მაესტრო ანტონიო ამ დიზაინერის ყოველი ჩვენება თითქოს მოდური ექსპერიმენტია, რომელსაც არ ეშინია, თავხედურად შეუხამოს ერთმანეთს ჩაცმის სტილის სრულიად სხვადასხვა ჟანრი. იყენებს მხოლოდ უნიკალურ ქსოვილებს, რომელიც მისი შეკვეთით მზადდება. ზოგიერთი მათგანი შეღებილია, ან დაფერილი, ან დაკერებული, ან დახეული და ვინ იცის...
2002 წელს იგი კიდევ იმით გახდა ცნობილი, რომ მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შექმნა და მისი დემონსტრირება ფლორენციაში მოაწყო, სახელწოდებით Pitti Uomo. მას შემდეგ, იტალიის მოდის კვირეულზე, ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა ანტონიო მარასის მამაკაცის ხაზის ახალი, სეზონური კოლექციის ჩვენება...
ჩრდილოეთ სარდინიაში დაიბადა, პატარა ქალაქ ალგეროში. ეს მოხდა 1961 წლის 21 იანვარს. მისი პროფესია მისმავე ბავშვობამ განაპირობა. მამას ქსოვილების მაღაზია ჰქონდა რომში.
პატარა ანტონიო ეხმარებოდა მამას და მალე ისე გაიწაფა ქსოვილების ხარისხის, ფერების დე ტექსტურის გამოცნობა-შეცნობაში, რომ ნამდვილი ოსტატი გახდა. დედა მკერავი გახლდათ, ამიტომ არც საკერავი მანქანა ყოფილა მისთვის უცხო ხილი.
- კიდევ მომპარა ნაჭერი ამ მაიმუნმა, - ხშირად ისმოდა დედის ბუზღუნი ოთახში, - ვიცოდე მაინც, რაში სჭირდება, სად მიაქვს!
სად მიაქვსო? რა ლაპარაკია?! როგორ თუ სად, როცა დედა შინ არ არის, ზის მის მანქანასთან და კერავს. აი, სად მიაქვს! მერედა, როგორი კაბები გამოსდის! ულამაზესი! თანაც, ამ სხვადასხვა ფერის ნაკუწებისგან ნამდვილ შედევრებს ქმნის.
რა იციან მისმა მშობლებმა, როგორი ნიჭიერი ბიჭია მათი ანტონიო. დაიცადონ, ცოტა წამოიზარდოს და მერე ნახავენ, რა სასახელო შვილის მშობლები გახდებიან!
თავდაჯერებულობაც ამას ჰქვია! მიზანსწრაფულობაც! აი, გაიზარდა კიდეც და ”ბრჭყალებიც” გამოაჩინა. ისეთი რამეები შეკერა, ყველას პირი დააღებინა!
- ყოჩაღ, ანტონიო! რა საოცრებაა, მარას! - ასეთ შეძახილებს ბევრჯერ გაიგონებდით მის სიახლოვეს. თუ თავიდან მხოლოდ თოჯინებს უკერავდა ლამაზ კაბებს, გაიზარდა და მეგობარი გოგონებისთვის დაიწყო მოდელების შექმნა. ხან მეზობლის გოგონებს ალამაზებდა, ხანაც კლასელებს თუ ნათესავებს.
გამოხდა ხანი. როგორ უნდოდა, კერვა გაეგრძელებინა, მაგრამ ვინ დართო ნება! მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამის. მას სურდა, მის ვაჟს საბუღალტრო კურსები დაემთავრებინა და მისი სავაჭრო საქმეებისთვის მიეხედა.
სხვა რა გზა ჰქონდა, მამის წინააღმდეგ ხომ ვერ წავიდოდა. ადგა და დაამთავრა. მერე კარგა ხანს უგვარებდა მამას ფინანსურ საქმეებს. ახლა დროა, კვალიფიკაცია აიმაღლოო, ერთხელაც გამოუცხადა მამამისმა და იტალიის მოდის სახლში გაუშვა სტაჟირებაზე. გაუშვა და...
იქ გატარებულმა წლებმა თუ თვეებმა საბოლოოდ გადაწყვიტა ახალგაზრდა ვაჟის ბედი.
და დაიბადა კიდეც მისი პირველი კოლექცია, რომელსაც ასე ერქვა - Piano Piano dolce Carlotta, რაც ქართულად ასე ჟღერს: ”ჩუმად, ჩუმად, საყვარელო შარლოტა”.
ეს იყო 1988 წელს. ამ ყველაფერში დამაინტრიგებელი ის გახლდათ, რომ კოლექციის სახელწოდება ახალბედა დიზაინერმა ”ისესხა” რეჟისორ რობერტ ოლდრიჯის ამავე სახელწოდების საშინელებათა ფილმიდან, რომელიც სწორედ იმ ხანებში დიდი ხმაურით გამოვიდა ეკრანებზე.
მისმა გასაოცარმა კოლექციამ კი ერთდროულად მოდის ორ მამამთავარ ქვეყანაში მოუტანა წარმატება მარასს - იტალიასა და საფრანგეთში.
წარმატებამ არ დააყოვნა. იტალიური მოდის ნაციონალური პალატის თანადგომით, 1991 წელს ანტონიომ უკვე პარიზში გამოუშვა ახალი კოლექცია, რომლის შექმნაში ახალბედა დიზაინერები დაიხმარა. Haute couture-მა დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ ფართოდ გაუღო კარი სიმპათიურ მარასს, როცა მისი ნამდვილი დებიუტი შედგა.
მის ახალ სამოსში ფაქიზად იყო ერთმანეთში შერწმული ფერწერა და მოდა. სპეციალისტები განაცვიფრა კოლექციის ბუნებრიობამ და ამავდროულად, ფორმისა და ფერების უჩვეულო შეხამებამ.
გავიდა კიდევ ოთხი წელი და Prat-a-Porte-ს კლასის მისი ახალი კოლექცია უკვე დიზაინერის საკუთარმა მარკამ დაამშვენა. რითი გამოირჩეოდა იგი? რა თქმა უნდა, ასიმეტრიული ფორმებით, ვინტაჟური ქსოვილებით და ორნამენტების სახით შექმნილი მდიდარი დეკორაციებით.
2003 წელს მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა დიზაინერის ცხოვრებაში.
წარმოიდგინეთ სიტუაცია...
ანტონიო სოფელშია, ისეთ მიყრუებულ სოფელში, სადაც მობილური ტელეფონი ძალიან ცუდად იჭერს. ერთ მშვენიერ დღეს, აწკრიალდა მის მობილური. მარასი ეზოში გავარდა, რომ როგორმე გაეგონა ხმა, რომელიც რაღაცას თითქოს ძალიან შორიდან უხსნიდა. როგორც იქნა, მოძებნა ამაღლებული ადგილი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოისმინა...
არც მეტი, არც ნაკლები... კონჩეტა ლანსიოს ერთადერთი წინადადება: ”ჩვენ გვსურს, რომ თქვენ კენზოსთვის იმუშაოთ”... და კავშირი იმწამსვე გაწყდა...
დიახ, მოდის სახლმა Kenzo-მ მარასს ქალის სამოსის ხაზის კრეატიული დირექტორობა შესთავაზა. მან შეცვალა ფრანგი მოდელიერი ჟილ როზე. ეს კი იმან განაპირობა, რომ ანტონიოს სტილი პირდაპირ მიესადაგებოდა იმ მსოფლმხედველობას, რასაც Kenzo-ს მოდის სახლი გვთავაზობს. დიზაინერი არ მალავს, რომ მაშინ ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება.
ხუმრობა ხომ არ იყო, გადაბარგებულიყო პარიზში და დაეტოვებინა იტალია, თავისი ახლობელი ადამიანებით, მეგობრებით და ოჯახის წევრებით მაშინ, როცა მშობლიური სარდინია მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა...
მაგრამ მარასი მიხვდა, რომ ეს ბედისწერის მორიგი ნიშანი იყო და თავისი კრედო - მიჰყევი ბედისწერას - არ დაარღვია.
მოდის სახლმა Kenzo-მ მისი მიღებით იდეალური არჩევანი გააკეთა. ანტონიოს გამოჩენა და... საქმემ ხმაურით წაიწია წინ. მისი პირველი კენზოსეული კოლექცია ძალიან წააგავდა აღმოსავლურ სტილს - მკვეთრი ფერის ტოპები კიმონოს სტილის სახელოებით დაამშვენა, ხოლო მრავალნაოჭიანი ქვედაბოლოები იაპონური ნახატებით და ორნამენტებით გააწყო.
კრიტიკოსებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და ერთხმად აღიარეს, რომ ეს იყო ”ზეკოლექცია”. ის კი არა, მათ მარასი ამ მარკის დამფუძნებელს, თვით ტაკადა კენზოსაც კი შეადარეს. იგი ერთხმად აღიარეს ტაკადას ხაზის ღირსეულ გამგრძელებლად.
და ეს მართალი იყო.
ანტონიოს ხშირად უწევს მუშაობა ალჟირში ოჯახთან ერთად, რადგან ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და კულტურა უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს დიზაინერის შემოქმედებაზე. სწორედ აქ დაიბადა მარასის ესთეტიკური ხედვა.
მისი მოდელები ხომ იმით გამოირჩევა, რომ სამოსის მოსართავი საშუალებები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია, ეს კი შრომატევადი პროცესია. იგი სწორედ ხელით მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, ამოქარგვას, ამოკემსვას, ამოკერვას...
ქსოვილიდან სხვა ქსოვილის ამოყვანას... დესტრუქციები კი (ქსოვილებში დატანებული ხვრელები) უფრო რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. იგი იყენებს დეკონსტრუქციულ ფორმებს ვინტაჟური ქსოვილებით (მათი შეღებვა, დაფერვა, გახეხვა და ა.შ.), ანუ ნაკუწებიდან ქმნის კოსტიუმებს, რისი კულტურაც, ძირითადად, სწორედ აფრიკიდან მოდის, თავად კი მამის ქსოვილების სახელოსნოდან აითვისა.
მარასის ყოველი ქმნილება არა მხოლოდ უბრალო ტანსაცმელი, არამედ მთელი მოთხრობაა, მთელი ისტორია. ყველა თავის შოუს იგი თეატრალურ წარმოდგენად გადააქცევს ხოლმე და ასე მიახვედრებს ყველა დამსწრეს, თუ რა იყო მისი მომდევნო კოლექციის შთაგონების წყარო.
მაგალითად, ”ინგლისური ბაღი ინდოეთში”, ანუ 2005-06 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია შეიქმნა ერთი ქალის წერილის შთაბეჭდილებით, რომელიც საყვარელი მამაკაცისადმი იყო მიძღვნილი. იმისთვის, რომ ახალი და შთამბეჭდავი კოლექცია შექმნას, იგი ჯერ აზრობრივად, თავის ფანტაზიებში სტუმრობს ამა თუ იმ ქვეყანას (აფრიკას, ინგლისს, ვიეტნამს...) და მხოლოდ ამის შემდეგ მიემგზავრება იქ.
მისი თქმით, საქმე ყოველთვის გამოდის, თუკი ჭეშმარიტებასთან ახლოსაა ჩანაფიქრი.
ანტონიოს ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც აქვს, თუმცა განსხვავებული, ვიდრე კენზოს მოდის სახლს სთავაზობს. თუკი Mარრას Kenzo-სთვის - მკვეთრი ფერები და სიცოცხლის სიყვარულია, Mარრას Mარრას-ისთვის - შედარებით ნოსტალგიური რჩება.
ამჟამად ანტონიო და მისი მეუღლე პატრიცია, რომელიც ქმრის მოდის სახლის დირექტორია, ცხოვრობენ და მუშაობენ ხმელთაშუა ზღვის თბილ სანაპიროზე, უზარმაზარ სახლ-სახელოსნოში. ზღვის მოტივები აშკარად იკვეთება მარასის ქსოვილებზე თავისი უხეში დამუშავებით, მარილიანი ლაქებით თუ სილიკონის შრეებით, რომელსაც ანტონიო ”მსუყედ” იყენებს თავის კოლექციებში.
ბოლო წლებში ხშირად გაისმის კრიტიკოსებისაგან, რომ მოდა სულაც არ იცვლება და არ განიცდის წინსვლას, მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში მეორდება წლების წინანდელი ტენდენციები.
მაგრამ ანტონიო მარასის მოდა ყოველთვის მოქმედებაშია. ის არ ჩერდება, ის მოძრაობს.
”მე ვიცი, საითკენ მიიწევს ჩემი მოდა, იმ მხარეს, სადაც ინდივიდუალობაა. დღეს მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელია, მშვენიერი ხარისხის და დიზაინის. უკმარისობა კი, პირველ რიგში, იმაშია, რომ ამ ტანსაცმელს სული აკლია. ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც მე ვცდილობ - მცირე რაოდენობის, მაგრამ ინდივიდუალური სამოსი, რაც შეიძლება მეტი ხელნაკეთი ორნამენტებით”.
მისი ჩვენება ყოველთვის მოდურია, რადგან მასში მთელი ხელოვნებაა შერწყმული.
მისი ნებისმიერი მოდელი გაოცებს თავისი თეატრალობით, განუმეორებლობით და ყოველთვის განსაკუთრებული რომანტიზმით გამოირჩევა.
მის კოლექციაში ადვილად შეამჩნევთ კინოს, ფერწერის, მუსიკისა და ლიტერატურის გავლენას.
მისი მორალი იმაზე ლაპარაკობს, რომ ფანტაზიას და სილამაზისკენ ლტოლვას საზღვარი არა აქვს, და რომ შთაგონება ყველაფრისგან შეიძლება გამოძერწო, რაც კი ყურადღების ღირსია.
მის გენიაზე მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა, რადგან მან ზუსტად იცის, რისი ხილვა სურს მსოფლიოს...
ჟურნალი ”ბომონდი”
სვეტა კვარაცხელია