მოდელები

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონა, რომელიც Vogue-ის მოდელი გახდა, სტერეოტიპებს ამსხვრევს

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონა, რომელიც Vogue-ის მოდელი გახდა, სტერეოტიპებს ამსხვრევს
მოდის ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება და, მასთან ერთად, ვითარდება სილამაზის სტანდარტებიც. თუკი ადრე ჟურნალების ყდებზე მხოლოდ სტანდარტული გარეგნობის მოდელებს ვხედავდით, ახლა უპირატესობა ინდივიდუალიზმს, უნიკალურობას ენიჭება და მნიშვნელობა არ აქვს, რა გარშემოწერილობისაა წელი ან რა ფერისაა თვალები. დღეს სწორედ ასეთი არასტანდარტული, საოცარი სილამაზის მქონე გოგონაზე მოგიყვებით, რომელიც, მშობლებისგან ბედის ანაბარად მიტოვებული, წარმატებული მოდელი შემთხვევით გახდა.

ხუელის ცხოვრების გზა ძალიან უცნაური და, შეიძლება ითქვას, არაჩვეულებრივიც კია. ის დაიბადა ჩინეთში, სადაც იმ დროისთვის „ერთი შვილის“ პოლიტიკა მოქმედებდა. აღმოჩნდა,
რომ გოგონას იშვიათი დაავადება, ალბინიზმი აქვს. ალბინოსი ადამიანების ორგანიზმი მცირე რაოდენობით აწარმოებს მელანინს, ნივთიერებას, რომელიც აძლევს შეფერილობას თმას, თვალებსა და კანს. ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან სინათლის მიმართ.
ხუელი რომ სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, მისი ცხოვრება, ალბათ, არაფრით იქნებოდა გამორჩეული, თუმცა ჩინეთში ალბინოსებს დაწყევლილ ადამიანებად მიიჩნევენ. მშობლებმა არ ისურვეს ასეთი შვილი და პატარა ხუელი ბავშვთა სახლის ზღურბლთან დატოვეს. გოგონა მალევე იპოვეს და მას განსაკუთრებული სახელიც დაარქვეს - ჩინურად Xue თოვლს, Li კი ლამაზს ნიშნავს. ხუელი სამი წლის ასაკში იშვილეს და ახალმა მშობლებმა ის საცხოვრებლად ჰოლანდიაში წაიყვანეს. არაბიოლოგიურ დედას შვილის სახელი იმდენად მოეწონა, რომ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა - „მე მისთვის უფრო ლამაზ სახელს ვერასდროს მოვიფიქრებდი“ - ამბობდა ის.

გოგონამ დღემდე არ იცის, როდისაა მისი დაბადების დღე, მაგრამ არაფერს ნანობს, მისი ბედი ხომ ჯადოსნური და საოცნებოა - 16 წლის ასაკში ის ცნობილი ჟურნალის, Vogue-ის გვერდებს ამშვენებს.
ხუელი სამოდელო ბიზნესში შემთხვევით აღმოჩნდა, როცა მისი არაბიოლოგიური დედის ერთ-ერთი ნაცნობი, ჰონგკონგელი დიზაინერი ატარებდა კამპანიას, სახელწოდებით Perfect Flaws. დიზაინერი დაინტერესდა ხუელის გარეგნობით და სწორედ ასე შედგა მისი დებიუტი, რის შემდეგაც ალბინოსი გოგონა არაერთ პროექტსა და ფოტოსესიაზე მიიწვიეს. ხუელის აქტიურობა და წარმატება ამსხვრევს სტერეოტიპს და ეხმარება ამ დაავადების მატარებელ სხვა ადამიანებს, რომ გახდნენ უფრო თამამები, გაბედულები და აკეთონ ის, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ. „მოდელების უმეტესობა მაღალი და გამხდარია, ახლა კი შეზღუდული შესაძლებლობისა და არასტანდარტული გარეგნობის მქონე პირები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ჟურნალებში. მე ეს ძალიან მომწონს, ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს“ - ამბობს ხუელი.

იყო ალბინოსი მოდელი - ეს მარტივი არ არის. როგორც ხუელი ამბობს, მას გადაღებების დროს სინათლე თვალებს სტკენს. გარდა ამისა, მისი მხედველობა მხოლოდ 8-10 პროცენტია: „კარგად ვერ ვხედავ. ამიტომ მიწევს, მუდმივად მობილიზებული ვიყო და ყურადღება ხალხის საუბარსა და ნათქვამზე გავამახვილო“ - ამბობს გოგონა. მიუხედავად სირთულეებისა, ხუელს უყვარს თავისი პროფესია, სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს და ბედნიერია, რომ უამრავი ახალი ადამიანის გაცნობის საშუალება აქვს. მისი მიზანია, ხალხს დაუმტკიცოს, რომ ალბინიზმი წყევლა არ არის, ეს მხოლოდ გენეტიკური მახასიათებელია: „სილამაზე შეიძლება იყოს განსხვავებული და არასწორია, მას დაუწესო ჩარჩოები. მსურს, ყველა ალბინოს ადამიანს ვაჩვენო, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან“ - ამბობს ხუელი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
აააა
ალბინოსი-დაავადება არ არის...!!!!
19:47 / 12-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ნათია
კარგი გოგონაა. არ გავს ჩინელს.
19:10 / 12-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93