ავთანდილ ცქვიტინიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ინერტულ პოზიციას საკუთარი გამოცდილებით გამოეხმაურა.
ავთანდილ ცქვიტინიძე: 2008 წელს, როდესაც ჩვენი ომი დაიწყო, მე ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე რუსეთის მოდის კვირეულთან. მაშინ მე უკვე საუკეთესო ათეულში შევდიოდი და რუსეთის მაღალი მოდის წევრი ვიყავი. შევწყვიტე ჩვენებები, დავემშვიდობე რუსულ ბაზარს და გადმოვინაცვლე უკრაინის ბაზარსა და მოდის კვირეულზე. აქედან გამომდინარე, მრავალი წელი მაკავშირებს უკრაინასთან. დაწყებული მაღაზიებით, გაგრძელებული მეგობრებით, მოდელებით, ორგანიზატორებით და ასე შემდეგ. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ ქვეყანას უკავშირდება და მთელი ცხოვრებაა მათთან კონტაქტზე ვარ, ახლა – მით უმეტეს და ვხედავ, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. დიზაინერებმა საქველმოქმედო აქცია გავმართეთ და უკრაინაში დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად ძვირად ღირებული პროდუქტები სიმბოლურ თანხად გავყიდეთ.
– 2008 წელს, მიუხედავად ყველაფრისა, არ გაგიჭირდათ დიდ პერსპექტივაზე უარის თქმა?
– მოსკოვში მე ძალიან წარმატებული და პოპულარული ვიყავი, მაგრამ ძალიან მარტივად და ერთმნიშვნელოვნად მივიღე გადაწყვეტილება, უარი მეთქვა ყველაფერზე. ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გჭირდება, რომ საკუთარ თავთან იყო მართალი. არ არსებობს არანაირი შემოსავალი, რომელიც საკუთარ პრინციპებზე ზემოთ უნდა დააყენო. მე არასდროს ვაკეთებ თანხას იმისგან, რაც სიყვარულით, გულითა და მზრუნველობით არ იქმნება. მე ვარ შემოქმედი ადამიანი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ბრენდის სიცოცხლესა და ახალ თაობაზე გადასვლას განაპირობებს, ის გულწრფელობაა, რაც მე და ჩემს ბრენდს გვაქვს ადამიანების მიმართ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტურისტულ სეზონზე რუსულენოვან ადამიანზე არ უნდა გავყიდოთ ჩვენი ნაწარმი, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ უნდა იყოს თუ არა ეს ქვეყანა ჩემი მთავარი შემოსავლის წყარო, მარტივი გადასაწყვეტი იყო და მე რუსეთს დავემშვიდობე. მე ასეთი ტიპი ვარ. გადაწყვეტილებას უცებ ვიღებ და მორჩა. ვერ წარმოვიდგენდი, აქეთ რუსული მოდის კვირეულს მოდელებით და გვერდზე ომის კადრებს. საბედნიეროდ, ეს ორი ჩემს ტვინში ერთად ვერ ლაგდება. მე არასდროს ვხდები დამოკიდებული კომფორტის ზონაზე.
– ვისაუბროთ ახალ ეტაპზეც – გადაცემას ვგულისხმობ. მიუხედავად რთული პერიოდისა, ცხოვრებას ვაგრძელებთ...
– რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა გაჩერდე. მოცემულობა არცერთ პერიოდში არ ვარგა. შენთვის სასურველი მოცემულობა თვითონ უნდა შეიქმნა. ჩემი ცხოვრების პრინციპია, არ გავჩერდე და ყოველთვის მქონდეს გამოხატვის საშუალება, იქნება ეს ფერწერით თუ ტანსაცმლის დიზაინით.
იხილეთ სრულად