გასული წელი მოდის სამყაროსთვის ნაკლებად ხმაურიანი და დატვირთული იყო. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორც ჩანს, დიზაინერებს მეტი სითამამისა და ექსპერიმენტისკენ უბიძგა. შესაბამისად, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები სავსეა სიახლეებით, განსაკუთრებული ფერებითა და გამორჩეული აქსესუარებით. ვნახოთ, რას გვკარნახობს ახალი ტენდენციები:
დიდი ზომის (Oversized) პიჯაკები
შექმენით ლუქი და ითამაშეთ 80-იანი წლების ფორმებით. მხრების ბალიშები და განიერი სახელოები თქვენს წელს კიდევ უფრო ლამაზ ფორმას მიანიჭებს და სილუეტს კიდევ უფრო დააგრძელებს. თუკი დიდი ზომის პიჯაკს კლასიკურ, ნაკლებად გამოყვანილ ჯინსს ან ტყავის მოკლე შარვალს მოუხდენთ, თქვენი ლუქი ნამდვილად იქნება ტრენდული ამ სეზონისთვის. ამ სტილს განსაკუთრებით უხდება ნეიტრალური, ნაკლებად მყვირალა და მკვეთრი ფერები.
შავი ფერის სახის ნიღბები
პანდემიის პირობებში სახის ნიღაბი ყველა ჩვენგანის ერთგული მეგობარი და საჭირო აქსესუარი გახდა. ვირუსისგან თავის დაცვის ამ საშუალებამ მოდის სამყაროშიც დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და დღეს ტრენდულად მიიჩნევა შავი ფერის პირბადეები. უმჯობესია, თუ უპირატესობას მიანიჭებთ აბრეშუმის ქსოვილს, რომელიც თქვენს ლუქს მეტ დახვეწილობას შესძენს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პრინტი და ორნამენტიც. ამ სტილის ნიღბების შეუზღუდავი შესაძლებლობა საშუალებას გაძლევთ, დაფარული სახითაც კი, მიმზიდველად და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.
ფერადი თავსაფრები
2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში დიზაინერები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თავსაფრებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, 50-იანი და 60-ანი წლების სტილს მოგაგონებთ. ფერადი აბრეშუმის ნაჭრები, მკვეთრი ფერებით, ყვავილებითა და განსხვავებული ორნამენტებით თქვენი ლუქის განუყოფელი ნაწილი გახდება. შეგიძლიათ დაიმაგროთ ის ერთი მარტივი კვანძით ნიკაპის ქვეშ, შეიკრათ კისერთან ან გამოიყენოთ ორივე ფორმა ერთად - ჯერ შეკრათ ნიკაპთან, შემდეგ კი კისერთან. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ, გამოიყურებოდეთ დახვეწილად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ყვითელი ჩანთები
ყვითელი ჩანთები ამ სეზონის ნამდვილი ტრენდია. მას ყველგან შეხვდებით - როგორც მოდის კვირეულებზე, ისე ქუჩებში. მისი მორგება მარტივია, რადგან ყვითელი ფერის უამრავი ტონალობა საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, მოარგოთ ის საკუთარ ლუქს და შესძინოთ მას განსაკუთრებული ელფერი. პატარა ყვითელი ჩანთა გამოგადგებათ როგორც ოფიციალურ შეხვედრაზე, ისე საღამოს, მეგობრებთან ერთად გასეირნებისას, ან თუნდაც კინოსა და თეატრში სტუმრობისას.
თეთრი ჩექმები
თეთრი, მუხლამდე ჩექმა 60-იანი წლების ინსპირაციაა. ის აუცილებლად მოგაგონებთ ნენსი სინატრას სტილს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებით დახვეწილი და კლასიკური გემოვნებით. გასული საუკუნის ეს რევოლუციური სტილი დღეს საოცარი პოპულარობით სარგებლობს. იმისთვის, რომ თეთრი ჩექმით თქვენი ლუქი ყურადღების ცენტრში მოექცეს, ჩაიცვით ის შედარებით მოკლე კაბასთან, შეურჩიეთ ნეიტრალური ფერები და ნუ ეცდებით, გადაფაროთ რომელიმე აქსესუარით.
ბაცი ლურჯი ფერის აქსესუარები
ბაცი ლურჯი აქსესუარებით თქვენ აუცილებლად გახდებით ყველასგან გამორჩეული და მოექცევით ყურადღების ცენტრში. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტრენდი შეუზღუდავ შესაძლებლობას გვთავაზობს - პატარა ზომის ჩანთიდან დაწყებული, ქუდით დამთავრებული - თქვენ შეგიძლიათ მოირგოთ ნებისმიერი აქსესუარი და გამოკვეთოთ თქვენი სტილი. როცა ამ რჩევის გათვალისწინებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, რომ ნათელი ელფერი მუქ ჩრდილებში კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება. ამიტომ ბაცი ლურჯი ჩანთის, ყელსახვევის, ქუდისა თუ სხვა ნივთის გამოყენებისას, უმჯობესია, თუ შავ ან ნაცრისფერ სამოსს ჩაიცვამთ.