სტელა თვლიდა, რომ პოლს არ ჰქონდა ლინდას ასე უცებ დავიწყების უფლება.
ალისჰეირი ახლაც მხარში ამოუდგა სტელას. დაამშვიდა, გაამხნევა, მერე ხელკავი გამოსდო და მამის ქორწილში მისვლა აიძულა. მიუხედავად ამისა, სტელა ვერ შეეგუა მამის გადაწყვეტილებას. ჰიტერის გასაბრაზებლად ფეხის ფორმის ბრელოკების სერია გამოუშვა (ჰიტერმა ცალი ფეხი ავტოკატასტროფაში დაკარგა).
პოლისა და ჰიტერის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. სტელა კი ალისჰეირს გაჰყვა ცოლად და მამასაც შეურიგდა.
P.S. ახლა სტელას და პოლს საერთო საქმე აერთიანებთ - ვებგვერდი ვეგეტარიანელებისათვის: www.meatfreemondays.com, რომელიც პროპაგანდას უწევს ჯანსაღ კვებას. ყველაფერი კი შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს პიკადილიზე, ლონდონის ერთ პატარა კაფეში დაიწყო.
ახალგაზრდა წყვილმა ტრადიციული ინგლისური ომლეტი შეუკვეთა ესპანური ლორით. ომლეტიანი თეფშების დანახვაზე მათ გვერდით მაგიდასთან მჯდომმა ქალმა დემონსტრაციულად დატოვა კაფე, ისე, რომ საკუთარ საუზმეს არც კი გაჰკარებია.
კარი მიიჯახუნა და ლონდონურ ქოლგებს შორის გაუჩინარდა. იმ დღეს მან მტკიცედ გადაწყვიტა, მსოფლიო ვეგეტარიანელად ექცია და ამით ათასობით ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლე გადაერჩინა.
ქეთი ნიკოლავა
ჟურნალი "ბომონდი"
(მარტის ნომერი)