"მოდას ახლა რატომღაც არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის", - ასე თქვა დემნა გვასალიამ Balenciaga-ს შოუს შემდეგ, რომელსაც თვალს მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ადევნებდა და რომლის მთავარი თემაც უკრაინაში მიმდინარე პროცესები იყო.
ჩვენებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კიმ კარდაშიანმა, რომლის ჩაცმულობაც, ექსპერტების შეფასებით, ნათელი გამოხატულება იყო იმ აგრესიისა, რომელსაც რუსეთი იჩენს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მედიაში წერენ, რომ დემნა ერთადერთი დიზაინერია, რომელსაც აქვს ექსპერიმენტული დიაპაზონი და მისი კოლექციები ყოველთვის მისი პიროვნებისა და წარსულის რეფლექსიაა.
კვირას უკრაინის მიმართ "ბალენსიაგას" სოლიდარობის გამოხატვა პირდაპირი და ცალსახა იყო. ჩვენების დაწყებამდე ჩვენ მოვისმინეთ ჩანაწერი, რომელშიც გვასალია კითხულობდა ლექსს უკრაინულად: „ეს არ არის ლექცია, რომელიც მოუწოდებს უკრაინას, იყოს ძლიერი, რომ ჯარისკაცები დაიცავენ მას!“ - განმარტა დემნამ. დემნას მთავარი მიზანი ომის საშინელების მთელი მსოფლიოსთვის ჩვენება იყო. მან ყველას სტუმარს დაახვედრა მაისური უკრაინის დროშის ფერებით, შოუს კი მუდმივად გასდევდა თან უკრაინული მუსიკა.
შოუ დემნა გვასალიას წარსულისა და იმ ადამიანთა ტრაგედიის შერწყმა იყო, რომლებიც ახლა ბომბების აფეთქებისა და განგაშის ხმების ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენებაზე ჩვენ ვუყურებდით გვასალიას მოდელებს, როგორ ებრძოდნენ ხელოვნურ ელემენტებს, ძლიერ ქარს და ხელოვნურ თოვლს. გავიხსენოთ, რომ ეს კოლექცია შეიქმნა მანამ, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში და 1 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილი გახდებოდა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელი იყო მეტაფორული პარალელების არდანახვა ამ ხელოვნურ გამოცდილებასა და რეალურ გამოცდილებას შორის. „ეს იყო ძალიან მიზანმიმართული სცენოგრაფია“, - განაცხადა გვასალიამ.
დემნა გვასალია 12 წლის იყო, როდესაც ის და მისი ძმა გურამი ოჯახთან ერთად რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი თავადაც გახდნენ. მათ საკუთარი სახლის დატოვება მოუწიათ. დემნა საკუთარ თავს „მარადიულ ლტოლვილად“ მოიხსენიებს. მას მოუწია ცხოვრება უკრაინაშიც, შვეიცარიაშიც...
„უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში იმ წარსული ტრავმის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წლიდან მომყვება — მას შემდეგ, რაც ჩემს ქვეყანაში იგივე მოხდა და მე სამუდამოდ ლტოლვილად ვიქეცი. სამუდამოდ იმიტომ, რომ ეს რაღაც ყოველთვის შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთილება და იმის გააზრება, რომ არავის სჭირდები. თუმცა მე ისიც გავიაზრე, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი — ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორიცაა სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა.
ასეთ დროს მოდა რელევანტურობასა და არსებობის უფლებასაც კი კარგავს. მოდის კვირეული რაღაც უაზრობას ემსგავსება. წუთით ისიც ვიფიქრე, გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ბევრი ვიშრომეთ და რომელსაც მოუთმენლად ველოდით. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ შოუს გაუქმება დანებება იქნებოდა — იმ ბოროტების მორჩილება, რომელიც უკვე 30 წელია, დიდ ტკივილს მაყენებს. გადავწყვიტე, რომ ჩემს წილს აღარასდროს შევწირავ ეგოსთან გამართულ ამ უაზრო, უგულო ომს.
ომში მხოლოდ უდანაშაულო ხალხი იღუპება: მე ეს განვიცადე. და მე რეალურად ვბლოკავდი ამას ჩემს თავში 30 წლის განმავლობაში, სანამ არ დავიწყე ახალი ამბების კითხვა გასულ კვირას“ - თქვა დემნა გვასალიამ.