სახლი - ეს ის ადგილია, სადაც თავი მყუდროდ და დაცულად უნდა ვიგრძნოთ. სწორედ ამიტომ საჭიროა, მის გამრავალფეროვნებასა და გახალისებას შევუდგეთ.
ქეით რეინოლდსი - “Studio Four NYC“-ის დამფუძნებელი, გვირჩევს, ოთახში გარკვეული ბალანსი დავიცვათ.
იგი გულისხმობს, რომ ოთახში ყველაფერი ძვირად ღირებული არ უნდა იყოს. იაფი და ძვირფასი ერთმანეთს გემოვნებიანად უნდა შევუხამოთ.
ძველებური და თანამედროვე ინტერიერის შერწყმა - „მე მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ იცვლება დრო და რა სიახლეები მოაქვს მას”, - ამბობს კალიფორნიელი ინტერიერის დიზაინერი პატრიკ პრინტი.
მისი აზრით, ეს ინოვაციური იდეა საინტერესო ეფექტს ქმნის და ჰარმონიისკენ ისწრაფვის. ჰარმონია კი, ამ შემთხვევაში ორგანული გასაღებია.
ითამაშე ტექსტურით - ეს ძალიან ადვილია. შეგვიძლია მიზნის მისაღწევად ხის და ტყავის მასალა გამოვიყენოთ.
მსგავსი ფაქტურის ნახატი კი ინტერიერს საინტერესოს გახდის.
„ Studio Munroe“-ს დამფუძნებელი - ემილი მუნრო, გვირჩევს, ამ ხერხს მივმართოთ, რადგან საკუთარ სახლში ასეთ ექსპერიმენტებს თავადაც ატარებს.
„ყვავილების თაიგული“ - განწყობის შესაქმნელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ნათელი ფერები, გაზაფხულის სურნელი, სივრცე, რომელიც არ გვაღიზიანებს. დიახ, ამ ყოველივეს სწორედ ყვავილებისპრინტიანი ავეჯით, მსგავსი დეკორაციებით და მოვარდისფრო ტონებით შეგვიძლია მივაღწიოთ.
იმისთვის, რომ ოთახმა სიმსუბუქის შეგრძნება შეინარჩუნოს, კედლები ღია ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი.
იპოვეთ ინსპირაცია თქვენს სივრცეში - ამ შემთხვევაში ჯენი ჩიპოლეტიმ, პატრიკ პრინტის მსგავსად, ძველისა და თანამედროვეს შერწყმა გვირჩია. ჯენის ინსპირაციაში ყურადღება ოთახის მდიდრულ და სადა მხარეზე მახვილდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ოთახი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოაწყოთ და მასში უნდა შეინიშნებოდეს თქვენი პირადი ნივთები - რომლებიც დეკორის მაგივრობასაც კი გასწევს.
დაბოლოს, მოიწყეთ თქვენი კუთხე - კომფორტის ზონა, რომელიც ნებისმიერ დროს მოგცემთ განტვირთვის საშუალებას - ეს, ალბათ, ყველას სურს. გამოიყენეთ ნახატები, პატარა დასადგამი ჩარჩოები ფოტოებითურთ, სანათი, მცენარეები, ბალიშები. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ განტვირთვის ზონას.
ნათია ხუნაშვილი