სასაუბროდ აივანზე ვსხდებით. მანამდე კი ხვეული კიბით ზედა სართულზე ავდივართ. კედლებზე გამოფენილი ნახატები, პლაკატები და ხელოვნების სხვა ნიმუშები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს – რით ცხოვრობდა და სუნთქავდა მისი თითოეული წევრი.
სწორედ ამ კედლებიდან იწყება ნინო ჩუბინიშვილის, "ჩუბიკას" შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრება. არ დავაკონკრეტებ, რომ ნინო დიზაინერია. ის მხოლოდ შემოქმედი მოგზაურია - თან, ძალიან ნიჭიერი.
გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანია. ეს თვისება ბავშვობიდან მოჰყვება. ეზოში სათამაშოდ ჩასული ყველას პირველი ესალმებოდა და ეცნობოდა - "მე ნინო ვარ!"
ახლა მას ყველა "ჩუბიკად" იცნობს. ერთ დროს შერქმეული მეტსახელი ახლა უკვე ბრენდია. ნინოდან CHUBIKA-მდე კი დიდი გზა გაიარა.
შთაბეჭდილებები
ბავშვი? - ეღიმება, აკი მითხრა, რომ კონტაქტური იყო, ზუსტად ათ წუთში იმეგობრებდა ყველას - ეზოში თანატოლებს, თვითმფრინავში ბორტგამცილებლებს. ამ თვისებას ასე ხსნის, რომ გულუბრყვილო იყო და ადვილად ენდობოდა ყველას. მერე ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, თუმცა ადამიანის სიყვარული არასდროს განელებია.
ნდობა? - "არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ბავშვებად რჩებიან. ალბათ, მათი ცხოვრება სხვანაირად აეწყო," - მპასუხობს.
ბავშვობას სიამოვნებით იხსენებს. იმ წლებს უკავშირდება საინტერესო სამყაროს გახსნა. ეს იყო ზღაპარი, რომელსაც ოჯახის წევრები უქმნიდნენ.
"ბებია მხატვარი გახლდათ, ბაბუა ხელოვნებათმცოდნე, დედა მუსიკოსი, მამა კი კინოსცენარისტი. ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვხატავდი... ჩემი ბუნებრივი გარემო შემოქმედებითი გარემო იყო, ანუ ჩემი გასართობიც ხელოვნებასთან ზიარება გახლდათ.
შემოქმედება ჩემთვის ყველაფერია. ვიცი, რომ საჭიროა, მაგრამ ფინანსურ შემოსავალზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ, არც აღიარებაზე. სულ რომ არაფერი მქონდეს, ჩემს საქმეს მაინც ვერ დავთმობ.
ყოველთვის რაღაცას ვხატავდი, თუმცა ამ გატაცებას სერიოზულად არასდროს ვუდგებოდი. მეტიც, არასდროს მეგონა, რომ ნიჭიერი ვიყავი. ყოველთვის ბევრ ადამიანთან ვმეგობრობდი და სულ რაღაცას ვსწავლობდი".
სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. არაჩვეულებრივ პედაგოგთან, გოგი ალექსი-მესხიშვილთან მოხვდა. საინტერესო გამოცდილება მიიღო ბატონი გოგისგან. მხოლოდ წლების შემდეგ გაითავისა ის ცოდნა, რომელიც პედაგოგმა გაუზიარა.
მხოლოდ ახლა ხვდება იმ ნიუანსებს, რომლებიც არაჩვეულებრივ მხატვართან ურთიერთობამ მოუტანა. მთავარი? - ალბათ, ის, რომ შემოქმედების ჯადოსნური სამყაროს კარი გაუხსნა.
მისთვის კი, როგორც შემოქმედისთვის, მთავარი იმპულსი მაინც შთაბეჭდილებები იყო. და ასე იყო ყოველთვის - ბავშვობიდან. სტუმრად მისული, უპირველესად, იმ ოჯახის გარემოს შესწავლით იყო დაკავებული: სურათები, ხელოვნების ნიმუშები, ნივთები ყოველთვის მისი შესწავლის საგანი ხდებოდა. განსაკუთრებით, ისეთ ოჯახში სტუმრობა უყვარდა, სადაც გარემო იმ ოჯახზე საინტერესო ისტორიას ჰყვებოდა.
"როცა შთაბეჭდილებებზე ვლაპარაკობ, არ შეიძლება, მამა და ბაბუა არ გავიხსენო. ბაბუა ხელოვნებათმცოდნე გახლდათ. მას მივუწვებოდი ხოლმე და დაძინებამდე უამრავ საინტერესო ამბავს მიყვებოდა. ყოველი ღამე ხელოვნების ისტორიაში მოგზაურობით იწყებოდა. სულ სადღაც "ვმოგზაურობდით".
როცა წამოვიზარდე, მეგონა, ამა თუ იმ ქვეყანაში ნამყოფი ვიყავი. იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, მონათხრობიც საკმარისი გახლდათ. ბაბუას გარდაცვალებით წავიდა ადამიანი, რომელსაც ყველა თემაზე ამომწურავი პასუხი ჰქონდა".
მამა სულ სხვა მოვლენა გახლდათ ნინოს ცხოვრებაში - ნაკლებად აკადემიური და თავისუფალი ადამიანი. მამა ასმენინებდა კლასიკას, ინდურ მუსიკას და ჯაზს... მამა კინოსცენარისტია. რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილთან მეგობრობდა და მისი ფილმების სცენარზეც უმუშავია.
საინტერესო ტანდემი იყო. მუშაობდნენ ერთად და ნინოს თვალწინ იბადებოდა კიდევ ერთი საინტერესო სამყარო, კინემატოგრაფის სახით.
დამოუკიდებლობა
დამოუკიდებლობა შრომის შედეგად შეიძინა, როცა დადგა დრო, რომ საკუთარი გზა ეპოვნა.
შემოქმედებითი იმპულსი შეიძლება ერთ წერტილშიც იპოვოს. მუშაობა დაიწყო და მას მერე აღარ გაჩერებულა.
შესაბამისად, ყოველთვის უკვირს იმ შემოქმედი ადამიანისა, ვინც თავის წარუმატებლობაში გარე სამყაროს ადანაშაულებს. ყოველთვის სწავლობდა და შრომობდა. მისთვის წინააღმდეგობა არ არსებობს, განსაკუთრებით, არასასურველი გარემოს სახით.
ღიმილით მეუბნება, ქვაზე რომ დამსვა, მაინც ვიმუშავებო. აქ გულისხმობს შინაგანი პროცესების და გამოხატვის აუცილებლობას. ფუნჯი და საღებავი თუ არ ექნება, ნაცარს გამოიყენებს. რაიმე საშუალებას აუცილებლად გამონახავს.
უბრალო ნივთშიც კი შეუძლია საინტერესო კუთხის მოძებნა. შთაბეჭდილება ჭიანჭველას სიარულმაც შეიძლება მოუტანოს. ამას იმით ხსნის, რომ თუ ხედვა გაქვს, სამყაროში უამრავ საინტერესო ფორმას აღმოაჩენ.
განსაკუთრებით ის ადამიანები აღიზიანებს, ვისთვისაც შემოქმედება პოზაა ან მოდური გასართობი. "შემოქმედება იმდენად მაგარი რამაა, სხვა უფრო ძლიერი სიამოვნება არ არსებობს. არასდროს ვიმუშავებ მხოლოდ ფულისთვის ან აღიარებისთვის".
პირველი
პირველი? - დგება და კარადიდან პატარა ყუთი გამოაქვს. ხსნის და შიგ მახედებს - ფაქიზი კონტურებით შექმნილი გრაფიკული ნამუშევრებია, ერთმანეთზე დაწყობილი ფურცლებით, ამოჭრილი და ერთმანეთში გამავალი ფორმებით.
ეს "ალისაა საოცრებათა ქვეყანაში". თავის პირველ გოგონას მიუძღვნა. ახლა წიგნად გამოცემას ფიქრობს. მეორე გოგონას უკვე ალისა დაარქვა და ამ სახელის შესაფერის გარემოს უქმნის - პატარა ალისას ცხოვრება ზღაპრებითაა სავსე. საძინებელში პატარა თეატრი მოუწყო, სადაც ყოველდღე საინტერესო ამბები ხდება.
"ალისა?" - საინტერესოდ შეიქმნა ეს მართლაც საოცარი ნამუშევარი. ნინომ საკუთარი თავი გამოსცადა. ჩაიფიქრა, რომ სერიოზულ ნამუშევარს შექმნიდა. დღედაღამ მუშაობდა. მხოლოდ წასახემსებლად გამოდიოდა ოთახიდან... დაუღალავ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
იმ პერიოდში სხვა სახლში ცხოვრობდა. შემოქმედი ადამიანების დიდი ჯგუფი დამეგობრდა: ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, გოგი ძოძუაშვილი, მაია სუმბაძე, სალომე მაჩაიძე, გიო სუმბაძე... ამ ადამიანებს ერთმანეთთან მეგობრობის გარდა, შემოქმედებითი კავშირიც ჰქონდათ.
რომ იტყვიან, სადღეღამისო ცხოვრებას ეწეოდნენ. თბილისში ნგრევისა და არეულობის პარალელურად, გოთუას ქუჩაზე, სადაც ნინო ცხოვრობდა, დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება მიდიოდა. თავის ჯგუფს "გოსლაბი" დაარქვეს.
"ალისას" შექმნა სწორედ იმ წლებს უკავშირდება. ამავდროულად, საკუთარი საქმიანობის მიმართ გამძაფრებული ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობაც.
პასუხისმგებლობა
პროფესიული კუთხით დიდი გამოცდილება პარიზში სწავლის პერიოდმა მოუტანა.
"რა ვისწავლე? ამის თქმა ძნელია. იცით, როგორი დავალებები გვქონდა? რამდენიმე დღეში ასობით ესკიზი უნდა შეგვექმნა. მივიტანდით პედაგოგთან და გვიწუნებდა… ერთხელ, ორჯერ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მივიღებდით.
დავალებად მართლაც შეუძლებელს გვთხოვდნენ, მაგრამ დიდი შრომის შედეგად იდეალურ შედეგამდე მივდიოდით. არც ენა ვიცოდი, არც ქუჩები. რა პროგრამა იყო, იმის აზრზეც არ ვიყავი, ისე მოვხვდი უცხო გარემოში.
წარმოუდგენლად რთული გზა გავიარე. ამიტომ მაქვს გამძაფრებული დამოკიდებულება პროფესიონალიზმის მიმართ და ამ მხრივ, კატეგორიულიც ვარ. აქ წარმოდგენა არ აქვთ პროფესიონალიზმზე. არ შეიძლება ყველას დიზაინერი ერქვას.
თან ჩვენთან ხომ ყველას აქებენ. აქ ყველაფერი იოლად მისაღწევი გახდა. ძალიან იაფფასიანი გახდა წარმატებაც, ხარისხზე ხომ აღარაა ლაპარაკი".
ბოლო პროექტი
საკუთარ ნამუშევრებზე საუბარი არ უყვარს. არ უყვარს შინაგან "სამზარეულოში" ვინმეს შეშვება. მიაჩნია, რომ ინსპირაცია და თავად მუშაობის პროცესი საკრალურია და შემოქმედმა ეს თემა საიდუმლოდ უნდა დატოვოს.
სამაგიეროდ, სიამოვნებით საუბრობს ბოლო პროექტზე, რომელმაც ნინოს ახალი გამოცდილება მოუტანა. ეს პროექტი სამი ადამიანის კოლაბორაციით შეიქმნა. მასში, ნინოსთან ერთად, ნინოს მეუღლემ, არქიტექტორმა დათო გიორგაძემ და რეჟისორმა თამუნა ქარუმიძემ იმუშავეს. ეს ტანდემი ნინოსთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
"ნინო ანანიაშვილისგან შემოთავაზება რომ მივიღე, თავიდან ძალიან დავიბენი. სიმართლე გითხრათ, კლასიკურ ბალეტს ამდენად კარგად არ ვიცნობდი. დავინტერესდი და თავად ნინოს ნამუშევრებს ჩავუჯექი.
ნანახმა სპექტაკლებმა პირდაპირ მიმიყვანა თემამდე - ეს იქნებოდა ნამდვილი ზღაპრული სამყარო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოცეკვავე. უარი არ ვთქვი და დავიწყე მუშაობა.
იქმნებოდა ზღაპარი, რომელიც ყველას ერთად გამოგვივიდა. სპექტაკლის გარდა, მოეწყო გამოფენა. კოსტიუმები კარადებში იყო შეკიდული და განათებული. რაღაცნაირი, საიდუმლოს მატარებელი იყო ეს ყველაფერი.
ზარდახშის ეფექტი გამოვიყენეთ. საჯარო ბიბილიოთეკის ულამაზესი დარბაზის კედლებზე კი ინსტალაცია მოეწყო, სადაც ნინო ანანიაშვილი ცეკვავდა. მართლაც, შთამბეჭდავი სანახაობა იყო".
ახლა უამრავი გეგმა აქვს. პიერ კარდენთან კონტრაქტი მზადაა, კოსტიუმების ესკიზებიც შექმნილია.
თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული კომერციული ტანდემი, ალბათ, ვერ შედგება. როგორც ნინო აღნიშნავს, საქართველო ჯერ არ არის მზად ამ რანგის კომერციული პროექტების განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, იგი შესრულების ხარისხს გულისხმობს.
ქეთი დარჩია
ჟურნალი "ბომონდი"
(მაისის ნომერი)