პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მეორე დღე Giambattista Valli-ს ჩვენებას დაეთმო. 47 წლის დიზაინერმა მაყურებელს უძვირფასესი საღამოს კაბები წარუდგინა და კვლავ დაამტკიცა თავისი უნიკალური ნიჭი ფერების კომბინაციაში.
იხილეთ ფოტოგალერეა
უდავოა, რომ ჯამბატისტა ვალი ყოველთვის თავის სიმაღლეზეა. ის ქსოვილის, ფასონის, დრაპირების, პრინტისა და ფერების ჰარმონიის დიდოსტატია. Giambattista Valli-ს ყოველი კომპლექტი შეგვიძლია განვიხილოთ არა როგორც უბრალოდ სამოსი, არამედ, როგორც ნამდვილი სამუზეუმო ექსპონატი. მისი კოლექციები ყოველთვის საოცრად საინტერესო და დასამახსოვრებელია.
რამდენიმე წლის წინ, მორიგი ჩვენების შემდეგ ჯამბატისტა ვალიმ განაცხადა: "ფერი და ყვავილები – აი, რას ელიან ჩემგან ქალები. და მე ყოველთვის ვამართლებ მათ მოლოდინს".
7 ივლისს, პარიზში წარმოდგენილი ახალი კოლექცია გამონაკლისი არ ყოფილა. ამჯერად დიზაინერმა 50-იანი წლების ვიწროწელიანი, ქვემოთ გაშლილი ქვედაბოლოებით იხელმძღვანელა.
დაბოლოს, გავიხსენოთ დიზაინერის ცნობილი სიტყვები, რომლებიც მან ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში, public talk-ზე წარმოთქვა: "შანელს ჰქონდა მინიმალიზმი და შავი ფერი, სენ-ლორანს – სმოკინგი, მე კი – ფერები. დიახ, ხანდახან ის ჭარბადაც არის. მე გადაჭარბებული ადამიანი ვარ".