გარდერობში როგორც ტანსაცმლის, ასევე, თეთრეულის, ფეხსაცმლის, სეზონური სამოსის, ძვირფასეულობისა და ათასი წვრილმანის შენახვა შეიძლება.
ამიტომ გარდერობის ყიდვისას დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თუკი იმის ფუფუნება გაქვთ, რომ გარდერობის ოთახი მოიწყოთ, ამას არაფერი სჯობს, მაგრამ სტანდარტულ ბინაში გირჩევთ ისეთი კარადა შეიძინოთ, სადაც მინიმუმ, ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებსა და აქსესუარებს შეინახავთ.
იმისთვის, რომ კარადა თანამედროვე სტანდარტებს არ ჩამორჩებოდეს და იდეალურად შეძლოთ, მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ გარდერობში აუცილებლად უნდა ეტეოდეს:
ფოტოსთვის შევარჩიეთ "ემბავუდის" გარდერობი, რომელშიც ძალიან მოსახერხებლად არის მოთავსებული ყველა საჭირო ნივთი.
შალის ნივთები
სანამ თბილ სვიტერებს შეინახავდეთ, ისინი უნდა გარეცხოთ. მათი საკიდზე ჩამოკიდება დაუშვებელია, ფორმას დაკარგავს. აკურატულად დაკეცეთ და მუყაოს ან პლასტიკატის ყუთში მოათავსეთ. ყუთში არ დაგავიწყდეთ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალების ჩადება.
ქურთუკები, პალტოები
ქურთუკები, პალტოები და მანტოები უმჯობესია, საკიდზე ჩამოჰკიდოთ და ბამბის ან სხვა ჰაერგამტარი პაკეტი ჩამოაცვათ. თუ დასაკიდი სამოსისთვის ადგილი არ გაქვთ, ზედა სამოსი ისე დაკეცეთ, რომ სარჩული გარედან მოექცეს, ნაჭრის ტომრებში მოათავსეთ და კარადის თაროებზე გაშლილად დადეთ.
ბეწვის სამოსი
განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს ბეწვის სამოსის შენახვა. ზოგიერთ ქიმწმენდასა და ბეწვის სალონს აქვს შესანახი განყოფილება, სადაც თქვენი ძვირფასი სამოსი შეგიძლიათ მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩააბაროთ.
ფეხსაცმელი
შენახვამდე ფეხსაცმელი უნდა გაწმინდოთ და კარგად გაამშრალოთ. ზოგჯერ ფეხსაცმელს სპეციალური ჩასაფენი მოჰყვება, შენახვისას ფორმა რომ არ დაკარგოს. თუ ასეთი არ მოგეპოვებათ, გაზეთით ჩაანაცვლეთ. ჩატენეთ ფეხსაცმელში დაკუჭული გაზეთი, რათა ფორმა შეინარჩუნოს.
ფეხსაცმელი აუცილებლად მუყაოს ან პლასტიკატის ყუთში უნდა შეინახოთ. დაუშვებელია მისი პოლიეთილენის პაკეტში შენახვა.
აქსესუარები და დეკორაციები
იდეალურ კარადას უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც რამდენიმე მოზრდილი ყუთი დაეტევა. მათში შესაძლოა შეინახოთ ახალი წლისთვის განკუთვნილი დეკორაციები, სამკაული, რომელიც არ იცით, სად წაიღოთ ან ბავშვის სათამაშოები, რომლებიც გსურთ, თვალს მოარიდოთ.
დაბოლოს, სამოსის კარადაში ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს, მუყაოს ყუთში ან კარადის უჯრებზე, სადაც სამოსს მოათავსებთ, ლავანდის, კედრის ან კვიპაროსის ეთერზეთში დასველებული ბამბის დისკი მოათავსეთ. აგრეთვე, შეგიძლიათ კარადაში ჩრჩილის საწინააღმდეგო მცენარეების ტომარა ჩამოჰკიდოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი პერიოდულად უნდა შეცვალოთ, რათა ეფექტი შეინარჩუნონ.