როდესაც ბატონ გურამს ვესტუმრე, ამ ადამიანის უბრალოებამ გამაოცა. იშვიათად შეხვდები პიროვნებას, რომელიც ცხოვრობს ზუსტად ისე, როგორც წერს, ყველა იმ ცხოვრებისეული პრინციპის გათვალისწინებით, რასაც მისი პერსონაჟები გვასწავლიან და ამავდროულად, თავისი საქმის უზომოდ ერთგულია.
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შემიძლია ვთქვა - სიკეთე და თავმდაბლობა, რაც ამ ადამიანიდან იღვრება, გადამდებია და მთელ საქართველოს ეყოფოდა, უფრო ხშირად რომ ვხედავდეთ. ის უამრავ წიგნს შორის დაფუსფუსებს, წიგნები კი ყველგანაა - თაროებზე, მაგიდებზე, სკამებზე, სამუშაო ოთახის იატაკზეც კი.
მისი მეუღლე, ქალბატონი ნათელა კი მუდამ თავს დასტრიალებს და ზრუნვით მოსვენებას არ აძლევს. საკმაოდ ვრცელი და სასიამოვნო საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველა ქართველი უნდა იცნობდეს მას პირადად - ეს ადამიანი აკეთილშობილებს.
არასდროს დამავიწყდება მოზრდილი ქვა, რომელიც დიდი მწერლის სამუშაო მაგიდაზე დევს. ეს ქვა წყლის წვეთებისგანაა გახვრეტილი. ბატონი გურამი მას თავის თილისმად მიიჩნევს და აღნიშნავს, აი, რა შეუძლია შრომასო.
ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანი უზომოდ სათნო და ხანდახან ბავშვურიც კია. იმ ოჯახიდან წამოყოლილი მუხტი ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება თან, ამის გადმოცემას კი ერთი და ორი აბზაცი ვერ ეყოფა; ადრე თუ გვიან, იმედი მაქვს, ვრცლად გიამბობთ.
თორნიკე ივანიშვილი
ჟურნალი ”და ქალი”
(სექტემბრის ნომერი)