ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის შექმნა გასულ წელს დააანონსა. NICOLAS-ი ცალკე ბრენდია და ის სამი თვიდან სამ წლამდე ბავშვებისთვის შექმნილ აქსესუარებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს აერთიანებს. ბრენდი მუშაობას პირველი ივნისიდან დაიწყებს, თუმცა მისი გვერდი სოციალურ ქსელში უკვე იძებნება.
სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ბრენდის სახელწოდება გასაკვირი არ იქნება, რადგან ნიკოლასი კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილის სახელია. ნიკოლასი მშობლების გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკუთარი სტილისა თუ ჩაცმულობის გამო ხშირად უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
როგორც ჩანს, ნიკოლასი ახალი ბრენდისთვისაც პოზირებს და nicolas_kidswear-ის გვერდზე პირველად სწორედ მის ფოტოს შეხვდებით. „როგორ მიყვარს ეს ვარსკვლავბიჭუნა“, „ველოდებით“, „წარმატებები“ - წერენ ნიკოლასის გულშემატკივრები ახალი ბრენდის შესახებ კომენტარებში.