"ბომონდის" მორიგი "Fashion hero-ექსპერიმენტი" ამჯერად ლუის კეროლის ნონსენსური სამყაროს გმირის - ცნობისმოყვარე ალისას გათანამედროვეობას შეეცადა.
და რა გგონიათ, რეალურ ცხოვრებაში ცოტა მოიძებნება ნონსენსი?
ნონსენსი #1
იმ დროს, როცა ფანჯრებს მიღმა ტემპერატურა მინუსებშია გადასული, დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის ატელიეში შიფონის ულამაზეს კაბას ირგებს Fashion hero-ს ახალი გმირი - ელენე მახარაშვილი...
ნონსენსი #2
ოდნავ მოგვიანებით ზღაპრების Fashion -სახელოსნოს ანუკა ქებურია შემოუერთდება... დიახ, დიახ, ალისას "ბასანოშკები" სწორედ მისი შემოქმედებაა. დაგველოდეთ კი არადა, გააგრძელეთ კითხვა...
ქეთი
პირველი შთაბეჭდილება - "ბრიუნეტკა-პარიჟანკა" წითელი ბერეტით. უფრო ახლოს - ძალიან მეგობრული, უბრალო და სასიამოვნო ადამიანი. გაცნობისთანავე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პატარა, მუშა ფუტკარს ჰგავს... ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა, რატომ უნდა და როგორ აკეთოს ის, რაც უნდა.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დიზაინერის კარიერა ყაზახეთიდან დაიწყო. მაშინ, როცა საქართველოში მოდის ინდუსტრია ჯერ კიდევ აქა-იქ იდგამდა ფეხს, ქეთი პირველ წარმატებულ ნაბიჯებს დგამდა, ოღონდ ქვეყნის გარეთ.
ეს იყო ადრე, დაახლოებით ათი წლის წინ. დღემდე ზრდის და განვითარების პროცესშია და თვლის, რომ გააჩნია პროფესია, რომელიც აბსოლუტურად გამართლებულია მისთვის, როგორც კრეატიული, ისე ფინანსური კუთხით.
სამოსის შექმნის პროცესს რაიმე კონკრეტული, დასახული ამოცანის შესრულებასავით აღიქვამს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქსოვილს და კონკრეტულად მის ფაქტურას, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ამა თუ იმ ქსოვილის ფაქტურა უბიძგებს კონკრეტული სტილის სამოსის შექმნისკენ.
ქეთი წარმატებული დიზაინერია არა მარტო ქართული მოდის ინდუსტრიაში, უცხოურ პოდიუმებზეც. უკვე მესამე წელია, მონაწილეობს პარიზის მოდის კვირეულებზე, აკეთებს შოურუმებს, ჰყავს სერიოზული დამკვეთები არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, დუბაიდან და ა.შ.
რაც ძალიან დიდი სტიმულია მისთვის, როგორც შემოქმედისთვის, რომ სამომავლოდ უფრო და უფრო დაიხვეწოს, გაიზარდოს პროფესიონალური კუთხით და საკუთარ თავს მიღწეულით დაკმაყოფილების საშუალება არ მისცეს.
მიაჩნია, რომ მისი კარიერა ნაბიჯ-ნაბიჯ, გადამეტებული შფოთისა და აჟიოტაჟის გარეშე განვითარდა. ყველაფერი დრომ და მუყაითმა შრომამ მოიტანა. მისთვის კონკურენციის მომენტიც ერთგვარი სტიმულია და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საქართველოში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა.
ჩემი აზრით, ქეთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აჯობოს ადამიანმა სიზარმაცეს. ქეთიმ ეს რუბიკონი წარმატებით გადალახა. ამ ეტაპზეც მისი დამოკიდებულება და სტრატეგია ჯანსაღ გათვლას ეფუძნება. ეს ადამიანი არ მუშაობს სელფ-პიარის კუთხით. საკუთარი ქმედებებით და შექმნილი პროდუქციით უქმნის თავს წარმატებული დიზაინერის და პროფესიონალის იმიჯს, რომელიც ყველაზე დამაჯერებელი და ეფექტური სარეკლამო კამპანიაა დღევანდელი მძაფრი კონკურენციის პირობებში.
ანუკა
უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენი ნონსენსური პროექტის კიდევ ერთი გმირი და შემოქმედი ანუკა ქებურიაა. იგი მოგვიანებით უერთდება ჩვენს დიალოგს. ფეხსაცმელი ის ატრიბუტია, რომლის გარეშე არა მარტო ალისა, საქალეთი ვერ იარსებებდა.
მეტიც, ეგრეთ წოდებული "შუზომანიით" დაავადებული სელებრითები, კაილი მინოუგი, კეიტ მოსი, შაკირა, კრისტინა აგილერა, ჯესიკა სიმფსონი, ლინდსი ლოჰანი, ფერჯი, ბიონსე, ჯესიკა ალბა, სარა ჯესიკა პარკერი და სხვები, რომლებიც უამრავ დროს, ენერგიას და რაც მთავარია, კოლოსალურ ფინანსებს უთმობენ მრავალფეროვანი კოლექციების შეძენას, ალბათ მძაფრ დეპრესიაში ჩაცვივდებოდნენ უფეხსაცმლოდ ან მათი ასორტიმენტის სიმცირის გამო.
ჩემი აზრით, ანა ქებურიამ ამ მხრივ მაგარი "ფიშკა" დაიჭირა, რაც საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში უწყობს ხელს მოდის ბიზნესში. ანუკა პროფესიით დიზაინერია. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დიზაინის შედარებით ვიწრო სპეციალობა აირჩია - ფეხსაცმლის დიზაინი.
დღესდღეობით მისი სფერო ქართული მოდის სივრცეში, ასე თუ ისე, ნაკლებკონკურენტულად შეიძლება ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ბიზნესის გაფართოებაზეც სერიოზულად ფიქრობს. მალე მომხმარებელს მისი მაღაზიის მონახულების შესაძლებლობა მიეცემა, სადაც ინდივიდუალური მოდელების გარდა, მასობრივი წარმოების პროდუქტის შეძენაც იქნება შესაძლებელი.
წარმატებები არც ანუკას შემოქმედებით დოსიეს აკლია. არის მოსკოვის დიზაინერთა ასოციაციის წევრი და ახალგაზრდა დიზაინერთა პრესტიჟული საერთაშორისო კონკურს "Русский силуэт"-ის გამარჯვებული.
ალისა-ელენე...ელენე-ალისა...
რაც შეეხება ალისას - ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა ელენე მახარაშვილი, ჩემი აზრით, ნატალია ვოდიანოვას ქართული ანალოგია. სლავური გარეგნობის ქართველი, რომლის კოსმოპოლიტური იმიჯითაც უკვე საფრანგეთსა და იაპონიაშიც სერიოზულად დაინტერესდნენ, 16 წლის ასაკში წარმატებული კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამს ევროპის პოდიუმებზე.
არადა, მოდის სამყაროში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა - "ფეისბუქზე" მომწერა ვიღაც ქალბატონმა, რომელიც შემდგომში რუსი აგენტი აღმოჩნდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ლამაზი გოგონების მოძიებით იყო დაკავებული" - იხსენებს ელენე... სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი სამოდელო კარიერაც.
ნონსენსი #3
...შიფონი, ატლასი, ნატურალური ბეწვი, ოქროსფერპრინტიანი შავი კაბები, ფერები, ფერები, ფერები... სითბო.
გარეთ ზამთარი. ქუჩის კუთხეებში მიყინული თოვლი და გამჭოლი ცივი ქარი...
გამოჰყევით ალისას გზას ნონსენსურ Fashion-სამყაროში, ეს ყველაფერი ხომ თქვენთვის იქმნება?!.
სოფო ბზეკალავა
ჟურნალი "ბომონდი"
(მარტის ნომერი)