ლონდონი ცნობილი "ანგელოზების" შესახვედრად ემზადება. გამოცემა Sun-ის ჟურნალისტი დენი ბუტონი დაინტერესდა, როგორია მსოფლიო მოდელების ყველაზე ექსკლუზიური სამყაროს შიდა სამზარეულო და როცა დეტალები შეიტყო, ძალიან შეშფოთდა.
Victoria’s Secret-ის 8-ვე ტოპ-მოდელი, მათ შორის, ბეჰატი პრინსლუ და ლილი ოლდრიჯი უკვე დაბინავდნენ ფეშენებელურ სასტუმრო The London Edition-ში. მათთვის და კიდევ 40 მოდელისთვის სასტუმროს 2 სართულია დაჯავშნილი, სადაც უცხოების შესვლა მკაცრად აკრძალულია, ხოლო მოდელების დღის განრიგი სამხედრო რეჟიმს ჰგავს და კიდევ უფრო სასტიკია.
ბრენდის მთავარი შოუ უკვე მეორედ იმართება აშშ-ის ფარგლებს მიღმა. აქამდე, 2000 წელს, "ანგელოზებმა" ბრენდი საფრანგეთის კანში წარადგინეს. ახლა კი წლის მთავარი შოუსთვის ბრიტანული ერლს კორტ არენა გახსნის კარს.
სასტუმრომ, სადაც პოდიუმის ვარსკვლავები იცხოვრებენ, სრულიად შეცვალა რესტორნის მენიუ და ახლა მასში შედის მხოლოდ ულტრა-ჯანმრთელი კერძები, თითო მოდელის დღის რაციონი მაქსიმუმ 500 კალორიას უნდა შეიცავდეს.
სატრენაჟორო დარბაზი უფრო დიდი ხნით იქნება ღია, რათა მოდელებმა დილიდან გვიან ღამემდე შეძლონ ვარჯიში. ხოლო 2 დეკემბრიდან სასტუმროში უმკაცრესი კომენდანტის საათი გამოცხადდება.
მოდელებს შოუს განმავლობაში მკაცრად ეკრძალებათ ნათესავებთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან და უბრალოდ ნაცნობებთან შეხვედრა. გამონაკლისია მხოლოდ 2 მოდელი. Maroon 5-ის სოლისტს, ადამ ლევაინს ხვდა პატივი, რომ შეხვდეს ხოლმე ცოლ ბეჰატი პრინსლუს, როცა მოესურვება. ასევე შეუძლია მეუღლე, ლილი ოლდრიჯი ინახულოს ჯგუფ Kings of leon-ის მომღერალს, კალებ ფელოუს.
საიდუმლო წყარომ თავად ბრენდის შიდა სამზარეულოდან პრესას ასევე მოუთხრო: "ბოსმა, ედ რაცეკმა ძალიან მკაცრი წესები შემოიღო გოგონებისთვის. ის "ანგელოზებს" სპორტსმენებად მიიჩნევს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ მკაცრად აჯარიმებს გოგონებს წესებისა და შიდა რეჟიმის დარღვევისთვის. შოუ მზადდება, როგორც ნამდვილი სამხედრო ოპერაცია და ის იქნება ყველაზე გრანდიოზული Victoria’s Secret-ის არსებობის მანძილზე."
ორგანიზატორებმა უკვე გაამხილეს, რომ წარმოდგენილი იქნება 2 მილიონ დოლარად ღირებული ფანტასმაგორიული ბიუსტჰალტერები, რომლებიც მოოჭვილია ლალებით, საფირონებითა და ბრილიანტებით.
შოუში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ტეილორ სვიფტი, ედ შირანი, ადრიანა გრანდე და სხვა ვარსკვლავები.
Victoria’s Secret-ის ლონდონურ შოუს 192 ქვეყანა აჩვენებს და მხოლოდ აშშ-ში მას 10 მილიონი მაყურებელი ეყოლება.
მასალის წყარო: Sun