ცნობილი ფრანგული მოდური გამოცემის რუსული ვერსია ქართული მოდისა და ხელოვნების ფესტივალზე, ART Georgia-ზე იმყოფებოდა.
სტატიაში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, Vogue-ი ყურადღებას ამახვილებს ცნობილ ქართულ მარკებსა და უახლეს თბილისურ მოდის ტენდენციებზე.
"ნოემბრის დასაწყისში ჩვენ მზიან საქართველოს ვესტუმრეთ და გაოცებულები დავრჩით არა მხოლოდ თბილი ამინდით, გონისდამკარგველად გემრიელი ადგილობრივი კერძებით და ენით გადმოუცემი ლამაზი ბუნებით, არამედ ქართველების საოცარი გემოვნებით და მათი დიზაინერების ნიჭით. გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ყველაზე საინტერესო აღმოჩენები.
Atelier Kikala-ს სამოსი
ქართული ბრენდი ეფუძნება სრულიად არაქართულ პრინციპს. მარკის მფლობელი ფოტოგრაფი და ბიზნესმენი მამუკა კიკალიშვილია, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს შექმნა თავისი პირველი მოდური კამპანია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ახალ კრეატიულ დირექტორთან, ნიჭიერ ლადო ბოკუჩავასთან ერთად გამოუშვა კოლექცია მაღალტექნოლოგიური მასალით, რომელიც ძირითადად ხელით იყო დამუშავებული. მრავალშრიანობას დამატებული მოცულობა და ნაზი ფერთა გამა - განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის Atelier Kikal-ს მოდელებს.
სოფო გონგლიაშვილის სამკაულები
მომხიბვლელი სოფო გონგლიაშვილი საკუთარი ხელით აკეთებს მასიურ და სულშიჩამწვდომ სამკაულებს. განსაკუთრებულია მისი ახალი კოლექცია, სახელწოდებით Angels Love: ბეჭდებს, ბროშებს და საყურეებს აქვს თვალები და არ აქვს პირი - ისინი ბავშვურ შიშებს გაგახსენებთ. თითოეულ ქმნილებაზე სოფოს მრავალსაათიანი დაუღალავი შრომა აქვს გაწეული.
სოფოს მიერ შექმნილი რამდენიმე ბეჭდის ფოტომ, ფაქტობრივად, ააფეთქა ჩვენი Instagram-ექაუნთი.
Lalo-ს ტრიკოტაჟი
შოურუმ Indexflat-ის წყალობით, მოსკოვში უკვე კარგა ხანია, ცნობილია ქართული მარკა Lalo. ხოლო მას მერე, რაც მოსკოვის it-გოგონები გამოეწყვნენ ტყუპი დების, ლალოსა და ნინო დოლიძეების ნაქსოვ ქმნილებებში, ისინი კიდევ უფრო პოპულარულები გახდნენ. გარდა მსხვილად ნაქსოვი ორ და სამფერი კარდიგანებისა, გოგოები ფაფუკ პალტოებსა და ელეგანტურ ქვედაბოლოსა და პულოვერისგან შემდგარ ორეულებს, კლასიკურ პულოვერებსა და სხვა მრავალ საინტერესო, ზამთრისთვის იდეალურად შესაფერის სამოსს ქმნიან.
Eloshi
ლელა ელოშვილი – 2005 წლის "რუსული სილუეტის" გამარჯვებულია, რომელმაც 2012 წელს საკუთარი კოლექცია გამოუშვა.
დიზაინერის ქმნილებები იმით არის უნიკალური, რომ ის ერთდროულად პრაქტიკულიც არის და აუტენტურიც: "ტალღისებური" ბუნებრივი სილუეტი და თავისუფალი ფორმები, გრაფიკული პრინტები და თბილი ფერთა პალიტრა. ხოლო შავი ლაბადა აბრეშუმის კანტებით – საუკეთესო სუვენირი იქნება თბილისიდან მოდის მიმდევარი ქალისთვის."
ჩვენი თბილისი
სად სჯობს იცხოვრო, მიირთვა და შეიძინო?
ამ განყოფილებაში გამოცემა გზამკვლევის როლშია და ტურისტებს სთავაზობს თბილისის საუკეთესო, უახლესი დიზაინით შექმნილ სასტუმროებს, კაფეებსა და მაღაზიებს.