წარმოშობით ამერიკელია, მსოფლმხედველობით - ფრანგი, ცხოვრების წესით - ინგლისელი. 62 წლისაა, გამხდარი, შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი თმით. მზერა - გამჭოლი აქვს, ირონიული და მრავლისმეტყველი.
მას ჯოან ჯულიეტ ბაკი ჰქვია და იგი პარიზული VOGUE-ის ისტორიაში ყველაზე ინტელექტუალური მთავარი რედაქტორი გახლდათ 90-იანი წლების მეორე ნახევარში. ამავდროულად, არის მწერალი და მსახიობი...
1994 წელია. პარიზში თოვს... ცივა. ჯულიეტს ხელები მკერდზე გადაუჯვარედინებია და ქვაფენილს თავჩაქინდრული მიუყვება. რა უიღბლოა! როგორ არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. გუშინ მისთვის ყველაფერი დამთავრდა, სამყარო დაბნელდა და წყვდიადში აღმოჩნდა... მიატოვა... მაინც მიატოვა, არადა, მიყვარხარო, არწმუნებდა.
აი, ამ ფიფქივით დადნა, ტუჩზე რომ დაეცა... რა ჭუჭყიანი ჩანს ცა, როცა თოვს. ფანტელები კი თითქოს თავბრუდამხვევ ვალსს ცეკვავენ... რა რთული დღე ჰქონდა დღეს... კონდე ნასტის პრეზიდენტმა დაიბარა... დიდხანს ესაუბრა ჯონათანი, ტვინი გაუბურღა. შენ შეძლებო, ასეო, ისეო, დიდ იმედებს ვამყარებთო შენზეო, უარი არ თქვაო... ამანაც - მოვიფიქრებო და წამოვიდა.
როგორ მოიქცეს? რა უთხრას? ჰო თუ არა? რატომ "ჰო"? და "არა" რატომ? ბოლოს და ბოლოს, რას კარგავს, თუ მის წინადადებას დათანხმდება? ასეთი სერიოზული ჟურნალის რედაქტორობა რითია ცუდი? თუ პირად ცხოვრებაში არ უმართლებს, კარიერაში მაინც გაუმართლოს იქნებ...
თუმცა, სახელი და დიდება არ აკლია. ათი წლის წინათაც ხომ შესთავაზეს VOGUE-ის რედაქტორობა. გაეღიმა. გაახსენდა, როგორ აღშფოთდა მაშინ: "როგორ მიბედავთ! მე ხომ ინტელექტუალი ვარ!" - აი, ასე ამაყად განაცხადა და ხელმძღვანელობას კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
ახლა კი... ახლა სხვა დროა, ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ. არა, უნდა დათანხმდეს... მაგრამ ის რომ არ არის მოდის სამყაროდან? რომ არაფერი გაეგება ამ ინდუსტრიის? სიგიჟე იქნება, მაგრამ ცდის, ნახავს, რა გამოვა. მას ხომ აქვს ასეთ ჟურნალებში მუშაობის გამოცდილება! მუშაობდა ჟურნალ Glamour-ში, ახალ წიგნებზე რეცენზიებს წერდა, სწორედ მაშინ დაიმატა მეორე სახელი ჯულიეტი, ბებიის პატივსაცემად.
23 წლის რომ გახდა, ბრიტანული VOGUE-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი გახდა. მუშაობდა კორესპონდენტად Women’s Wear Daily-ში რომსა და ლონდონში, უძღვებოდა სვეტებს ამერიკულ VOGUE-სა და The New Yorker-ში, მიმოიხილავდა ფილმებს Vanity Fair-ში.
ჰოდა, რა მოხდა, ხვალიდან მოდის კანონმდებელიც გახდება... შემცივნებულმა ჯოანმა თავი ასწია, ფიფქებს გაუღიმა და ნაბიჯს აუჩქარა.
მეორე დღეს თანხმობა განაცხადა, ხოლო მესამე დღეს მუშაობას შეუდგა.
პირველი თათბირი იმავე დღეს მოიწვია. შეცბუნებული თანამშრომლები გამომცდელად აკვირდებოდნენ. არ იცოდნენ, როგორი აღმოჩნდებოდა ახალი ხელმძღვანელი. თვითონაც დაძაბული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა...
- მე თქვენი ახალი რედაქტორი ვარ. დღეს მომავალი თვის ნომერი უნდა დავგეგმოთ... დავიწყოთ? - გაუბედავად წარმოთქვა.
- სასიამოვნოა... დავიწყოთ, - გაისმა აქეთ-იქიდან.
ბაკმა ერთხელ კიდევ გადახედა თანამშრომლებს და ამჯერად უკვე ოფიციალური ტონით გააგრძელა.
- ამიერიდან ჟურნალში აღარ იქნება ფრაზა: "წლევანდელ შემოდგომაზე მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა გაიბრწყინა".
უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. ჯოანმა ამას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო.
- ფრანგ ქალს არ სჭირდება ჟურნალი, რომელიც მოუთხრობს, თუ როგორ ჩაიცვას. ეს მან ისედაც იცის. მას უკვე აქვს შავი სვიტერი, რომელსაც თქვენ "ამ თვეში შესაძენს" უწოდებთ. ფრანგი ერი ინტელექტუალია, აქ უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი უკიდურესად მომთხოვნი არიან იმაზე, რაშიც თავიანთ ფულს და დროს ხარჯავენ.
აი, სწორედ ამ დონეს უნდა გავუტოლდეთ. ფრანგებს ჟურნალიც ინტელექტუალური სჭირდებათ!
...თათბირის შემდეგ, თანამშრომლების თითქმის ნახევარმა, მათ შორის, პასუხისმგებელმა რედაქტორმა, განცხადება დაწერა გათავისუფლების თაობაზე... იფიქრეს, გიჟი გამოგვიგზავნესო მთავარ რედაქტორად...
არადა...
- ის, რომ ჟურნალი მოდაზეა, სულაც არ ნიშნავს, რომ ქარაფშუტებისთვის კეთდება. ჟურნალს ინტელექტიც უნდა ეტყობოდეს! - დაჟინებით ითხოვდა ბაკი.
და აი, პირველი ნომერიც... მისი რედაქტორობით! ჟურნალში ტექსტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, იგი უკვე აღარ იყო დახუნძლული მხოლოდ "ქარაფშუტული" ფოტოებით. გაჩნდა რეგულარული რუბრიკა: "ფილოსოფია", სადაც გამოცდილი ადამიანები პასუხობდნენ მარადიულ კითხვებზე სპინოზას, პლატონისა და კანტის შეხედულებებზე დაყრდნობით.
ეს ნამდვილი სენსაცია იყო. სენსაცია, რომელმაც სერიოზული გავლენა იქონია ფრანგული VOGUE-ს ტირაჟზე... მასზე მოთხოვნა გაიზარდა.
ჯოან ჯულიეტი ამაზე არ გაჩერებულა. მას მეტი უნდოდა. იდეები ჰქონდა, მხოლოდ მათი განხორციელება იყო საჭირო.
განახორციელა კიდეც.
ის, რაც მან გააკეთა, ნამდვილი რევოლუცია იყო მოდის ინდუსტრიაში! ეს მოხდა შობამდე ერთი თვით ადრე, როცა შემოქმედებითი ჯგუფი დეკემბრის ნომერზე მუშაობდა. ჯოანმა კვლავ მოიწვია თათბირი და ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო.
- VOGUE-ში ყოველთვის ასეთი ტრადიცია იყო: აუცილებლად უნდა გაგეშუქებინათ სახელგანთქმული პერსონები: დიზაინერები, სუპერმოდელები, ვიპ-პერსონები... განა ცუდია, როცა ათვალიერებ მათი ბავშვობის ფოტოებს, ძვირად ღირებულ ფოტოსესიებს გულისამაჩუყებელი წარწერებით, როცა ეცნობი მათი შთაგონების წყაროს...
მაგრამ მე სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე - მინდა საშობაო ნომერი ტრადიციული არ გამოვიდეს! ჩემი სურვილია, მივუძღვნა ეს ნომერი იმ ადამიანებს, ვინც წერდა და მუშაობდა ჩვენი ჟურნალისთვის მთელი წლის განმავლობაში - ანუ ჩვენს ავტორებს. ეს ერთგვარი ჯილდო იქნება მათთვის, გაწეული შრომისთვის!
ვის ჰქონდა ორი თავი, შეპასუხებოდა? არავის! და...
1994-95 წლის VOGUE-ს პირველი, დეკემბერ-იანვრის ნომერი ბაკმა კინემატოგრაფის მეასე წლისთავს მიუძღვნა და გარეკანზე მარლენ დიტრიხის შავ-თეთრი ფოტო განათავსა. ოოო! რამდენ ხანს ლაპარაკობდნენ ამ ნომერზე! მთელი წელი!
მომდევნო ნომერი მუსიკალური გამოვიდა, შემდეგი კი - "მოდა და არტი", კულტურულ-საგანმანათლებლო - დაიბეჭდა სტატიები როდჩენკოს, მაიაკოვსკის, ოსკარ შლემერისა და ჯექსონ პოლაკის შემოქმედებაზე, თავისი ფოტომასალებით.
დასამახსოვრებელი იყო 2000 წლის დეკემბრის ნომერიც, რომლის თემა გახლდათ: "ვინ არის ვინ" და რომელიც ჯულიეტ ბაკმა მსოფლიოს უძველეს, საუკუნოვან თეატრებს მიუძღვნა. განსაკუთრებულად ხაზგასმით მოდის თაყვანისმცემლები იმ ორ ნომერს იხსენებენ, რომელიც მეცნიერებასა და სიყვარულს მიუძღვნა.
პირველის თემა გახლდათ "მოდა და მეცნიერება. მომავლის არქივები". იგი 1998 წელს გამოვიდა. მასში იხილავდით არა მხოლოდ პოსტაპოკალიფსური ანტურაჟით შექმნილ ფუტურისტულ ფოტოსესიებს, არამედ ინტერვიუებს ფრანგ პალეანთოლოგებთან, კვანტური ფიზიკის მეცნიერებთან, ისტორიკოსებთან, მათემატიკოსებთან...
ბოტანიკოსი დაკიდებული ბაღების განაშენიანებაზე საუბრობდა, პროფესორი თავის ტვინის ტომოგრაფიაზე, და ეს ყველაფერი ილუსტრაციებით.
ეგზოტიკურ სანაპიროებზე მოგზაურობის ნაცვლად, კორესპონდენტები გაემგზავრნენ მაღალმთიან ობსერვატორიებში, აღმოჩნდნენ პოლარული ატომმავალის ბორტზე, ბირთვული გამოკვლევების ცენტრში და ბაიკანურის კოსმოდრომზე...
- არასდროს დამავიწყდება, ეს ნომერი რომ დავგეგმეთ, - იცინის ჯოანა, - ყველას უკვირდა, როგორ დამრთეს ამის ნება. სხვათა შორის, მეც. მაგრამ გამიჩნდა იდეა, გავუზიარე თანამშრომლებს და ყველანი, როგორც ყოველთვის, კმაყოფილნი დარჩნენ. ის კი არა, მოდის რედაქტორმა, კაროლინ ვან დერ ვორტმა გამომიცხადა, სპეციალობით მათემატიკის ბაკალავრი ვარო.
საოცრება მოხდა, სტილისტი დელფინ ტრეანტონი ფიზიკოსი აღმოჩნდა, ფოტოგრაფი ერიკ ტრაორეც. იგი მიმტკიცებდა კიდეც, მეცნიერება მოდასთან ძალიან ახლოს დგასო. ჰოდა, ასე, ჩვენ, ოთხმა ადამიანმა დავგეგმეთ ეს უჩვეულო ნომერი.
ახალ ათასწლეულს ბაკი ახლებურად შეხვდა - ჟურნალის ყდას შიშველი მოდელი ამშვენებდა, ბიბლიური ევას ამპლუაში და ნომრის თემაც სიყვარული გახლდათ.
- როცა ფრანგები ამბობენ სიტყვა ამოურ-ს, ისინი გულისხმობენ ფიზიკურ ლტოლვას, მე კი უფრო შინაგან მგრძნობელობაზე მსურდა აქცენტის გამახვილება.
ამაზე არ დამეთანხმნენ, "გადამიბირეს" და გავაკეთეთ ნომერი სექსზე. ფოტოსესიებში მოდელები პოზირებდნენ წინდებში, ბანდაჟებსა და ბიკინებში, მაცდურად გაშლილი ფეხებით. გარდა ამისა, გამოვაქვეყნე ჟორჟ სანდის ერთ-ერთი სასიყვარულო წერილი. რომ კითხულობ, თითქოს ერთობ რომანტიკული ეპისტოლეა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, აზრს ჩასწვდები, წმინდა პორნოგრაფია გამოდის, - კვლავ ეცინება.
მიუხედავად ამისა, ბაკმა თავისი გაიტანა. ნახევრად შიშველი მოდელების პარალელურად, ჟურნალში უხვად იხილავდით პასკალის, სოფოკლესა და შარლოტა ბრონტეს სასიყვარულო გამონათქვამებს.
ბაკის ასეთი მიდგომა პარიზმა ერთსულოვნად მიიღო. ჟურნალის ტირაჟი ლამის გაორმაგდა. "ეს ქალი საოცრად ჭკვიანია, გაწონასწორებული და სიტყვების შერჩევის ნამდვილი დიდოსტატი. მსახიობურ ნიჭს დახვეწილად იყენებს სტატიების წერის დროსაც", - აღფრთოვანებით ამბობდნენ პარიზელები.
დღეს კი...
დღეს ჯოან ჯულიეტ ბაკი არათუ არ კითხულობს ფრანგულ VOGUE-ს, არც კი ფურცლავს მას.
- ძნელია, წაიკითხო ჟურნალი, რომლის რედაქტორიც იყავი. ასეთ დროს ყოველთვის შედარების სურვილი გიჩნდება, რომ შენ სხვანაირ ნომერს გააკეთებდი. მე კი ეს არ მინდა. მეშინია, კვლავ არ ჩამითრიოს. დამღალა მოდამ. მოდის სამყაროს ადამიანები ჩაკეტილები არიან, მუდამ ჩასაფრებულნი და ნერვიულნი. არ მინდა მათ დავემსგავსო.
მე მინდა, ბედნიერი ვიყო. ასე გადავწყვიტე, რაც VOGUE-დან წამოვედი. მომბეზრდა უბედურად ვგრძნობდე თავს, რაოდენ სერიოზული მიზეზიც უნდა მქონდეს ამისთვის!
აი, ქალი! მოდით და შეეკამათეთ!
სვეტა კვარაცხელია
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)