კომპანია Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედამ ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბა მოირგო. მეი მასკმა ულამაზეს კაბაში გადაღებული ფოტო "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და ანუკი მონიშნა.
კაბა ქართველი დიზაინერის 2018 წლის კოლექციიდანაა. ვებგვერდზე, სადაც ანუკის კოლექციის დათვალიერებაა შესაძლებელი, კაბა იძებნება, თუმცა მისი ფასი მითითებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ანუკი არეშიძე უკვე წლებია წარმატებით ავითარებს საკუთარ ბიზნესს. მისი დიზაინით შექმნილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ირგებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანუკის ახალი მაღაზია დუბაიში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საშოპინგო სივრცეში, "ლაფაიეტში" გაიხსნა. ფოტოები სოციალურ ქსელში თავად არეშიძემ გაავრცელა და უამრავი მილოცვაც მიიღო.