მისი ნამუშევრები გამორჩეულია და მრავალფეროვანი. ყოველი ნაკეთობა განსხვავებულ განწყობას ქმნის, თუმცა თითოეულს ერთი რამ აერთიანებს - ავტორის შინაგანი სამყარო და ნიჭი.
იხილეთ ფოტოგალერეა
ავტორის მთავარი საიდუმლო შემოქმედებით პროცესში იბადება. ის არასდროს ითვალისწინებს მოდის ტენდენციებს და არ ბაძავს სხვას. როგორც ამბობს, მუზებს მიჰყვება, რომელთა ტყვეობაში ყოველთვისაა.
ყოველი კოლექცია ახალ-ახალ დეტალებს შეიცავს. მთავარი მიზეზი ის მასალაა, რომლისგანაც იქმნება ნამუშევრები.
ბოლო კოლექციისთვის მასალა კიევში შეიძინა. ფურნიტურის მაღაზია აღმოაჩინა, სადაც ორიგინალური ქვები და დეტალები იყიდებოდა. მაღაზიას საქმის მცოდნე კონსულტანტები ჰყავდა, რომლებმაც ყოველი დეტალის მნიშვნელობა აუხსნეს.
ასე გაჩნდა კოლექციაში მეტალის ელემენტები. ამშვენებდა: სოკოები, დანა-ჩანგალი, ქალის ფეხსაცმელი. მაია მათ სიმბოლურ მნიშვნელობაზე საუბრობს: დანა-ჩანგალი ნიშნავს, რომ არასდროს მოგშივდება; ქალის ფეხსაცმელი - ბედს, გასაღები კი - საქმის წარმატებით დაგვირგვინებას.
სამკაულებზე მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ ყოველი ნივთი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. არასდროს უნანია, რომ შრომატევად საქმეს შეეჭიდა.
ბოლო გამოფენას მაიამ ორიგინალური ფორმა მოუძებნა. დაბადების დღეზე ფეისბუკელ მეგობრებს მოუყარა თავი. ისინი ბევრნი არიან, - დაახლოებით 5000. ყველა არა, მაგრამ ვინც გამოფენაზე მივიდა, საშუალება ჰქონდა, მოერგო სასურველი ნივთი და ერთი საღამო მაინც ეტარებინა. ვისაც სურვილი ჰქონდა, ეს ნივთები შეიძინა.
მაიას შემოთავაზება აქვს საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და ესპანეთიდან. თუ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს ფარგლებს გარეთ უკეთ გაეცნობიან მის ნაკეთობებს. ახლა წარმატებით თანამშრომლობს სალონ "მარი გოლდთან"და ერთობლივი გეგმებიც აქვთ.
მაია მიქაშავიძე: "მახსოვს, პირველი სერიოზული გამოფენა საგამოფენო დარბაზ "კოპალაში"მოვაწყვე. გამოფენა მოდელმა კრისტი ყიფშიძემ გახსნა. ამ გამოფენამ წარმატება მომიტანა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ეს კრისტის დამსახურებაცაა. ყოველთვის მომწონდა, როგორც მოდელი. თუნდაც იმიტომ, რომ გარეგნობაში არანაირი კორექცია არ შეუტანია. გიორგი ცაავას ნამუშევრებს კრისტის "ფეისბუკის"გვერდზე გავეცანი და ძალიან მომეწონა.
ყოველთვის მინდოდა, ჩემი ნამუშევრების ფოტოსესია გადამეღო და რომ იტყვიან, გიორგის ბრმად ვენდე. იმედი გამიმართლდა. არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი აღმოჩნდა, სამაგალითო პიროვნება. კოლექციის ფოტოსესია ბუნებაში მოვაწყვეთ და ახლა სიამოვნებით წარვუდგენ "ბომონდის"ერთგულ მკითხველს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ქეთი დარჩია
ჟურნალი "ბომონდი"
(ივნისის ნომერი)