ყველაზე მოთხოვნადი და გამორჩეული ფოტომოდელი და "ინფლუენსერი" ლიკუნა ხაჭაპურიძე სანდრო ჭანტურიაზე დაქორწინების შემდეგ მალევე საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც კარიერაში ახალი და წარმატებული ნაბიჯები გადადგა. გარდა უამრავი მაღალი კლასის ბრენდისა, ის "პრადასთან" და The KARL LAGERFELD-თან თანამშრომლობს.
- ლიკუნა, რატომ გადახვედი გერმანიაში საცხოვრებლად?
- ჩემი მეუღლის ოჯახი გადმოვიდა გერმანიაში საცხოვრებლად და მეც გადავწყვიტე, მეუღლესთან ვყოფილიყავი. ჰამბურგში ზაფხულში ჩამოვედით და ჯერჯერობით აქეთ ვაპირებთ ყოფნას. დაოჯახებიდან ერთ თვეში გერმანიაში წამოვედით. ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვალა - უკვე დაოჯახებული, ახალი ქვეყანა, რომელიც ყველანაირად ახალი გამოწვევა იყო.
რომ მოვდიოდი, ძალიან მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ საქართველოში ვტოვებ ყველაფერს, როგორ უნდა ვიყო ახალ ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობს, მეგობრები არ მყავს?! ვფიქრობდი, რომ აღარ ვიქნებოდი ისეთი მოთხოვნადი ჩემს საქმიანობაში. მადლობა ღმერთს, როგორც კი ჩამოვედი, ბევრი კარგი შემოთავაზება მივიღე. ჩემი ქმარი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასზე ახლობელი არავინ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების დანაკლისს მივსებს და სულ დაკავებული ვარ, ძალიან გამიჭირდა და ახლაც მაქვს დეპრესიული მომენტები. განსაკუთრებით, როცა ცუდი ამინდებია. ბევრი მეუბნება, რომ გერმანიას სჩვევია დეპრესია და ასეც არის.
- შენმა ქორწინებამ ძალიან ჩუმად ჩაიარა...
- ქორწილი არ მქონდა. პანდემია დაემთხვა და თან გერმანიაში მალევე მოვდიოდით. არც მიმაჩნია სწორად, რომ პანდემიის დროს ქორწილი გადავიხადოთ. მე და სანდროს ბევრი მეგობარი გვყავს. ამიტომ პატარა ქორწილი არ მინდოდა. ველოდებით იმ პერიოდს, როცა ყველაფერი გაიხსნება.
ძალიან კარგია თანაცხოვრება, დავისვენე და დავწყნარდი. ბევრისგან მსმენია, რომ თანაცხოვროება რთულია, მერე ნახავ, რაც მოხდება... მინდა ვთქვა, რომ ბევრად უკეთესი ყოფილა ერთად ცხოვრება, ვიდრე ცალ-ცალკე. ვიცოდი, რომ ასე კარგად ვიცხოვრებდით, მაგრამ ამდენად კარგი თუ იქნებოდა, არ მეგონა. მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობთ, ყველაფერში გავუგოთ ერთმანეთს და გავახაროთ.
- ცნობილ ბრენდებთან თუ თანამშრომლობ?
- ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდი ბრენდები მეხმიანებიან და ჩემთან თანამშრომლობენ. რამდენიმე დღის წინ "პრადამ" გამომიგზავნა ნივთები, "კარლ ლაგერფელდთან" დავიწყე თანამშრომლობა. ბევრი ისეთი ცნობილი და მაღალი დონის ბრენდი დამიკავშირდა, რომლებზეც მხოლოდ ოცნება თუ წარმომედგინა. ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვითანამშრომლებდით.
ამ ყველაფერმა უდიდესი პასუხისმგებლობაც შემმატა. ამ ბრენდებისთვის ვქმნი "კონტენტს", მაგრამ რასაც მათთვის ვიღებ, ყველაფერს არ ვდებ "ინსტაგრამზე". სპეციალური შეკვეთები აქვთ, რაც საქართველოში მანამდე არ შემხვედრია და არ ვიცოდი. ვიღებ მათთვის და შექმნილ "კონტენტს" ვუგზავნი. თუ ფოტოებს "ინსტაგრამზე" არ დავდებ, მაგაში თანხას იხდიან. აქედან გამომდინარე, ჩემს თავს ვუწოდე "კონტენტ მეიქერი", რაც რეალურად ვარ.
- მეუღლე რამდენად გეხმარება?
- მეუღლე ყველაფერში ჩართულია, ფოტოების 90%-ს სანდრო მიღებს. როცა თანამშრომლობაზე მწერენ, წერილებსაც ეგ პასუხობს. ყველაფერში მეხმარება და ხელს მიწყობს, რაც ძალიან მიხარია.
- როგორ ახერხებ ყოველთვის ფორმაში ყოფნას?
- ჭამაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, ჭკუა მეკეტება და თან, სულ მეზარება ვარჯიში. თავიდან, გერმანიაში რომ ჩამოვედით, მადა დავკარგე, საერთოდ ვერ ვჭამდი და ისე გავხდი, ვერც შევამჩნიე. სხვები რომ მეუბნებოდნენ, რა გამხდარი ხარო, არც მჯეროდა, მაგრამ მერე, როცა სასწორი ვიყიდე, აღმოვაჩინე, რომ 46 კილო ვყოფილვარ, მაგრამ უკვე მაგ წონიდან 6 კილო მაქვს მომატებული. ახლა ვვარჯიშობ და სწორი კვება დავიწყე. თუ ავიშვი და მოვიმატე, მერე ვიტანჯავ თავს, რომ ფორმაში ჩავდგე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>